დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გარეცხვა რამდენიმე კვირა არ სჭირდება
14:50 შაბ. 25 ივლისი
დანიურმა ბრენდმა Organic Basics-მა ზარმაცების ოცნება აასრულა და ქალისა და მამაკაცის თეთრეულის ისეთი ხაზი შექმნა, რომელშიც NASA-ს მაღალი ტექნოლოგიებია გამოყენებული. ამ კოლექციის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ საცვლების გარეცხვა ძალიან დიდხანს არ მოგიწევთ.
ქსოვილ „SilverTech“ -ის შემადგენლობაში, რომლითაც საცვლები შეიკერა, შედის ვერცხლის ქლორიდი, რომელიც ბაქტერიების 99.9%-ს ანადგურებს. ცნობისთვის, ზუსტად ამ ტექნოლოგიას იყენებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წყლის გასაწმენდად.
როგორც იცით, ოფლი თავისთავად უსუნოა. უსიამოვნო სუნს წარმოქმნიან ბაქტერიები, რომლებიც სხეულის სითბოსა და ტენიანობაში მრავლდებიან. ვერცხლის იონები ბაქტერიების უჯრედულ კედლებს შლიან და მათ გამრავლებას აჩერებენ, შესაბამისად, სუნი საერთოდ არ ჩნდება.
დიზაინერების თქმით, ამ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, თეთრეული არც უსიამოვნო სუნს შეიწოვს და არც ჯანმრთელობას აყენებს რაიმე ზიანს.
რამდენ ხანს შეიძლება ატარო გარეცხვის გარეშე?
დანიური კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ „SilverTech“ -ის ჩაცმა გარეცხვის გარეშე რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება.
გარდა ამისა, „ჭკვიანი“ ქსოვილი სხეულის ტემპერატურასაც სწორად აღიქვამს და საცვლის მფლობელს არც გაოფლიანების საშუალებას მისცემს და არც შეცივების.
კომპანიაში ამ ხაზს „ეკო-თეთრეულს“ უწოდებენ და მართლაც, მისი შექმნელები კეთილშობილურ ეკოლოგიურ მიზნებს ემსახურებიან.
Organic Basics-ის კვლევის მიხედვით, ტანსაცმლის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის 2/3 მოდის სწორედ მისი მოვლასა და ხშირ რეცხვაზე (წყლის, ელექტროენერგიის და სარეცხი საშუალებების ხარჯი) და არა უშუალოდ წარმოებაზე. ამიტომ, იშვიათი რეცხვით პლანეტის რესურსები საგრძნობლად იზოგება. ამასთანავე, 100%-ით გადამუშავებული ნეილონის წყალობით, ეს საცვლები უზომოდ გამძლეცაა.
დაბოლოს, კომფორტისა და ეკო-ცნობიერებისთვის მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა მოგიწევთ: ორი მამაკაცის ტრუსისგან შემდგარი ნაკრები 64 დოლარი ღირს, ხოლო ქალის ორი ტრუსის შესაძენად 56 დოლარის გადახდა მოგიწევთ.
ამ პროექტის წარმატების შემდეგ, კომპანიამ იმავე ტექნოლოგიით (SilverTech 2.0) გამოუშვა მაისურები, წინდები, სპორტული ტოპები და ლეგინსებიც კი, რომლებიც მოგზაურებსა და მოლაშქრეებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
წყარო: nymag.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან