იცით თუ არა

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა

fun time

23:27 შაბ. 4 აპრილი

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

14
დაკოპირებულია

ბზობა ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია და მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში.

ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა.

ბზობა აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე. ამ ფაქტით ებრაელთა უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. მაშასადამე, რომ არ ყოფილიყო ლაზარეს აღდგინება, არავინ შეხვდებოდა დიდებით ქრისტეს იერუსალიმში, ახლა კი სახედრის კვიცზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა როგორც მეფეს: ფეხქვეშ უშლიდნენ ხალიჩებს, თავიანთ გარესამოსელს, პალმის ტოტებს, ყვავილებს და სულიწმიდის მადლით უგალობდნენ როგორც ღმერთს: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შესვლა იყო, შესვლა ზეიმით ოქროს კარიბჭიდან (იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს. დღეს იგი ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება) და იყო ეს ერთადერთი შემთხვევა, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა.

ამაზე წმინდა მამები ასეთ განმარტებას იძლევიან: ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც დღეს „ოსანას“ გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას. ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე 70 წ. იერუსალიმს, რომ მისგან „გოდების კედელიღა“ დარჩებოდა მთელი და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელს დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობის დროს, ქრისტე გაუხედნავ კვიცზე (ჩოჩორზე) იჯდა და უკან დედა სახედარი მისდევდა. ეს სიმბოლურია — წმიდა მამათა აზრით, ქრისტეს პირველად „გაუხედნავი“, წარმართი ხალხი შეიწყნარებდა, ხოლო სულ ბოლოს, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, ებრაელებიც მოიქცევიან ქრისტიანობაზე.

ფოტოზე: ქრისტეს შესვლა იერუსალიმში.
XII საუკუნე, მოზაიკა, პალატინის კაპელა, იტალია.

წყარო: www.nplg.gov.ge


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს