შერილ სენდბერგი წარმატებული ქალის საუკეთესო მაგალითია.
2008 წელს „ფეისბუკში“ მუშაობის დაწყებამდე ის „გუგლის“ ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პერსონალის მმართველი გახლდათ.
ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, შერილ სენდბერგს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მეოთხე ადგილი უკავია და მის წინ არიან მხოლოდ - გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ქველმოქმედი მელინდა გეიტსი.
თავისი წიგნით „იმოქმედე“ შერილი მილიონობით ქალის კერპად იქცა, რომლებიც წარმატებული კარიერისა და ბედნიერი ოჯახის შეთავსებას ცდილობენ.
შერილ სენდბერგი უკვე დიდი ხანია, იკვლევს მიზეზებს, რატომ აღწევენ უმაღლეს პროფესიულ საფეხურს მამაკაცები ქალებზე ხშირად.
„ფეისბუკის“ ოპერატიული სამსახურის დირექტორმა თავის წიგნში შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ქალების დანიშვნა შეფერხებულია. შერილი ქალებს მოუწოდებს, მის მაგალითს მიბაძონ, თამამად წავიდნენ რისკზე, იმოქმედონ და იპოვონ საქმე, რომელშიც მთელი გატაცებით ჩაერთვებიან.
თავის წიგნში სენდბერგი წერს, რომ ქალები მამაკაცებზე ჭკვიანები, შრომისმოყვარენი და ნიჭიერები არიან, მაგრამ საკუთარი ძალების არ სჯერათ და ბრძოლაში ჩართვის ეშინიათ.
სენდბერგმა გულწრფელად აღიარა, როგორ ნანობდა, რომ პირველი შვილის შემდეგ სრულფასოვან დეკრეტულ შვებულებაში არ გავიდა, როგორ ტიროდა მარკ ცუკერბერგის მხარზე, როგორ იჯდა ვიდეოკონფერენციებზე და მაგიდის ქვეშ რძის გამოსაწველ მოწყობილობას მალავდა.
დღეს ის აღარაფერს ნანობს და მზადაა, საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს ქალებს გაუზიაროს.
როგორ ავაწყოთ წარმატებული კარიერა ისე, რომ ბედნიერ ოჯახზე უარი არ ვთქვათ?
„ფეისბუკის“ ოპერატიული სამსახურის დირექტორმა ქალებს მიზნის მისაღწევად რამდენიმე საქმიანი რჩევა მისცა.
შერილისთვის წარმატების საზომი არც კარიერაა და არც ბედნიერი ოჯახი. ის სადღეღამისო დედობას ისეთივე რთულ სამსახურად მიიჩნევს, როგორც სადღეღამისო საოფისე მუშაობას, მაგრამ კარიერასა და ბავშვების გამო სამსახურის დათმობას შორის არჩევანის შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვს: უმუშევრობას მუშაობა სჯობია!
„მშობლების სრულფასოვანი მუშაობა აუცილებელი პირობაა ბავშვებისა და მთლიანად ოჯახის განვითარებისთვის. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ, როცა მშობლები ბავშვებზე ზრუნვას თანაბრად ინაწილებენ, დედებს დანაშაულის გრძნობა ნაკლებად აწუხებთ, მამები ოჯახის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ, ბავშვები კი უკეთ ვითარდებიან“, - ამბობს ის.
დაივიწყე შიში!
შერილ სენდბერგის აზრით, უმოქმედობის მთავარი და ნამდვილი მიზეზი შიშია. ამდენად, ქალს, პირველ რიგში, საზოგადოების შეხედულებებთან კი არა, საკუთარ შიშებთან ბრძოლა უწევს.
„უამრავ დაბრკოლებას გვიქმნის: შიში, რომ არ მოვეწონებით; შიში, რომ არასწორ არჩევანს გავაკეთებთ; შიში, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად შევაფასებთ; შიში, რომ საქმეს ვერ გავუმკლავდებით; კრიტიკის შიში და, რაც მთავარია, შიში, რომ შეიძლება ცუდი ცოლი, ცუდი დედა და შვილი ვიყო. ქალს, რომელიც ამ შიშებს დაძლევს, შეუძლია, პროფესიულ წარმატებებსა და პირად ცხოვრებაში ბედნიერებას მიაღწიოს. ამასთანავე, მას აქვს საშუალება, აირჩიოს ერთი ან მეორე, ან ორივე ერთად“, - დარწმუნებულია წარმატებული ლედი.
გწამდეს საკუთარი თავის
შერილის აზრით, საკუთარი თავის მიმართ რწმენის ნაკლებობა წარმატებული ქალისთვისაც კი შეიძლება საბედისწეროდ იქცეს. სენდბერი ბევრს წერს იმაზე, რომ ქალები „თვითმარქვიობის სინდრომით“ მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან. ხშირად ფიქრობენ, რომ მათი წარმატება შემთხვევითია, რაც, ადრე თუ გვიან, ყველასთვის ცხადი გახდება. სენდბერი აღიარებს, რომ თავადაც ბევრჯერ უნახავს კოშმარული სიზმარი, თითქოს ვიღაც ჰარვარდის დიპლომს ართმევს.
„ჰკითხეთ მამაკაცს, როგორ მიაღწია წარმატებას და ის აუცილებლად დაიწყებს საუბარს თავის ნიჭსა და განსაკუთრებულ უნარებზე. იგივე რომ ქალს ჰკითხოთ, ის, სავარაუდოდ, თავის წარმატებას გარე ფაქტორებს მიაწერს. იტყვის, რომ ძალიან ცდილობდა და გაუმართლა ან დაეხმარნენ. ასე რომ, ქალს გამუდმებით სჭირდება, ვიღაც აქებდეს და ეუბნებოდეს, რომ ის წარმატებას იმსახურებს“, - ამბობს შერილ სენდბერი.