იტალიური აპერიტივის ტრადიცია

საკნატუნო ამბები

11 აგვისტო 13:00
64

აპერიტივის ტრადიცია ბევრ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ სწორედ იტალიაში იქცა ის კულტურულ მოვლენად. სწორედ იტალიაშია aperitivo ნამდვილი მოქმედება, რომელიც მშობლიური ქალაქის ვიწრო და მყუდრო ქუჩაში დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ დასვენებასა და მეგობრებთან დროის გატარებას გულისხმობს.

ისტორია



ჭამის წინ ალკოჰოლის მიღების ტრადიცია, იმისთვის, რომ მადა გააღვიძოს და საჭმლის მონელებას ხელი შეუწყოს, 1920-იან წლებში მილანში გაჩნდა. თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, ეს ორი ათასი წლის წინათ უძველეს რომში ჩამოყალიბდა. მაშინ პატრიციები მსუყე და ნოყიერი გვიანი სადილის წინ აგემოვნებდნენ ალკოჰოლს.

და მაინც, აპერიტივმა ფართო გავრცელება XVIII საუკუნეში ვერმუტის გამოგონების შემდეგ მიიღო.
1786 წელს ტურინში ღვინის ახალგაზრდა გამყიდველმა ბენედეტო კაპრანომ მუსკატის თეთრი ღვინო ბალახებითა და სანელებლებით შეაზავა. ახალ სასმელს მან „ვერმუტი“ უწოდა, რაც გერმანულად „აბზინდას“ (იგივე „ავშანი“) ნიშნავს.


გადმოცემის მიხედვით, ახალგაზრდა კაპრანომ ერთი ყუთი ვერმუტი გასასინჯად მეფე ვიქტორ-ემანუილ II-ს მიართვა. მეფემ ვერმუტს punt e mes უწოდა, რაც „ერთ სიტკბოსა და ნახევარ სიმწარეს“ ნიშნავდა. სასმელის გავრცელებას ხელი შეუწყო მისმა შედარებით დაბალმა ფასმაც. XIX საუკუნეში ფრანჩესკო და კარლო ჩინზანოებმა ამ სასმელის წარმოება გახსნეს. მალე მათ მაგალითს სხვებმაც მიბაძეს.

ბედნიერი საათზე არ იყურება



დღეს იტალიური აპერიტივი ე.წ. „ბედნიერი საათის“ (happy hour) მარკეტინგულ სვლასაც ითვალისწინებს. პირველად „ბედნიერი საათი“ 1960 წლების აშშ-ში გაჩნდა, როცა რესტორნებმა და ბარებმა გარკვეულ საათებში გარკვეულ ალკოჰოლზე ფასდაკლება შემოიღეს. მაგრამ უკვე 1984 წელს მასაჩუსეტსი პირველი შტატი იყო, რომელმაც ეს წესი აკრძალა, რადგან ამერიკელები ამ ტრადიციას ბოროტად იყენებდნენ და ლოთობად აქციეს.


იტალიაში კი აპერიტივის დრო საღამოს ექვსიდან ცხრის ნახევრამდეა. იტალიური ტრადიციის მშვენება ისაა, რომ, ალკოჰოლთან ერთად, მსუბუქ საკვებს მიირთმევენ ან სულაც შვედურ მაგიდას აწყობენ. აპერიტივთან შემოგთავაზებენ თხილს, ზეთის ხილს, ყველს და ზოგჯერ პიცასაც, ხოლო აპერიტივის ბოლოს ზოგჯერ დესერტიც მოაქვთ.


ახალგაზრდებსა და წინდახედულ ტურისტებს აპერიტივი ზოგჯერ ვახშამსაც უცვლის.


კოქტეილების მრავალფეროვნება



აპერიტივზე, როგორც წესი, უკვეთენ კოქტეილ სპრიტცს (Spritz), ბელინის (Bellini) ანდა როსინის (Rossini), რომლებიც მშრალი ცქრიალა ღვინოების საფუძველზე მზადდება.


აპერიტივისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია „აპეროლ სპრიტცი“ (Aperol Spritz). როგორც ამბობენ, სპრიტცი ვენეტოს რეგიონში XIX საუკუნეში შეიქმნა. ავსტრიელმა ჯარისკაცებმა იტალიური ღვინის გაზიანი წყლით გაზავება დაიწყეს, რათა ის მაგარი არ ყოფილიყო. მოგვიანებით სასმელში უკვე მაგარ ლიქიორებსაც (ბიტერებს) უმატებდნენ.
სპრიტცის ტრადიციული რეცეპტი ასეთია: 1/3 აპეროლი, 1/3 პროსეკო და 1/3 გაზიანი წყალი. კოქტეილს აფორმებენ ზეთისხილითა და ფორთოხლით და ყინულთან ერთად მიირთმევენ.

წყარო: vokrugsveta.ru