მარიამ ბოლქვაძე: „ინოლა გურგულიად დავიბადებოდი“

ზეპირი ანკეტა

19 მარტი 20:00, 2018 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია თოჯინების სახელოსნო „სოკომოროს“ დამფუძნებელი მარიამ ბოლქვაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- საერთოდ, სრულყოფილი ბედნიერება რამდენად არსებობს, ეს სადავო საკითხია, მაგრამ, ერთხელ მაინც თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცამ ეს ირწმუნა, ე.ი. არსებობს. საერთოდ, მგონია, რომ ბედნიერება ორი სახით აღიქმება ადამიანისთვის. ერთ შემთხვევაში ბედნიერებას უფრო ემოციური აღქმა აქვს, მეორე შემთხვევაში - რაციონალური. როდესაც ემოციურად აღვიქვამთ ბედნიერებას, ჩემი აზრით, უფრო დროში ვიწროდ ლოკალიზებულ მოვლენებს უკავშირდება. თუნდაც მოულოდნელ საჩუქარს, თუნდაც მიღწეულ მიზანს, გამარჯვებას. ეს ერთჯერადად მომხდარი მოვლენები იმდენად ფარავს დანარჩენ შეგრძნებებს, რომლებიც შეიძლება სტაბილურად გქონდეს, რომ ნეგატიური განცდის ადგილი აღარ რჩება. შეიძლება, ზუსტად მაშინ იქმნება იმის ილუზია, რომ ეს არის სრულყოფილი ბედნიერება და ზუსტად ის არის, რასაც ველოდით.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიცინი, მაგრამ არ მავიწყდება ერთი ძალიან სასაცილო მოვლენა, რომელიც დიდი ხნის წინათ მოხდა. ჩემმა საყვარელმა ნათესავმა გადაწყვიტა, კორკოტი გაეკეთებინა. შეეშალა და ხორბლის ნაცვლად წიწიბურა იყიდა. ასე, წიწიბურა საათობით ხარშა, შეფუთა და გააკეთა კორკოტი. საბოლოოდ, როდესაც ყველამ გავიგეთ, რომ წიწიბურასგან ჰქონდა გაკეთებული კორკოტი, ძალიან ბევრი ვიცინეთ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც უფრო ბედნიერებისგან ან სიხარულისგან ტირიან, ვიდრე მელანქოლიისგან. ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა გაიარა პირველად და ამ მოვლენამ სიხარულის ცრემლები მომგვარა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სულ მეკითხებიან, როგორ შემიძლია, ყველაფერზე ვთქვა „მაგრამ“ და კარგი კუთხით შევხედო. მე მგონი, ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, ვფიქრობ, დაბადებიდან ჩამიმონტაჟდა ტვინში ასეთი არაჩვეულებრივი ფილტრი, რომელიც უფრო მეტად დადებით სიგნალებს აღმაქმევინებს და მამახსოვრებინებს, ვიდრე ნეგატიურს. ჩემი დადებითი მხარე არის ის, რომ ნებისმიერ მოვლენას მეტ-ნაკლებად დადებითი მხარე მოვუძებნო.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, ისეთი ფორმით ვთქვა, რომ ვერდიქტივით კი არ ჟღერდეს, არამედ, მისი გამოსწორების საშუალება მქონდეს. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს, არის ის, რომ ძალიან გაფანტული ვარ. ვისურვებდი, რომ რაღაც ნიჭი და უნარები ერთ სფეროში მქონდეს აკუმულირებული, რადგან ამგვარად უფრო გამიადვილდებოდა ჩამოყალიბება.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- უოლტ დისნეისთან. მე და დისნეი ერთ დღეს ვართ დაბადებულები და როდესაც ეს გავიგე, ეტყობა, მაშინ გამიჩნდა ეს პირველი იდენტიფიკაცია მასთან. ამ ეტაპზეც რასაც ვაკეთებთ, ორიენტირებულია მთლიანად ბავშვების სიხარულზე და არამხოლოდ. ნუ, თუ ეს რაღაც გვაერთიანებს, იყოს უოლტ დისნეი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- მინდა, ხაზი გავუსვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს. მაშინ, როდესაც მშობელს უწევს ძალიან დიდი ნებისყოფის, თავისი პირადი ეგოს დათმობა, მსხვერპლზე წასვლა, იმისთვის, რომ მისი შვილი იყოს იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა დროს იქნებოდა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს ეს გაასმაგებულად უწევთ. მე მყავს ისეთი ადამიანები, ვის მაგალითზეც დავრწმუნდი, რომ ეს არის გმირობის ტოლფასი - შექმნა შენი შვილისთვის ისეთი კომფორტი, რომ მან თავი იგრძნოს საზოგადოების სრულყოფილ წევრად.


