ბავშვების საახალწლო სურვილები - „შპარგალკა“ მშობლებისთვის

საკნატუნო ამბები

25 დეკემბერი 17:00, 2018 წელი

რატომ გიყვარს ახალი წელი და რას ისურვებდი საჩუქრად თოვლის ბაბუისგან? „ფანთაიმის“ მიერ დასმულ ამ კითხვებს ისეთი საინტერესო და გულწრფელი პასუხები გასცეს პატარებმა, არ შეგვეძლო, თქვენთვისაც არ გაგვეზიარებინა...

ტასო თოლორდავა, 10 წლის



ვგიჟდები ახალ წელზე, იმიტომ, რომ ჩემს ოჯახში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით და ხან ვმღერით, ხან ვცეკვავთ, ვერთობით. ნაძვის ხის მორთვა ჩემი საყვარელი პროცესია. კერძების მომზადების პროცესშიც ვერთვები და განსაკუთრებით მიყვარს გოზინაყი. თოვლის ბაბუის ცოტათი მჯერა. რომ ვთქვა, მთელი გულით და სულით მასზე ვფიქრობ-მეთქი, ეგრე არ არის. თუმცა, მის არსებობას ბოლომდე არ გამოვრიცხავ. იშვიათად წერილსაც ვუგზავნი. შეიძლება წელსაც მივწერო, რატომაც არა? ძალიან მინდა სახატავი კრებული და სკეიტბორდი. რასაც კი ბორბლები აქვს, ყველაფრის მართვა ვიცი. ერთადერთი სკეიტბორდის არ ვიცი და მინდა, ვისწავლო. თოვლის ბაბუას რომ შევხვდე, დიდ მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ არსებობს და ვკითხავდი, რატომ გადაწყვიტა, ასე გაახაროს ბავშვები. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, აბსოლუტურად ყველა ბავშვის სურვილს შევასრულებდი.


თიკა ინწკირველი 9



ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, საჩუქრებს ვიღებ და ნაძვის ხეს ვრთავ. ხანდახან ისე ვზოზინებ საჩუქრების გახსნის დროს, რომ ყველა იღლება, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ საჩუქრების გახსნა ყველაზე ძალიან მსიამოვნებს. მეც ვჩუქნი საჩუქრებს და ისიც მიყვარს, როდესაც მე მჩუქნიან. ჩემი აზრით, თოვლის ბაბუა არსებობს. ყოველ წელს ვუწერ წერილს და ხეზე ვტოვებ, მერე მოდის თოვლის ბაბუა და მიაქვს ჩემი წერილი. წელს მინდა, დავაბარო შინშილა, ძალიან საყვარელი, ფუმფულა ცხოველია, ციყვს ჰგავს. უბრალოდ, მსუქანაა და მრგვალი. ნამდვილ თოვლის ბაბუას რომ შევხვდე, ვკითხავდი, თავისი ირმებიდან რომელი უყვარს ყველაზე მეტად და რატომ. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, ყველას მივუტანდი საჩუქრებს, მაგრამ ვინც ცუდად იქცევა, იმას მივუტანდი ქვებს.


 


მარიამ ქსოვრელი, 3 წლის



ახალი წელი მიყვარს, ნაძვის ხე უკვე მოვრთე. ძალიან მიხარია. სულ ვამბობ, როდის მოვა ახალი წელი და როდის მოვა სანტა-მეთქი. თოვლის ბაბუას წერილი დავუწერე და სანტას სახლში, ლაპლანდიაში ჩემი წერილი უკვე გამოჩნდა. ახალ წელს მინდა, თოვლის ბაბუამ მომიტანოს სათამაშო მაცივარი, სათამაშო კარადა, სახატავი დაფა, უგები, სათამაშო სარეცხი მანქანა და ჩემი დაიკო ნიასთვის თოჯინის ჩასაჯდომი სკამი. ახალი წლის დილას ნაძვის ხის ქვეშ დამხვდება საჩუქრები. ვიტყვი, არ არის საჩუქრები-თქო, მერე სიურპრიზს გავუკეთებ ყველას და უცებ გამოვაჩენ.


თარაშ თოლორდავა, 6 წლის



ახალი წელი ძალიან მაგარი დღესასწაულია. თოვლი მოდის ხოლმე და ვგუნდაობ. საჩუქრებიც მიხარია და მინდა, რომ წელს თოვლის ბაბუამ მომიტანოს მაინკრაფტის ლეგო. კიდევ მინდა სათამაშო მანქანები. თოვლის ბაბუისთვის წერილი ჯერ არ დამიწერია, მაგრამ აი, მეცადინეობას რომ მოვრჩები, დავუწერ. მერე ფერია მოვა და ჩემს წერილს წაიღებს. თოვლის ბაბუა ძალიან მაგარია, ირმები ჰყავს, რომლებიც დაქრიან და დაფრინავენ. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, მეც ირმებთან ერთად ვიფრენდი და ყველა ბავშვს დავასაჩუქრებდი, ოღონდ ვინც ცუდად იქცევა, იმათ არ მივუტანდი საჩუქრებს.


 


პეტრე კაკალაშვილი, 7 წლის



ახალი წელი დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად მიყვარს, რაღაცნაირი ჯადოსნური დღესასწაულია. რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუა არსებობს, ყოველ წელს მოაქვს ჩემთან საჩუქრები და ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებს. წელსაც ვაპირებ წერილის მიწერას, მაგრამ ჯერ საჩუქარი არ მომიფიქრებია. ვფიქრობ, სათამაშო დავაბარო თუ რამე სხვა. ძალიან მინდა, თოვლის ბაბუას შევხვდე და ვკითხო, რატომ უყვარს ასე ძალიან ბავშვები და რატომ ურიგებს საჩუქრებს ყოველ ახალ წელს. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, ყველა ბავშვს გავუკეთებდი საჩუქარს, ვინც კარგად იქცევა, კარგად სწავლობს, იმასაც და ვინც არ სწავლობს კარგად და ცუდად იქცევა, ისეთ ბავშვსაც.


ელენე ინწკირველი 14 წლის



პირველ რიგში, ახალ წელთან ყოველთვის სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს და ამიტომ მიყვარს ახალი წელი. განსაკუთრებით მიყვარს 31 დეკემბრის ღამე, როდესაც ერთმანეთს საჩუქრებს ვურიგებთ, ვხსნით, ვნახულობთ. ნაძვის ხის მორთვის პროცესი უჩემოდ არ ხდება, ვცდილობთ, მთელი სახლი მოვრთოთ. ვიცი, რომ საჩუქრებს თოვლის ბაბუა არ მჩუქნის, თუმცა, მის არსებობას ბოლომდე ვერ გამოვრიცხავ. წერილსაც ვუწერ და ხეზე ვტოვებ. წელს მინდა დავაბარო ლამაზი პალტო, კაბა მომეწონა კიდევ... ალბათ, ვერ მიხვდება, როგორი მინდა, ამიტომ, შეიძლება წერილს პალტოსა და კაბის ფოტოებიც დავურთო. საჩუქარი ხან კართან მხვდება, ხან ნაძვის ხის ქვეშ. პირადად რომ შევხვდე თოვლის ბაბუას, პირველ რიგში, ვკითხავდი, ნამდვილია თუ არა. თოვლის ბაბუა რომ ვიყო, დავაკვირდები, როგორ იქცევიან ბავშვები და ამის მიხედვით დავასაჩუქრებ. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, ჩემი აზრით.


ზუკა კანდელაკი, 4 წლის



მინდა, თოვლის ბაბუამ მომიტანოს ფერადი, გრძელი მატარებელი. იცი, რატომ მინდა, მატარებელი? იმიტომ, რომ ძალიან მაგარია. თოვლის ბაბუა რომ მოდის ხოლმე ჩემთან, ვერ ვხედავ. ნაძვის ხის ქვეშ დამიტოვებს საჩუქარს და რომ გავიღვიძებ, ვნახავ. აბა, თოვლის ბაბუა ღამე მოდის და მე მაგ დროს მძინავს. თოვლის ბაბუა ძალიან საყვარელია, იმიტომ, რომ საჩუქრები მოაქვს. ახალ წელს ბევრ შოკოლადს ჭამენ და გაზიან სასმელებს სვამენ.


ნატალია ჯაჯანაშვილი, 9 წლის



ჩემთვის ახალი წელი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, იმიტომ, რომ მთელი ოჯახი ერთად ვართ და საჩუქრებს ვიღებთ ყველა. საახალწლოდ სახლისა და ნაძვის ხის მორთვაც მიყვარს. დედიკოს კერძების მომზადებაში ვეხმარები. განსაკუთრებით მიყვარს გოზინაყი. თოვლის ბაბუისთვის წერილი ჯერ არ დამიწერია. ალბათ, რამე სათამაშოს დავაბარებ ან სახატავ კრებულს. კიდევ მინდა ჰოვერბორდი. ღამე მოვლენ ელფები და ჩემს წერილს თოვლის ბაბუას წაუღებენ. მაინტერესებს, წელიწადში ერთხელ რატომ მოდის თოვლის ბაბუა და რომ ვნახო, აუცილებლად ვკითხავ. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, ირმებით ვიფრენდი. ახალ წელს ყველას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ.


ლოლიტა თოლორდავა 3 წლის



მინდა, რომ თოვლის ბაბუამ მომიტანოს ლოლი თოჯინა და ტასო თოჯინა. ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ თოვლი მოდის, ნაძვის ხე მიყვარს და კიდევ დედიკო მიყვარს. რომ გავიღვიძებ, საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დამხვდება. ნაძვის ხეს დედიკოსთან ერთად მოვრთავ.


 


ნატალი ჯიქია, 7 წლის



ახალი წელი იმიტომ მიხარია, რომ ჩემი ბიძაშვილი მოდის და ერთად კარგად ვთამაშობთ. კიდევ იმიტომ მიხარია, რომ ახალ წელს მამიკოს დაბადების დღეა. ნაძვის ხის მორთვა და სახლის გაფორმებაც მიყვარს საახალწლოდ. კიდევ, თოვლის ბაბუის მოლოდინში ვარ ხოლმე. ოჯახის წევრებს მეც ვუმზადებ საჩუქრებს. ვუხატავ ხოლმე რაღაცებს. დედიკოს და მამიკოს ძალიან უხარიათ და უცებ ინახავენ ხოლმე ჩემს ნახატებს. წერილი უკვე დავწერე, მაგრამ თოვლის ბაბუას ჯერ არ წაუღია. წელს მინდა, ბარბის მანქანა მომიტანოს. ფერი თვითონ შეარჩიოს. მთავარია, ბარბის მანქანა მაჩუქოს. ადრე საჩუქარს ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებდა და დილას ვნახულობდი. ალბათ, ახლაც ასე მოხდება. ძალიან მაინტერესებს, ლაპლანდიაში როგორ სახლში ცხოვრობს თოვლის ბაბუა.


 

საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.