მექა ხანგოშვილი: „უსამართლობას ვერასდროს შევეგუები, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს“

ზეპირი ანკეტა

19 თებერვალი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, „კავკასიელ ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერებაა, როდესაც შენ გარშემო აბსოლუტურად ყველა ადამიანი ბედნიერია. დამერწმუნეთ, როდესაც ქუჩაში გაღიმებულ სახეებს ვხედავ, მეც ბედნიერი ვარ და როდესაც დამძიმებულ სახეებს ვხედავ, მეც მაშინვე ვმძიმდები. ჩემი ოჯახი, ჩემი ახლობლობა რომც იყოს ბედნიერი, თუ სრულიად საქართველო, სრულიად კავკასია, თუნდაც სამყარო არ იქნება ბედნიერი, ეს უკვე ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება ვერ იქნება და ამის მიღწევა შეუძლებელია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- იმპულსურად ხშირად ვიცინი, თვისობრივად ცოტა რთულია სიცილი, განსაკუთრებით იმ ამბების შემდეგ, რაც ბოლო დროს პანკისში დატრიალდა.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- დღეს ვიტირე, როდესაც  ფილმი „მანდარინები“ კიდევ ერთხელ ვნახე. საერთოდ, ბუნებით უშიშარი ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი. სენტიმენტალურ ფრაზაზეც კი ცრემლი მადგება.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, პრინციპულობა, უსამართლობასთან შეუგუებლობა. უსამართლობას ვერასდროს შევეგუები, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- როგორც დედაჩემი მეუბნება - ფეთქებადი ხასიათი და უხეშობა. თუ გავბრაზდი, არ მოვზომავ, თუმცა უფროსსა და უმცროსს შორის დისტანციას ვიცავ, მაგრამ პირდაპირ ვეუბნები იმას, რაც მტკივნეულია. დედა მეუბნება, ტკბილმა სიტყვამ მყინვარწვერიც კი გაადნოო, მაგრამ იმდენად ემოციური ვარ, ამას ვერ ვახერხებ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ეს გამიჭირდება. ვერ გავკადნიერდები იმდენად, რომ რომელიმე ისტორიულ ფიგურას შევედარო.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- პირველ რიგში, ის, ვინც დგას დამოუკიდებლობისა და სამშობლოს სადარაჯოზე, ვინც სამშობლოს თავისუფლებას, მის კეთილდღეობას ეწირება. ადამიანები, რომლებიც მკაცრ მთებში, ჩვენს დაცარიელებულ სოფლებში თითო-ოროლა შემორჩნენ, რომლებიც არ ტოვებენ წინაპართა კერას. პედაგოგები, ექიმები - ესენი არიან ჩემი გმირები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ოთარაანთ ქვრივი, ჰაჯი-უსუბი, ჯოყოლა ალხასტაისძე და ელიმარზა ნეთხიჩოელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ისტორიული პიროვნებაა. ყმაწვილობის პერიოდში ჩემი მხატვრული გმირი ტეს დ’ერბერვილი იყო.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- სიმართლე გითხრათ, როდესაც ყველა ეიფელის კოშკზე საუბრობდა, მეც გამიჩნდა ინტერესი. მოვახერხე და 2006 წელს პარიზში წავედი. არანაირი შთაბეჭდილება არ დამიტოვა. ჩემთვის ეს აღმოჩნდა ჩვეულებრივი რკინის კონსტრუქცია, ოღონდ ხეივანი მომეწონა, რომელიც ეიფელის კოშკამდე მიდის. უფრო ემოციური იყო ვატერლოოს მთა და ის რესტორანი, სადაც, თურმე, ნაპოლეონი ვახშმობდა. სირია-იორდანიაში მოგზაურობისას საოცარი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე „პალმირამ“ „ბოსრამ“ და „ალ-ჯარაშმა“, მაგრამ ვერ შევადარებ იმ სასწაულ ემოციას, რომელიც განვიცადე ინგუშების კოშკთა ქალაქების „ერზის“ და „თარგიმის“ ნახვისას. გავქვავდი, ორი საათი ვერ ვლაპარაკობდი. ეს იყო ჩეჩნეთის პირველი ომის შემდგომი მოგზაურობა, როდესაც ინგუშეთში, ჯაირახის ხეობაში მოვხვდი. მსგავსი საოცრება ჯერ არ მინახავს. თუმცა, უნდა ვთქვა, სვანეთი, ხევსურეთი, ხევი და თუშეთიც იგივეა ჩემთვის.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ჩეჩნურად ვიტყვი - „იაჰ იოლუ კანთ“. ამ სიტყვის ქართული შესატყვისია - ღირსებას დამატებული სიმამაცე, სიამაყე, ვაჟკაცობა, სიბრძნე. ყველა საუკეთესო თვისებას აერთიანებს, მაგრამ მთავარი მაინც ღირსებაა.


