ფიდელ კასტრო: „პირადი ცხოვრება და ჩემი სულიერი განცდები ჩემი ერთადერთი მონაპოვარია“

სიყვარულის ისტორიები

1 დეკემბერი 20:00, 2016 წელი
128

ამ პოლიტიკოისმა მოახერხა და იმ ქვეყნის სიმბოლოდ იქცა, რომელიც ცეცხლოვანი ცეკვებით, სექსუალური ქალებითა და სიგარებით არის სახელგანთქმული. როგორც კასტროს ზოგიერთი ბიოგრაფი აღნიშნავს, კუბელი ლიდერის პირადი ცხოვრება იმაზე საინტერესო და დამაინტრიგებელია, ვიდრე მისი ბობოქარი პოლიტიკური მოღვაწეობა...

დასავლეთ ნახევარსფეროს ერთადერთი სოციალისტური სახელმწიფოს ლიდერი, რომელზეც 50-წლიანი მმართველობის განმავლობაში 600-ზე მეტი თავდასხმის მცდელობა იყო, რამოდენიმე დღის წინ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი მმართველი პროფესიით იურისტი იყო, შეძლებულ ოჯახში დაბადებული ფიდელი, კარგი განათლების გარდა, კარგი გარეგნობითაც გამოირჩეოდა. 

კასტროს ზოგიერთი ბიოგრაფის თქმით, კუბელი ლიდერის პირადი ცხოვრება იმაზე საინტერესო და დამაინტრიგებელია, ვიდრე მისი ბობოქარი პოლიტიკური მოღვაწეობა.
ამბობენ, რომ ფიდელის თაყვანისმცემელ ქალებს ერთმანეთის მიყოლებით მისდიოდათ გული, როცა ის, რევოლუციის შემდეგ ჰავანაში ტრიუმფით შევიდა. არც თავად ყოფილა გულგრილი მშვენიერი სქესის მიმართ... 
კუბის ლიდერი გულმოდგინედ ცდილობდა, პირადი ცხოვრება გარეშე თვალისგან დაეფარა, თუმცა ეს მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა. ერთხელ, ჟურნალისტმა ფიდელს შვილების შესახებ ჰკითხა, რაზეც მოულოდნელი პასუხი მიიღო: „ჩემი შვილები თითქმის ერთი ტომია“.

დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იქნება, პუტჩისტი დიქტატორი თუ ტახტის კანონიერი მემკვიდრე, პირადი ცხოვრება ნებისმიერი ხელისუფალისთვის განსაკუთრებულად დაცულ საიდუმლოს წარმოადგენდა, თუმცა კუბის ლიდერის პირადი განსაკუთრებით გასაიდუმლოებული იყო.
მასზე განხორციელებული თავდასხმების რეკორდული რაოდენობა კასტროს, როგორც ნამდვილ მამაკაცს, აიძულებდა, ახლობლებს განსაკუთრებით გაფრთხილებოდა და, შეძლებისდაგვარად, გარეშე თვალისგან მოერიდებინა. ფიდელის ძმებისა და ოჯახის რამდენიმე წევრის გარდა, კუბის პრესაში სხვა ნათესავების ვინაობა, მისამართები და ფოტოები არასოდეს გამოქვეყნებულა.

როდესაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გადამდგარმა გენერალმა, მწერალმა და ფიდელ კასტროს მეგობარმა ნიკოლაი ლეონოვმა კუბის ლიდერზე წიგნის წერა დაიწყო, კასტრომ უთხრა: „დაწერე ყველაფერი, რაც ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას ეხება. აქ არავითარი საიდუმლო არ მაქვს, მაგრამ პირადი ცხოვრება და ჩემი სულიერი განცდები მე დამიტოვე. ეს ჩემი ერთადერთი მონაპოვარია“.


ფიდელ ალეხანდრო კასტრო რუსის ოფიციალურ ცოლად მირტა დიას-ბალარტი ითვლება, რომლისგანაც ერთადერთი კანონიერი შვილი - ფიდელ ფელიქს კასტრო დიას-ბალარტი (ფიდელიტო) დარჩა.
როგორც კასტროს ბიოგრაფები ამტკიცებენ, კანონიერ ცოლთან განქორწინების შემდეგ ფიდელი ოფიციალურად აღარ დაქორწინებულა. მირტამაც მარტოობა არჩია. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ყოფილის მსგავსად, მას ფიდელთან ცხოვრების პერიოდი საზოგადოების წინაშე არ გამოუმზეურებია და არასოდეს არაფერი მოუყოლია ქმრის შესახებ.