- თქვენი მხატვრული გმირები
- პეპი - რომელიც აბსოლუტურად თვითმყოფადი ტიპია, ახერხებს ნებისმიერ სიტუაციაში იყოს ის, რაც არის. ფაქტობრივად, გარემოს ირგებს ისე, როგორც მას უნდა და ეს ძალიან მომწონს. და ასევე, ჩემი  მხატვრული გმირია ვაჟა ფშაველას ალუდა ქეთელაური, რომელიც ჩემთვის ძალიან იმედისმომცემი ადამიანია. 


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- დეკემბერში მე და ჩემი მეუღლე, მეგობრებთან ერთად ვიყავით იტალიაში. მოვინახულეთ ოთხი ქალაქი. ნამდვილად იყო აღმაფრთოვანებელი, მაგრამ ზაფხული რომ ყოფილიყო, შეიძლება, უფრო აღმაფრთოვანებელი ყოფილიყო, მაგრამ მიქელანჯელოს დავითის ნახვის დროს გავშეშდი. ეს, ეტყობა, იყო რაღაც პირველადი, რაც განვიცადე და მანამ არასდროს განმიცდია. აბსოლუტური სრულყოფილების შეგრძნება მქონდა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ზოგადად, ძალიან მომწონს მზრუნველი და დამოუკიდებელი ადამიანები. მიმაჩნია, მამაკაცს განსაკუთრებულად უხდება ეს თვისება საყვარელ ქალთან ურთიერთობის დროს, როგორც მამას, როგორც შვილს.  


- ქალში?
- ქალშიც იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა, მიხეილ ჯავახიშვილი, გურამ დოჩანაშვილი, შტეფან ცვაიგი და ჯორჯ ორუელი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ინოლა გურგულიად დავიბადებოდი და ბრაზილიელი კომპოზიტორი ანტონიუ კარლუს ჟობიმი მიყვარს ძალიან. ბრაზილიურ მუსიკას ბავშვობიდან ვაღმერთებ და ამ ქვეყანასთან მაქვს ძალიან მშობლიური განცდები.


- ფილმი?
- ბოლოს საოცარი შეგრძნებითა და ემოციით ვუყურე გაბრიელე მუჩინოს ფილმს „ბედნიერების კვალდაკვალ“.  


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მგონი, ჯერ ადრეა მიღწევებზე საუბარი, მაგრამ ის, რომ „სოკომორო“ არსებობს, რა თქმა უნდა, იღბლისა და იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვისაც წვლილი მიუძღვის ამაში, მაგრამ მგონია, რომ რაღაცნაირად მეც შემიძლია ჩემი თავით ვიამაყო „სოკომოროს“ არსებობით.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ძალიან ბევრი რამ არის ძვირფასი, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა ჩემთვის.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ვფიქრობდი ერთი პერიოდი, რომ იყო ასეთი თარიღი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ პატიების თხოვნა ყველაზე კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ შენ თვითონვე გამოასწორო და აიძულო ეს თარიღი, დარჩეს შენს ცხოვრებაში, იმიტომ, რომ რაღაცნაირად გაზრდილი ბრუნდები მას შემდეგ, რაც ბოდიში მოიხადე და გაპატიეს.  


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი, მშობლები, მეგობრები, ის ქუჩები, სადაც ვცხოვრობ - ეს არის ჩემი სამშობლო, მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ სამშობლოს ერთგვარი მადლიერების გრძნობაც ახლავს. ზოგადად, ჩვენი პლანეტა ჩემთვის იმსახურებს იმას, რომ ჩემთვის მშობლიურად აღვიქვა. 


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიბნელის მეშინია და დღემდე დამეფიცება, რომ არასდროს მძინებია ბნელ ოთახში მარტო.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ძალიან დიდი ხნის მერე ვისურვებდი. არ მინდა, იყოს ბრძოლისა და ექსტრემალური სიტუაციები. მშვიდად, ისე, რომ ვერ გავიგო. ალბათ, ძილში ვისურვებდი უფრო სიკვდილს.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- პატარაობაში სულ ვფიქრობდი, განკითხვის დღე რომ დადგება, ნეტა რა ენაზე უნდა დავილაპარაკოთ მე და ღმერთმა-მეთქი. მერე, რაღაცნაირად შეხედულებები შემეცვალა და გამიჩნდა შეგრძნება, რომ არანაირი ენა და სიტყვები საჭირო არ არის ამისთვის. ჩემთვის ღმერთი არის სიკეთის, სიყვარულის, მზრუნველობის ერთი აკუმულირებული ენერგია და მინდა, ეს ყველაფერი ვიგრძნო მისგან, როდესაც ჩამეხუტება.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.