- ქალში?
- ისე გამზარდეს, რომ მიმაჩნია, ქალის უმთავრესი თვისება პატიოსნება, ინტელექტი, გულწრფელობა და ალბათ, მოკრძალებაა.


- საყვარელი მწერლები?
- გოდერძი ჩოხელი, შოთა არაბული, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, შოთა რუსთაველი. ჩეჩენი მწერალი აბუზარ აიდამიროვი, მსოფლიოში ბესტსელერად ქცეული „გრძელი ღამეების“ ავტორი. სამწუხაროდ, ჩვენთან არ იცნობენ, მაგრამ საოცარი მწერალი იყო. ინგუში მწერალი იდრიზ ბაზორკინი, „ბნელი საუკუნეების“ ავტორი. ამ წიგნმა დიდი აღიარება მოიპოვა. მამაჩემი ფილოლოგი იყო. ძალიან დიდი ბიბლიოთეკა გვქონდა და კითხვა ბავშვობიდან შემაყვარა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჩარლზ დიკენსი, დოსტოევსკი, თომას ჰარდი, ედგარ პო და ერნესტ ჰემინგუეი, შტეფან ცვაიგი და თომას მანი. ერთის გამორჩევა ძალიან რთულია.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- რატომღაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ მოსმენის დროს კავკასიურ რიტმს ვგრძნობ. ყველა თავისებურად აღიქვამს, მაგრამ მე ძალიან მაწყნარებს. არ მინდა, ბანალურად გამომივიდეს, მაგრამ ასევე მომწონს იოჰან სებასტიან ბახი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. გიორგი ცაბაძე მიყვარს და გია ყანჩელი. ასევე, ძალიან მიყვარს კავკასიური ფოლკლორი.


- ფილმი?
- უფრო ისტორიული ჟანრის ფილმები მომწონს: ჯიმ სტარჯესის „შესანიშნავი შვიდეული“, მელ გიბსონის „მამაცი გული“. ბოლო დროის ფილმებში ჩემთვის გამორჩეულია ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ - ამ ფილმს ვერაფერს შევადარებ.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მიღწევებზე საუბარი ცოტა რთულია. თუკი რამე სიმდიდრე და მიღწევა გამაჩნია, ეს ხალხის მხრიდან სიყვარული და ნდობაა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- უფალი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ღირსებაა, მაგრამ ღირსებაზე მაღლა უფალია ჩემში. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, შვილები, ოჯახი, მაგრამ უფალი და სამშობლო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ასეთი თარიღი. აფხაზეთის მოვლენებს, ჩეჩნეთის ომებს, როდესაც ჩეჩნების გადაცემა მოხდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან არაერთხელ. რაც ჩემ თვალწინ მოხდა და რაც მე გამოვიარე, ყველა ამ ცუდ თარიღს გამოვტოვებდი. 


