საკნატუნო ამბები

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტები თამბაქოსთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებიდან

fun time

15:42

სიგარეტი რეცეპტით

14
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის მესამედი ანუ დაახლოებით 1.2 მილიარდი ადამიანი (მათ შორის 200 მილიონი ქალი) მწეველია. თამბაქო ყოველწლიურად 3.5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, რაც დღეში საშუალოდ, 10 ათას გარდაცვლილს ნიშნავს. კაცობრიობა ყოველწლიურად ტრილიონზე მეტ ღერ სიგარეტს ეწევა და თამბაქოს ნაწარმში 100 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს.

თუ გგონიათ, რომ თამბაქოსთან ბრძოლა მხოლოდ თანამედროვეობის გამოწვევაა, ცდებით. მწეველების „დევნა“ ევროპაში ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო — აღსანიშნავია, რომ პირველი შეზღუდვები კონტინენტზე თამბაქოს გამოჩენამდე დაწესდა.

ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი თამბაქოს მოწევის გამო ციხეში ჩასვეს - „მხოლოდ ეშმაკს ძალუძს, ადამიანს ნესტოებიდან ბოლის გამოშვების უნარი მიანიჭოს“ — ასეთი იყო სასამართლოს ვერდიქტი.

1575 წელს ესპანეთში კათოლიკურმა ეკლესიამ სალოცავ ადგილებში მოწევა მკაცრად აკრძალა.

1624 წელს რომის პაპი ურბან VIII უფრო რადიკალურ ზომებზე გადავიდა და მწეველები, რომლებიც მავნე ჩვევას თავს ვერ აღწევდნენ, ეკლესიიდან მოკვეთა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამაც გაიმეორა.

XVII საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში თამბაქოს პროპაგანდა დაიწყო, რადგან ამას ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა.

ამერიკის შეერთებული შტატები

პირველი დიდი ანტინიკოტინური კამპანია აშშ-ში XIX საუკუნეში გაჩაღდა.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად, სასულიერო პირებს მხარი მკვლევრებმაც დაუჭირეს. მათ თამბაქოში მომაკვდინებელი ნივთიერება — ნიკოტინი აღმოაჩინეს და ის ზიანი, რასაც მოწევა ორგანიზმს აყენებს, მეცნიერულად დაასაბუთეს.

ცალკეულმა შეზღუდვებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რასაც ქვეყანაში პირველი დიდი ანტინიკოტინური მოძრაობა მოჰყვა.

დღეს აშშ-ის თითქმის ყველა შტატში მოქმედებს შესაბამისი კანონმდებლობა. მაგალითად:

ნიუ-იორკში საზოგადოებრივ ადგილსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სიგარეტის გაბოლებისთვის 1000-დოლარიანი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ილინოისში მწეველებს უფლება აქვთ თამბაქო მხოლოდ საკუთარ სახლში, პირად ავტომობილსა ან სასტუმროს სპეციალურ ნომრებში მოსწიონ.

Zippo, სანთებელების მსოფლიო გიგანტი გეგმავს, თავის ძირითად პროდუქციაზე ეტაპობრივად უარი თქვას და ტანსაცმლისა და საათების წარმოებაზე გადაერთოს.

გერმანია

გერმანიაში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა 1934 წელს დაიწყო. შეზღუდვები დაწესდა თამბაქოს რეკლამაზე და აიკრძალა მოწევა რესტორნებსა და კაფეებში.

ამ კამპანიას ზურგს უმაგრებდა ჰიტლერის უკიდურესი ანტიპათიაც თამბაქოსადმი.

თანამედროვე გერმანიაში მოწევა აკრძალულია ყოველგვარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ტაქსის ჩათვლით), ხოლო სიგარეტის ყიდვა მხოლოდ სრულწლოვნებს შეუძლიათ.

გარდა ამისა, სადაზღვევო კანონმდებლობით, არამწეველის შენატანი 40%-ით ნაკლებია, რადგან ჯანდაცვის სისტემას ის გაცილებით იაფი უჯდება.

იმ თანამშრომლებს, რომლებიც უარს ამბობენ სამუშაო ადგილებზე „მოსაწევად გასვლაზე“, დაზოგილი დრო შვებულებას დღეების სახით ემატებათ.

იტალია

იტალიაში საზოგადოებრივ ადგილზე სიგარეტის მოწევისთვის ჯარიმა 250 ევროა, ხოლო თუ ახლომახლო ორსული ქალი ან ბავშვი იმყოფება, ჯარიმის ოდენობა 1500 ევრომდე იზრდება.

ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით გაფრთხილებას, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა მკაცრად აკრძალულია.

შვედეთი და ნორვეგია

შვედეთში სიგარეტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში.

დამსაქმებლები იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოწევას თავს ანებებენ, პრემიებს უხდიან. უფრო მეტიც, თუ შვედი სტუდენტი ოსლოსა თუ კოპენჰაგენში სწავლობს და სტიპენდიის მიღება სურს, მან მოწევას თავი უნდა დაანებოს — სტიპენდიების გამცემი ფონდის პირობა ასეთია.

2003 წელს შვედეთი ყველაზე ჯანსაღ სკანდინავიურ ქვეყნად აღიარეს.

ნორვეგიამ 2004 წელს თამბაქო 1.5-ჯერ გააძვირა, რამაც სხვა ღონისძიებებთან ერთად საოცარი შედეგი გამოიღო: მოსახლეობაში მწეველთა რაოდენობა 17%-მდე შემცირდა.

ისლანდია, დანია და დიდი ბრიტანეთი

ისლანდია პირველი ქვეყანა იყო, სადაც ჯერ კიდევ 1992 წელს საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აიკრძალა, 2012 წლიდან კი სიგარეტის ყიდვა მხოლოდ ექიმის რეცეპტით არის შესაძლებელი.

დანიაში აკრძალულია მოწევა სამუშაო ადგილებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში. სხვათა შორის, ანტინიკოტინურ კამპანიას მხარი დედოფალმა მარგარეტ II-მ დაუჭირა, რომელიც ოდესღაც აქტიური მწეველი იყო.

დიდ ბრიტანეთში მოწევა აკრძალულია ყველა პაბში, რესტორანში, კლუბსა და გასართობ დაწესებულებაში. მოწევა ნებადართულია მხოლოდ კერძო საცხოვრებელში, ციხეებსა და სასტუმროს ნომრებში. წესების დარღვევისთვის ჯარიმამ შესაძლოა 2500 ფუნტს მიაღწიოს.

ბელგია, ნიდერლანდები და ფინეთი

ბელგიაში სიგარეტის მოწევა თითქმის ეროვნულ ტრადიციად ითვლებოდა, რის გამოც საზოგადოება შეზღუდვებს ცივად შეხვდა. მიუხედავად ამისა, მოწევა კვების ყველა ობიექტში აიკრძალა, ხოლო ერთ-ერთ რეგიონში დამსაქმებლებს დაევალათ, ზუსტად აღერიცხათ მოსაწევად დახარჯული წუთები და ეს დრო ხელფასიდან დაექვითათ.

ნიდერლანდები: ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მოწევაზე უარს იტყვის ან საერთოდ არ ეწევა, სახელმწიფოსგან წახალისება ელის. სპეციალური ტესტის გავლის შემდეგ, თუ ორგანიზმში ნიკოტინი არ აღმოჩნდა, ადამიანი ყოველთვიურად ხელფასზე 200 დოლარის ოდენობის დანამატს იღებს.

ფინეთში მოქმედებს კანონი, რომელიც საბავშვო და ადმინისტრაციული დაწესებულებების სიახლოვეს სიგარეტის მოწევას მკაცრად კრძალავს. სხვათა შორის, „თამბაქოსთან ბრძოლის თვეც“ პირველად სწორედ ფინელებმა მოიფიქრეს. ამ ქვეყანაში არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვა აკრძალულია, ხოლო მაღაზიებში სიგარეტი დახლზე კი არ დევს, არამედ მომხმარებელი მას სპეციალური კატალოგით ირჩევს.

პოლონეთი, უნგრეთი, კანადა

პოლონეთში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აკრძალულია, ამიტომ ქუჩებიდან სიგარეტის ავტომატები აიღეს. ამ ქვეყანაში მოსაწევად დახარჯული დრო სამუშაო საათებს აკლდება.

უნგრეთში არასათანადო ადგილას მოწევისთვის ჯარიმა 125 დოლარია, ხოლო გაყიდვის წესების დარღვევისთვის — 420 დოლარამდე.

კანადაში მოწევა აკრძალულია ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, აეროპორტში, სადგურსა და სამუშაო ადგილზე. საფერფლეები გაქრა ბარებიდან და რესტორნებიდან, ხოლო თამბაქოს კომპანიებს სპორტული ღონისძიებების სპონსორობა აეკრძალათ.

აზია და ოკეანეთი

სინგაპურში აკრძალულია რეკლამა და მოწევა აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივ ადგილას. ქვეყანაში განუბაჟებლად მხოლოდ ერთი გახსნილი კოლოფის შეტანაა ნებადართული. თუ სიგარეტს არ აქვს სპეციალური დაღი SDPC (Singapore Duty-Paid Cigarettes), პოლიციელს მისი ჩამორთმევის უფლება აქვს. კანონის დარღვევისთვის ჯარიმა, დაახლოებით, 1000 დოლარია.

იაპონიაში (ოსაკა) ერთ-ერთი კომპანია პრემიას უხდის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ნახევარი წლის განმავლობაში სიგარეტს არ გაეკარებიან.

მალაიზიაში სახელმწიფო შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს მათ, ვინც მოწევას თავი დაანება. სამედიცინო უნივერსიტეტებში კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომავალი ექიმების მომზადებას, თუ როგორ აუხსნან პაციენტებს თამბაქოს მავნებლობა.

ახალი ზელანდიის მთავრობას სჯერა, რომ მავნე ჩვევაზე უარის სათქმელად სიგარეტის გაძვირება საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ერთი კოლოფის საფასურის 60 ევრომდე გაზრდას გეგმავს.

საქართველო

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში 2018 შეიქმნა მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩო ამოქმედდა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ცვლილებები, აიკრძალა მოწევა ყველა დახურულ საზოგადოებრივ ადგილას, კაფე-ბარსა და რესტორანში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში.

აკრძალულია თამბაქოს ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტების პოპულარიზაცია, რეკლამა, სპონსორობა და სარეალიზაციო ობიექტებში ვიტრინაში გამოფენა.

დაწესდა მოთხოვნა, რომ თამბაქოს კოლოფებზე განთავსდეს დიდი ზომის სამედიცინო გაფრთხილებები და შეფუთვა იყოს ერთგვაროვანი, ბრენდინგისა და მიმზიდველი დიზაინის გარეშე.

გარდა ამისა, ფასების პოლიტიკა (აქციზის პერიოდული მატება) ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ხელმისაწვდომობის შესამცირებლად, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

***

დღეში 3 კოლოფი სიგარეტი, 39 კგ. და კიბო - უცნობი ფაქტები ოდრი ჰეპბერნის შესახებ]

როგორ დააწყებინა ფროიდის ძმისშვილმა სიგარეტის მოწევა ქალებს?

ხუთი ჩვევა, რომელიც მოწევაზე არანაკლებ მავნეა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?