ცრემლების გამო შეწყვეტილი ინტერვიუ და გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის 55-წლიანი სიყვარულის ამბავი

სიყვარულის ისტორიები

8 აგვისტო 14:00, 2015 წელი

საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის შვილები განგებამ ერთმანეთს თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე შეახვედრა. გიგა ლორთქიფანიძე მაშინ 30 წლის, უკვე ცნობილი რეჟისორი და თეატრალური ინსტიტუტის ლექტორი იყო, ქეთევან კიკნაძე კი - 18 წლის, მომხიბვლელი სტუდენტი გოგონა.


ბავშვობაში ამპუტირებული ქვედა კიდურის მიუხედავად, სიმპათიური რეჟისორი ქალბატონებში დიდი მოწონებით სარგებლობდა. მის გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ რომანებზე ლეგენდები დადიოდა, თუმცა ქეთევან კიკნაძის გამოჩენამ რეჟისორის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.
თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გიგა ლორთქიფანიძემ აღიარა, რომ 55-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლე იმაზე გაცილებით ძლიერ უყვარს, ვიდრე მაშინ, როცა ყველაფერი იწყებოდა. სიყვარულია, როცა იმ ადამიანის ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანი ხდება შენთვის, ვიდრე საკუთარი. ადამიანები ბერდებიან, ნამდვილი სიყვარული კი არა“, - ბრძანა მაშინ რეჟისორმა.

ქეთევან კიკნაძე 
გარდაცვლილ მეუღლეზე დღემდე ცრემლმორეული საუბრობს:
- გიგა ჩემს პარალელურ ჯგუფს ასწავლიდა, თუმცა თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთათვის გამართულ კარნავალამდე არასოდეს მენახა. სწორედ იქ შევნიშნე, როგორ დაჟინებით მიყურებდა შავ კოსტიუმში გამოწყობილი, კარგი გარეგნობის, ხელჯოხიანი მამაკაცი. ეს გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. მოგვიანებით გავიგე, რომ  მიშა თუმანიშვილის დადგმულ სპექტაკლ „მეექვსე სართულში“ ვუნახივარ და მოვწონებივარ. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ, როცა ქეთევანი დავინახე, მაშინვე ევგენი ონეგინის მსგავსად მივხვდი, რომ „ეს სწორედ ისაა“ და გადავწყვიტე, ჩემი ცოლი გამხდარიყოო. გიგას ყურადღება რომ შევნიშნე, იმ საღამოს ყველა ბიჭს ვეცეკვე, ვინც კი საცეკვაოდ დამპატიჟა. ავუქროლებდი და ჩამოვუქროლებდი... ერთი სიტყვით, გავეპრანჭე. ჩვენი მეორე შეხვედრა ინსტიტუტის ლიფტთან შედგა, რომლითაც მხოლოდ პედაგოგები სარგებლობდნენ. გიგამ მესამე სართულზე ლიფტით აყვანა შემომთავაზა. თავიდან კი ვიუარე, - არაა საჭირო-მეთქი, მაგრამ მერე ავყევი. გიგა საკმაოდ გამოცდილი მამაკაცი იყო და ისე მოაწყო, რომ ინსტიტუტიდან ჯგუფურად წავედით კინოფილმის საყურებლად. კინოთეატრშიც „რატომღაც“ მის გვერდით მოვხვდი. კარგად მახსოვს, გადიოდა ფილმი „მზიანი ველის სერენადა“. ჩვენება ხარვეზებით მიმდინარეობდა და ერთხელაც, როცა ლენტა მორიგ ჯერზე გაწყდა და შუქი აინთო, გიგას ვუთხარი, - მაპატიეთ, სახლში, ალბათ, ღელავენ და უნდა წავიდე-მეთქი. მე ბორჯომში ვარ დაბადებული, თოთხმეტ წლამდე იქ ვიზრდებოდი. ამ დროს კი უკვე მამიდასთან ვცხოვრობდი. მაშინ  გოგონას კაფესა და რესტორანში დაპატიჟება ცუდ ტონად მიიჩნეოდა, ამიტომ რამდენიმე დღეში პლეხანოვზე ე.წ. გოფილეტის ბაღში გავისეირნეთ. მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე ხელი მთხოვა.


- ერთ-ერთ ინტერვიუში გიგა ლორთქიფანიძე ამბობს, ქეთევანი მაშინვე დამთანხმდა, როგორც კი ცოლობა შევთავაზეო.
- ალბათ, იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. პირდაპირ გამომიცხადა, მე ზრდასრული მამაკაცი ვარ და კარგად მაქვს გააზრებული, რასაც გეუბნები. ამასთანავე, ხელჯოხით დავდივარ, შენი დევნა არ შემიძლია და ცოლად გამომყევიო. ხელის მოწერისას ჩვენი ხელისმომკიდეები პოეტი პეტრე გრუზინსკი და მსახიობი ლია კაპანაძე იყვნენ. როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ხელის მოწერის დღეს, როცა ყველა მმაჩის ბიუროსთან მელოდებოდა, სახლში ლოგინში ვიწექი. რომ აღარ გამოვჩნდი, ჩემი ხელისმომკიდე ლია ჩემთან სახლში ამოვიდა. ლოგინში რომ დამინახა, მკითხა, რას აკეთებო. რა ვიცი, ვწევარ-მეთქი, ვუპასუხე. რა დროს წოლაა, ხომ არ გაგიჟდი, ყველა შენ გელოდებაო, იყვირა და ფეხზე წამომაგდო. პატარა, მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და გიგას ერთოთახიან ბინაში გადავედით. ამ პატარა ბინას გიგას ამხანაგები კუკუშკას ეძახდნენ. სივიწროვის მიუხედავად, ძალიან უყვარდათ იქ მოსვლა და მოლხენა. ისეთი პატარა ოთახი იყო, რომ ნინოს გაჩენის შემდეგ ღამით ტახტს რომ გავშლიდით, აკვანს მაგიდაზე ვდგამდი.


- ცნობილია, რომ თქვენთან დაქორწინებამდე გიგა ლორთქიფანიძეს ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. ამის გამო არ ეჭვიანობდით?
- რა თქმა უნდა. სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ სამი ქალი თავს გიგას გამო იკლავდა - ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით... როცა ცოლად მივყვებოდი, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ შემდეგ თავად მითხრა ყველაფერი. ვიდრე სხვა გეტყვის, სჯობია, ჩემგან იცოდეო. ერთის შესახებ მითხრა, რომ მასთან რაღაც რომანი ჰქონდა. ორთან დაკავშირებით - რაღაც გახმაურებული ამბავი იყო. ჩემ შემდეგ გიგამ რამე იეშმაკა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ჩემამდე არ მოსულა და თავადაც არასოდეს უგრძნობინებია. რაც შეეხება ეჭვიანობას, ძალიან ეჭვიან ვარ. ახლაც კი, როცა მის სიმღერებს ჩავრთავ და ვუსმენ, ვეჭვიანობ, ასეთი გრძნობით ნეტავ ვის უმღერის-მეთქი. თვითონაც ძალიან ეჭვიანი იყო და არც მე ვაკლებდი. ერთხელ რაღაც პატარა საბაბიც ვუპოვე და... სახლიდან გავუშვი.  მაშინ ნოდარ დუმბაძესთან ათევდა ღამეს. ნოდარს უთქვამს, - წავიდეთ, დაველაპარაკოთ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ხატიაა და იქნებ შეგირიგდესო. მართლაც, მოვიდნენ. გიგა, ნოდარ დუმბაძე და ბრწყინვალე პოეტი ოთარ მამფორია. შერიგება კი არა, ისეთი ამბავი დავაწიე, კიბეებზე ერთმანეთს ასწრებდნენ (იცინის).


- როგორც ბრძანეთ, თავადაც ეჭვიანი ყოფილა. ასეთი ბუნების მამაკაცი როგორ ეგუებოდა ახალგაზრდა, ლამაზი ცოლის ხილვას ინტიმურ სცენებში?
- როგორც მსახიობს, პარტნიორთან ბევრჯერ მქონია ინტიმური სცენები, მაგრამ რომელიმე ჩემს პარტნიორ მსახიობზე რომ ეეჭვიანა, მსგავსი არასოდეს მომხდარა. გონებაშიც კი არ გაუვლია. „დათა თუთაშხიაში“ არის ასეთი ეპიზოდი - ოთარ მეღვინეთუხუცესს მდინარის პირას ცხენიდან ჩამოვყავარ და მკოცნის. ეს კოცნა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. გიგას ოთარისთვის, რომელიც, ფაქტობრივად, ჩემი ძმა იყო და ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით, ჩემგან დაფარულად უთქვამს, ცხენიდან რომ ჩამოსვამ, აკოცეო. ალბათ, ესეც თავისებური ტაქტია, მაგრამ ერთხელ ავუწუწუნდი კიდეც, - კაცო, შენ სულ არ გიყვარვარ, რომ მეუბნები, პარტნიორს ასე და ისე მოექცეო?


- გარდა იმისა, რომ შესანიშნავ ფილმებს იღებდა, ცნობილია, რომ თქვენი მეუღლე მშვენივრად უკრავდა და მღეროდა.
- ნამდვილად ასეა. საერთოდ, გიგა მეგობრებს ძალიან უყვარდათ. ნიჭიერი და ენამოსწრებული კაცი იყო. სხვათა შორის, როცა ცოლად გავყევი, არ ვიცოდი, რომ უკრავდა და მღეროდა. ის მოწონება და სიყვარული, რომელმაც მასთან შემაუღლა, სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ილხენდა მეგობრებში, როგორ მშვენივრად უკრავდა, მღეროდა და ამ დროს როგორი ბედნიერი იყო მის გვერდით ყველა. 


- მისი ავადმყოფობის პერიოდსა და ბოლო დღეებს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- ბოლო დღეები... იმ პერიოდში მე თვითონაც ცუდად ვიყავი. მენინგიტი შემხვდა და დიდხანს ვიავადმყოფე. გიგა უკვე ცუდად იყო და ჩემი ქალიშვილები უვლიდნენ. მე მისი მოვლა არ შემეძლო და როცა ოთახში შევდიოდი და სასთუმალთან დავუჯდებოდი, მიმეორებდა: სულ მენატრები, სულ მენატრები...


ამ სიტყვების შემდეგ ქალბატონ ქეთევანს თვალზე ცრემლი მოადგა, საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
აქ შეწყდა ჩვენი ინტერვიუ და ერთმანეთს დროზე ადრე დავემშვიდობეთ.
გიგა ლორთქიფანიძე 2013 წლის 13 ივნისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დატოვა სამი შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები და კლასიკად ქცეული ფილმები.
1985 წელს გიგა ლორთქიფანიძეს მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის „წიგნი ფიცისა“ შექმნისთვის შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.
1996 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
იმავე წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.


ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი: ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ ათასში ერთს თუ გამართლებ და თავის ნახევარ იპოვისო. ეს წყვილი კი სწორედ ბედის ასეთი რჩეულია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?