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ყველაზე ძვირფასი, რისთვისაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე ღირდეს. სამშობლო არის ჩემთვის გზა თავისუფლებისკენ. გოეთე ამბობს, მხოლოდ ის ადამიანია თავისუფლების ღირსი, ვინც ყოველდღიურად იბრძვის ამისთვის. სამშობლო და თავისუფლება ჩემთვის გაიგივებულია. ჩემს შემთხვევაში ცოტა რთულად არის საქმე. ბევრი ამბობს, რომ სამშობლო მხოლოდ ერთია. მე ამის თქმა გამიჭირდება. ძალიან ძვირფასია ჩემთვის ჩემი საქართველო, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ენა ავიდგი, ჩემი ტკბილი სამშობლო, მაგრამ ის ჩეჩნეთიც ჩემი სამშობლოა, ჩემი ვერდაჩოქილი და მრავალტანჯული იჩქერია და ამას ვერ უარვყოფ. შეიძლება მდიდარიც ვარ, რადგან ორი სამშობლო მაქვს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ხალხის სიყვარულისა და ნდობის დაკარგვის, უღირსი საქციელის ჩადენისა და ახლობლებისა და თავისუფლების დაკარგვის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- რაც არ უნდა ვისურვო, უფლის განაჩენია, როგორ მოხდება ეს. თუმცა, ერთადერთი სურვილი მაქვს, რომ შვილების (არამხოლოდ საკუთარი, და-ძმის შვილებისაც) სიკვდილი არ ვნახო და ლოგინად არ ჩავვარდე, სხვა ყველაფერი მისაღებია. ჩეჩნებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: „ვახარალ დოქხა ირიზ ვალარან დიეზა“, ანუ „ადამიანს, სიცოცხლეზე მეტად, სიკვდილში უნდა ბედი“.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- თუკი მეტყვის, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდა, ღირსეულად ვატარე ის ტვირთი, რომელიც უფალმა დამაკისრა და მოუნანიებელი ცოდვები არ ჩამიდენია, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ჩვენ გვერდით

რატომ დადიან ნიღბით ზოგ ქვეყანაში მასიურად და ზოგან - იშვიათად?

სცადეთ და გაიარეთ ნიღბის გარეშე ჰონგ-კონგში, სეულსა ან ტოკიოში - ყველგან იგრძნობთ მტრულ და არამეგობრულ მზერას.
ამბები

უმსხვილესმა ფეისბუქ-ჯგუფმა „მოგზაურთა კლუბმა“ StopCov ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა

COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.
დღის ჰოროსკოპი

4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აპრილილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

დღეიდან ,,მაგნიტის“ მომხმარებლებს მარტოხელა მოხუცების დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

„მაგნიტში“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, რომლის მიხედვით, მომხმარებელი, სურვილის შემთხვევაში, განსაზღვრულ პროდუქტს შეიძენს და სპეციალურად გამოყოფილ კალათში მოათავსებს.
ამბები

„არქიმ“ თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა

დღეს „არქი“ მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალი N95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით „არქიმ“ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.
კინო

კორონავირუსზე პირველი დრამა გადაიღეს - ნახეთ ფილმის ტრეილერი (ვიდეო)

ფილმი გადაიღო ირანული წარმოშობის კანადელმა რჟისორმა მოსტაფა კეშვარიმ, რომელმაც დრამას „Corona“ უწოდა.
ამბები

„სმარტი“, წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად, საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს

„სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში საქართველოს წითელი ჯვრისა და ქალაქ თბილისის მერიის ხანდაზმულთა მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში სპეციალური კუთხეები მოეწყო, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, მათთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საჭიროებების წინასწარ შემუშავებული სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.
დღის ჰოროსკოპი

3 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება.
ჩვენ გვერდით

როგორ კრძალავენ კორონავირუსით გარდაცვლილებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ნახეთ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ფოტოგრაფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაღებული ემოციური ფოტოები, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ დრო ჯერ ისევ covid-19-ის სასარგებლოდ მუშაობს... კორონავირუსი ჯერ ისევ კლავს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

„ეპილაცია“ კლეოპატრას და თამარ მეფის დროს

საინტერესოა - პირველად ვინ მიხვდა, რომ სხეულზე თმა უშნოა, განსაკუთრებით - ქალისთვის? 
ამბები

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას

კომპანია „ნატახტარის“ ინფორმაციით, „ეფეს საქართველო“ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით განაგრძობს მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის წარმოებას.