როგორ გავერთოთ სახლში კარანტინის დროს, თან მაშინ, როცა წიგნების კითხვაც მოგვბეზრდა, ფილმების ყურებაც და არც საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის უნარი შეგვწევს?
გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რასაც შეიძლება, გული გადავაყოლოთ და გავერთოთ კარანტინის დროს.
პიკნიკი სახლში
დღეს ყველას საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს. ასეთ დროს ნებისმიერი საუზმის ან ლანჩის გადაქცევა პიკნიკად არც თუ ისე ცუდი იდეაა: დააფინეთ იატაკზე პლედი, შემდეგ გადააფარეთ ლამაზი სუფრა, გააწყვეთ თეფშებით და მოიწყვეთ პიკნიკი! დამატებით რეკვიზიტებად შესაძლოა გამოგადგეთ ტორშერი, საახალწლო ფერადი ნათურები, ლამაზი ხელსახოცები რომელიც სტუმრებისთვის გქონდათ გადანახული, ლამაზი ჭურჭელი ასევე სტუმრებისთვის და ა.შ. რაც შეეხება თავად კერძებს, როგორც ნამდვილ პიკნიკზე, აქაც უპირატესობა მშრალ საკვებს მიანიჭეთ: ბუტერბროდები, ღვეზელები, მჭადი და ყველი „წაიღეთ“. ხოლო თუ აივანიც გაქვთ, მთელი ეს აქტივობა აივანზე განახორციელეთ, მით უმეტეს, რომ კარგი ამინდებიც ხელს გვიწყობს.
კარავი სახლში
სახლში ზღაპრული „კარვის“ გაშლა ყველა ბავშვის სურვილია, ხოდა რატომაც არ უნდა ავუსრულოთ ჩვენში მცხოვრებ პატარა ბავშვს ეს სურვილი? ამისათვის დაგვჭირდება ერთი პლედი ძირს დასაფენად, 2-3 სკამი, გამძლე თოკი, რამდენიმე ლურსმანი, 2-3 პლედი კარვის „ასაშენებლად“ და რამდენიც გინდათ იმდენი ბალიში და რბილი სათამაშო დაგვჭირდება. ერთი პლედი იატაკზე დააფინეთ, კედებზე კი აქეთ-იქით ჩაარჭვეთ ლურსმნები, რომელსაც თოკს გამოაბამთ. თოკზე კი პლედები ისე გადაფინეთ (სკამებიც დაიხმარეთ), რომ კარვის სივრცე შეიქმნას. ბოლოს კარავი შიგნით მოაწყვეთ ფერადი ნათურებით, ბალიშებით და რბილი სათამაშოებით. ან უფრო მარტივად: გააკეთეთ ისე, როგორც ქვემოთ მოცემულ ნახატზეა ნაჩვენები:
ონლაინ-პარასკევი მეგობრებთან
რატომაც არ უნდა მოვაწყოთ ბარი სახლში? გამოიღეთ დიდი ხნის წინ შენახული, სასმელების ლამაზი ბოთლები (ცარიელი, სავსე, ნახევრადსავსე - არ აქვს მნიშვნელობა), მოათავისუფლეთ თარო და იქ შეაწყვეთ, წინ კი სხვადასხვა ფორმის ჭიქები დაალაგეთ, ისე როგორც ეს ბარშია. საახალწლო ნათურები, მაგიდის ნათურა და ტორშერი დამატებითი განწყობის შესაქმნელად აქაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემდეგ კი დაურეკეთ მეგობრებს აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით და მოაწყვეთ ონლაინ-პარასკევი! ნუ იდარდებთ, რაც უფრო პირნათლად დავიცავთ ახლა იზოლაციას, მით უფრო მალე შეგვეძლება გარეთ გასვლა და ძველებურად გართობა.
სახლის კინოთეატრი
ზევით კი ვახსენეთ, რომ შესაძლოა ფილმების ყურებაც მოსაბეზრებელი იყოსო, მაგრამ იქნებ, მაინც გეცადათ? მით უმეტეს, რომ ყველა უბნის მაღაზიაში იყიდება სიმინდი, თქვენ თვითონ მოხალეთ, გააკეთეთ ბატიბუტი, ჩაყარეთ დიდ ჯამში და მხოლოდ თქვენ მიირთვით! სახლის კინოთეატრს ის უპირატესობა აქვს, რომ ფილმის დასაწყისში არც ერთი დაგვიანებული მაყურებელი არ გადაგირბენთ ცხვირწინ. მით უმეტეს, რომ უამრავმა ვებგვერდმა ჩვენი საყვარელი ფილმები კვლავ დააბრუნა და მათი ნახვა ისევ შეგვიძლია!
დისტანციური პაემნები
ალბათ თქვენც ნახეთ ის საყვარელი წყვილი, თავთავიანთი კორპუსების სახურავებზე რომ ჰქონდათ პირველი პაემანი. დისტანცია, რაღაც მხრივ, ძალიან რომანტიკულიც კია. ამ დროს შეგვიძლია ვგზავნოთ წერილები და შეყვარებულს სახლის კარში შევუცუროთ; გავატანოთ კურიერებს ჩვენი ხელით დამზადებული ბარათები; თუკი მეზობელი გოგო/ბიჭი მოგვწონს (როგორც ახალი თაობა იტყვის ხოლმე, „ქრაშავთ“), ფანჯარაზე გამოვაკრათ წარწერა, სადაც ჩვენი ნომერი ან ფეისბუქ-მისამართი წერია - მოკლედ, მოიქეცით ისე, როგორც მოიქცეოდნენ წინა თაობის წარმომადგენლები, იყავით რომანტიკულები და მიეცით ფანტაზიას გასაქანი.
მოიწყვე ოფისი სახლში
თუკი ჩემსავით თქვენი მყუდრო და კომფორტული ოფისი ძალიან გენატრებათ, აქაც არის რაღაცნაირი გამოსავალი, რომელიც ჩვენნაირმა უცნაურმა ტიპებმა მოიფიქრეს: ამ ბმულზე თქვენ შეძლებთ, არც - მეტი, არც - ნაკლები, საოფისე „ხმაური“ ჩართოთ და სურვილისამებრ აკონტროლოთ, კონკრეტულად რომელი ხმის გაგონება უფრო გსურთ: მოჭორავე თანამშრომლების, კლავიატურის კაკუნის, პრინტერის ბეჭდვის და ა.შ.