კასტროს ერთადერთი კანონიერი შვილი ფიდელიტო 1949 წელს დაიბადა. უმაღლესი განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე მიიღო, სადაც ხოსე რაულ ფერნანდესის სახელით სწავლობდა. კასტროს ვაჟი ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველად - რუს, მეორედ კი კუბელ ქალზე. ფიდელიტო ამჟამად რამდენიმე სამინისტროს მრჩეველია, კუბის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს და ბევრს მოგზაურობს. როგორც ესპანური გაზეთი „ელ პაისი“ წერს, ის, ესპანელ ცოლთან ერთად, ჰავანაში მდებარე სახლში ცხოვრობს და ორი მოზრდილი ვაჟი ჰყავს, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.


ათი წლის წინათ საფრანგეთში გამოვიდა სერჟ რაფის წიგნი „მოღალატე კასტრო“, სადაც ავტორი, რომელიც კუბის ლიდერის მიმართ სიმპათიებით არ გამოირჩევა, ფიდელს ჰარამხანის მფლობელად და „ერთი ბატალიონი“ შვილების მამად მოიხსენიებს.
ავტორის მტკიცებით, მაიამიში ცხოვრობს ქალი - ფრანსისკა პუპო, რომელიც ქვეყანას მას შემდეგ მოევლინა, რაც 1953 წელს ფიდელმა ესპანელი ემიგრანტების ქალიშვილი ისაბელ კუსტოდიო გაიცნო.
მათი ნაცნობობა მექსიკაში შედგა, სადაც ფიდელი ხანმოკლე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ავტობიოგრაფიულ წიგნში „სიყვარული ყველა ცოდვას შემინდობს“ ისაბელი ამტკიცებს, რომ საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, ფიდელმა ის თავად მოძებნა, ცოლობა შესთავაზა და ბატისტას დიქტატურისგან კუბის განთავისუფლების გეგმაზე უამბო. „შიგნით თითქოს რაღაც ჩამწყდა. ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან მძიმე ტვირთი იყო და მეშინოდა, რომ მას კუბაში მოკლავდნენ, მაგრამ ფიდელი სასწაულებრივად გადარჩა“, - წერს კუსტიდიო. სხვათა შორის, ისაბელი ხუთჯერ გათხოვდა, მაგრამ არც ერთხელ - ფიდელზე.


გერმანელი ქალი მარიტა ლორენცი 33 წლის კასტროს საყვარელი კუბის რევოლუციის გამარჯვებისთანავე გახდა.
ერთმანეთი 1959 წლის 28 თებერვალს, სამგზავრო თბომავალზე გაიცნეს, რომლის კაპიტანი მარიტას მამა იყო.
სანამ მუშაობით დაღლილ კაპიტანს ტკბილად ეძინა, მისმა 19 წლის ქალიშვილმა სიმპათიური კუბელი ხომალდზე მიიწვია. თქვენ ახლა გერმანულ მიწაზე ხართ, - უთხრა მარიტამ ფიდელს. დიახ, მაგრამ თქვენი გემი ჩემს წყლებში დგას, - მიიღო პასუხად.
მარიტა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი იყო, ამიტომ ორი ავტობიოგრაფიული წიგნის მიუხედავად, მისი წარსული ბუნდოვანებითაა სავსე და რთული დასადგენია, რა არის მასში სიმართლე და რა - არა.
ფიდელმა მარიტას შესთავაზა, მისი პირადი თარჯიმანი და მდივანი გამხდარიყო. გოგონა დასთანხმდა, მიატოვა ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლა და კასტროსთან გაფრინდა. მათი რომანი 1959 წლის შემოდგომაზე დასრულდა, როცა მარიტა ფეხმძიმობის მეხუთე თვეზე იყო... 
დღემდე გაურკვეველია, მარიტას აბორტის გაკეთება აიძულეს თუ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, თუმცა ფაქტია, რომ ბავშვი არ დაბადებულა. ფიდელთან დაშორებიდან უმოკლეს დროში მარიტას დედამ, 11-მილიონიანი კომპენსაციის მოთხოვნით, კასტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის გარდა, ქალმა კუბის ლიდერს მრისხანებით სავსე წერილი მისწერა, რომლის ასლი რომის პაპსა და ამერიკის შეერთებული შტატების იმდროინდელ პრეზიდენტს დუაიტ ეიზენჰაუერს გადაუგზავნა.
სწორედ ამ პერიოდში, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და კუბის მაფიამ გოგონას მძიმე ფსიქიკური მდგომარეობით ისარგებლეს. მაფიოზმა ჯონ როსელიმ მარიტა ლორენცი კასტროს მოწამვლაზე დაიყოლია და ბოტულიზმის ტოქსინებით სავსე ორი ამპულა გადასცა. მოგვიანებით, ფიდელის ლიკვიდაციის გეგმა გადაიდო და შხამი უკან, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში დააბრუნეს.

ეს ამბავი თითქოს მივიწყებას მიეცა, მაგრამ მალე ზღვაში ბენზინით სავსე კასრი აღმოაჩინეს, რომელშიც მაფიოზის გვამი იდო.
კასტროს ლიკვიდაციის გეგმა ისევ ამოქმედდა.
1960 წელს მარიტა კუბაში დაბრუნდა. ქალის პატარა ხელჩანთაში, კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, სასიკვდილო შხამით სავსე სახის კრემი იდო.
ყოფილი საყვარლები ერთმანეთს სასტუმრო „ჰავანას“ ნომერში შეხვდნენ, სადაც კასტროს რეზიდენცია მდებარეობდა. იმ ღამეს მარიტამ შხამით სავსე ამპულები უნიტაზში ჩარეცხა, მთელი ღამე ფიდელთან გაატარა და დილით მაიამიში, კასტროს დაუძინებელ მტრებთან გაფრინდა.
„სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა“, - ამტკიცებდა ქალი მრავალი წლის შემდეგ. მალე მარიტა, კუბელი ემიგრანტების დავალებით, ვენესუელის ყოფილ დიქტატორს მარკოს პერეს ხიმენესს დაუახლოვდა, მისი საყვარელი გახდა და ფიდელი სამუდამოდ დაივიწყა.


დასავლური სააგენტოების აზრით, კუბის პირველ ლედიდ შეიძლება დალია სოტო დელ ვალიე ჩაითვალოს - მაღალი, ქერა, მწვანეთვალება ქალი, რომელზეც, ერთ-ერთი ვერსიით, ფიდელ კასტრომ 1980 წელს იქორწინა. იმასაც ამბობენ, რომ დალიას ფიდელისგან ხუთი შვილი დარჩა, თუმცა არც ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არსებობს.

ლასარო ასენსიო, ჟურნალისტი და რევოლუციური ჯარების ყოფილი სარდალი იხსენებს: „1959 წლის ოქტომბერში კასილდას შესართავის ახლოს თვითმფრინავი ჩაიძირა. კომანდანტე პენიამ შემოგვთავაზა, რომ ჩაძირულ თვითმფრინავს მისი ცოლის ნათესავი მოგვაძებნინებდა.
დალია ვალიე, ანუ უბრალოდ, ლალა, როგორც მას ეძახდნენ, ახალგაზრდა, მომხიბლავი გოგონა აღმოჩნდა, ქათქათა კანითა და დახვეწილი სხეულით. ჩვენ ის ნავზე ავიყვანეთ. ლალამ ჩაყვინთა და დიდხანს ეძება, მაგრამ თვითმფრინავი ვერ იპოვა. მალე ტრინიდადზე ფიდელი ჩამოვიდა და მას გოგონა წარვუდგინეთ. კასტრო მაშინვე მოიხიბლა და გოგონა თავისთან წაიყვანა. ამის შემდეგ ის აღარასოდეს გვინახავს“.
ლალა კომანდანტეს გვერდით მხოლოდ 1999 წელს, ვენესუელისა და კუბის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ ბეისბოლის მატჩზე გამოჩნდა, რომელსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები - უგო ჩავესი და ფიდელ კასტრო ესწრებოდნენ.


ისე მოხდა, რომ ლამაზი ქალების მოყვარული რევოლუციონერი ბედმა მშვენიერ ქართველ ქალსაც შეახვედრა. 1961 წელს, კუბის რევოლუციის ორი წლის თავზე, საბჭოთა კავშირიდან კუბაში, მოლოტოვის ხელმძღვანელობით, ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრა. დელეგაციის წევრთა შორის საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორი, 25 წლის ულამაზესი ლია მიქაძეც იყო.
ხოსე გრანტეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, ფიდელ კასტრომ ლია მიქაძე შენიშნა და თვალი აღარ მოუცილებია. ამბობენ, რომ ქართველ ტელეწამყვანს იმ დროისთვის უცოლო რევოლუციონერმა ცოლობა და კუბაში დარჩენა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. მეორედ მათი შეხვედრა 1963 წელს შედგა, როცა საბჭოეთის ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა საბჭოეთის მეგობარი ფიდელ კასტრო  საქართველოში მიიწვია.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავ საინტერესო ადამიანთან მქონდა ურთიერთობა“, - ასე მორიდებულად იხსენებდა წლების შემდეგ ლია მიქაძე ფიდელ კასტროსთან შეხვედრას.