რძისგან დამზადებული ნიღბები - დავიწყებული ძველი რეცეპტები

სილამაზე და ჯანმრთელობა

19 თებერვალი 10:00, 2016 წელი
260

ქალები რძესა და რძის პროდუქტებს დასაბანად და კანის დასარბილებლად უხსოვარი დროიდან მოიხმარენ. მართალია, თანამედროვე კოსმეტოლოგები ათასგვარ საშუალებას ქმნიან, მაგრამ რატომ არ შეიძლება, დავუბრუნდეთ ნაცად რეცეპტებს?! მაშ ასე, შემოგთავაზებთ სახის მოვლის რამდენიმე საშუალებას, რომლებსაც სახლის პირობებშიც მარტივად მოამზადებთ.


რძეში დამბალი შავი პურის ნიღაბი

შავი პურის ნატეხი დაალბეთ თბილ რძეში და ფაფად აქციეთ.
წაისვით სახეზე სამასაჟო ხაზების მიხედვით.
დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელთბილი წყლით და სახეზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
 
კომბოსტოს ნიღაბი
კომბოსტო წრიულად დაჭერით, მოხარშეთ რძეში და აქციეთ ფაფად.
ეს მასა წაისვით სახეზე, კისერსა და გულ-მკერდზე.
გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე მკვებავი წაისვით.

თაფლისა და ნაღების ნიღაბი
1 ჩ.კ. თაფლს შეურიეთ 2 ჩ.კ. ნაღები და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
მიღებული მასა სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.


ნიღაბი რძითა და საფუარით
აიღეთ ნახევარი ჩ.კ. საფუარი და ნელ-ნელა დაამატეთ თბილი რძე ან ზეითუნის ზეთი, ვიდრე არაჟნის კონსისტენციის ნარევს არ მიიღებთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



ნუშის ნიღაბი
რამდენიმე ცალ ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი და, დაახლოებით, 20 წუთით გააჩერეთ.
შემდეგ ნუში გაფცქვენით, მოათავსეთ მშრალ კოსმეტიკურ როდინში და კარგად სრისეთ, ვიდრე ფქვილისმაგვარ მასას არ მიიღებთ.
ამის შემდეგ აიღეთ ნახევარი ჩ.კ. ნუშის ფქვილი, დაასხით იმდენი ცხელი რძე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს და კარგად ასრისეთ.
ეს მასა წაისვით სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ზეთოვანი ნიღაბი
1 ს.კ. თბილ რძეში გახსენით 20 გრ. საფუარი, დაამატეთ 1 ს.კ. სიმინდის, ქაცვის ან ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა სახეზე წაისვით.
ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
1 ს.კ. ლუდის საფუარს შეურიეთ იმდენი რძე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
მიღებული მასა სახის ყველა ცხიმიან ადგილას დაიდეთ და გაშრობამდე გაიჩერეთ. 
ნიღაბი, დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ გაშრება, რის შემდეგაც სახე  ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის
2 ს.კ. ხაჭო, 2 ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. თბილი რძე და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა სახესა და ყელზე. დაიდეთ
დაიტოვეთ 10 წუთით და ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი
2 ს.კ. ახალი ხაჭო, 2 ს.კ. გახეხილი გოგრა და 1 ჩ.კ. რძე და აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი
თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით. დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ.