- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ბედნიერება სულ ჩემთან არის, სხვადასხვა ფორმით. სიმშვიდით, გაელვებით, შინაური ცხოველივით სულ თან დამდევს. სრულყოფილება კი არ მინახავს, არ განმიცდია, რომ შევძლო, შევადარო რამეს.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სიცილი არ მიჭირს, ხშირად ვიცინი. მიყვარს სიცილი, ახალი ენერგიით მავსებს.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- აი, ტირილი კი მიჭირს. მამა რომ გარდამეცვალა, მაშინაც ვერ ვიტირე გულიანად. რაღაც მაკავებს. არადა, მოვიტირებდი ერთიანად დარდის ნარჩენებს.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ის, რომ გურული ვარ.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- მაკლია დიპლომატიურობა, უხეშად ვიცი თქმა. ვმუშაობ ამ საკითხზე.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ჩარლი ჩაპლინთან.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ვინც შეძლო, ერთგული დარჩენილიყო თავისი თავის, თავისი ღირებულებების, იმისი, რისიც სწამს და სჯერა.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- ბუენდიების ოჯახი, ზიდჰარტა, ჰამლეტი.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ბევრს ვმოგზაურობ, ყველგან ვპოულობ ჩემთვის საინტერესოს, უცხოს, შთამბეჭდავს. რაც უფრო განსხვავებულია, მოულოდნელი, გამაოგნებელი, მით მეტს ვიძენ და ვიზრდები.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- დიდსულოვნებას, ჰარმონიული უნდა იყოს თავის თავთან.
- ქალში?
- ქალშიც იმავეს.
- საყვარელი მწერლები?
- ისინი, ვინც „სიესტამ“ გამოსცა. მიკერძოებული ვიქნები ამ საკითხში, დავიწყებ გიორგი კეკელიძით, ერეკლე დეისაძე, ერლომ ახვლედიანი, თამარ თანდაშვილი, ალექს ჩიღვინაძე, ლია სტურუა, სანდრო ნავერიანი, პაატა შამუგია, დავით გაბუნია, ირაკლი კაკაბაძე, გივი ალხაზიშვილი, დიტო შველიძე, ზურაბ ქარუმიძე, შოთა იათაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ზურა რთველიაშვილი, სალომე მაკარიძე, დიანა ამფიმიადი, დავით-დეფი გოგიბედაშვილი, არჩილ ქიქოძე, ზურაბ ქიქოძე, გაგა ნახუცრიშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, გურამ ჯახუტაშვილი, ბექა ქურხული, მატა მინდელი, მადი ბერიაშვილი, გიორგი თევზაძე, დავით ზურაბიშვილი, ზინა გაბიჩვაძე, გია მირზაშვილი, ცოტნე ჩიქოვანი, დათო ბარბაქაძე, დავით ჩიხლაძე, ირმა მალაციძე, ზაზა ბურჭულაძე, ბექა ქურხული, გიორგი მაისურაძე, ზაზა კოშკაძე, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, დავით რობაქიძე, დავით ევგენიძე, თამარ ხოსიტაშვილი, მიხო მოსულიშვილი, დათო ტურაშვილი, ირმა ტაველიძე, მაკა მიქელაძე, ბასა ჯანიკაშვილი, ირმა რატიანი, ოთარ ჯირკვალიშვილი...
- საყვარელი კომპოზიტორი?
- ბოლო პერიოდში გატაცებული ვარ ტრანსითა და ელექტრომუსიკით, მაგრამ დღეს კეიტ ჯარეტმა ძალიან მასიამოვნა მთელი დღის განმავლობაში.
- ფილმი?
- რობერტო ბენინის „ცხოვრება მშვენიერია“.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ერთი, ალბათ, ის, რაც „სიესტას“ სახელით შევქმენი და მეორე, ის, რაც მე და გიორგიმ შევქმენით ჩვენი ოჯახის სახით.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- თუკი იმ თარიღის გამოტოვებით ის მოვლენები აღარ განვითარდებოდა, ჩემი ცხოვრებიდან 2008 წლის 8 აგვისტოს გამოვტოვებდი.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ის ადამიანები, ვისთანაც საერთო ენაზე ვსაუბრობ. ენაში ქართულს არ ვგულისხმობ და არ არის მიმაგრებული გეოგრაფიულ ტერიტორიაზე.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ახლობლების ტკივილის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მედიტაციის ან ლოცვის დროს.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- აქამდე უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის... სიტყვები უადგილო იქნება.