მეცნიერების ჯგუფმა გააანალიზა ბრიტანეთის ეროვნული კვლევის მონაცემები (ჯანმრთელობასთან დაკავშირებით), რომელშიც დაახლოებით 93 000 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში გაიზომა მონაწილეების სხეულის მასის ინდექსი და დაფიქსირდა, ასევე, კვლევაში მონაწილეთა სექსუალური ორიენტაცია. მეცნიერებმა წონასა და სექსუალურ ორიენტაციას შორის შემაშფოთებელი კავშირი დაადგინეს.
ქალებში ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჭარბი წონის რისკს 41%-ით ზრდის, ხოლო, ზოგადად, ლესბოსელ ქალებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები 14%-ით იზრდება. ბისექსუალ ქალებში ჭარბი წონის პრობლემები 24%-ით მეტია, ვიდრე ჰეტეროსექსუალებში. აი, კაცებში კი აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა: გეებში ზედმეტი წონის პრობლემა სამჯერ მეტია.
„ეს საგანგაშო სტატისტიკაა, რადგან ცნობილი ფაქტორია, რომ ზედმეტი წონა დამანგრეველად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ინსულტს, კიბოსა და ნაადრევ სიკვდილს“, - აცხადებს ექიმი ჯოანა სემლენი. თავის მხრივ, გეებსა და ბისექსუალებს ჰეტეროსექსუალ კაცებთან შედარებით საჭიროზე ნაკლები წონა აქვთ, რაც, ასევე, უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემებს, მათ შორის, ნაადრევ სიკვდილს.
ბოლო ციფრების თანახმად, ნაციონალური სტატისტიკის მონაცემებით, იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ლესბოსელები, გეები და ბისექსუალები არიან, ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 2%-ს შეადგენს, თუმცა, სხვა კვლევების მიხედვით, მათი რაოდენობა 6%-ია (3,6 მილიონი ადამიანი).
მკვლევარების განმარტებით, გაურკვეველია, რა იწვევს ამ ადამიანებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების ზრდას, თუმცა, ამტკიცებენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები უფრო ხშირად განიცდიან სოციალურ სტრესს და ცხოვრების ჯანსაღ წესს ნაკლებად მისდევენ.