დღეში 3 კოლოფი სიგარეტი, 39 კგ. და კიბო - უცნობი ფაქტები ოდრი ჰეპბერნის შესახებ
16:00 ორშ. 12 აპრილი, 2021 წელი
განუმეორებელი პრინცესა ანა, ელიზა დულიტლი და ჰოლი გოლეტი - ათწლეულის განმავლობაში ოდრი ჰეპბერნი სტილისა და ელეგანტურობის განსახიერებად რჩებოდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი იყო: შიმშილი და უპასუხო სიყვარული, ქორწინება და ღალატი...
ოდრის მშობლები ფაშისტების მხარდამჭერები იყვნენ
ოდრის დედა, ბარონესა ელა ვან ჰეემსტრა უძველესი არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი გახლდათ, მამა - ირლანდიელი ჯოზეფ ვიქტორ ენტონი ჰეპბერნ-რასტონი, რომლის შესახებ ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ოდრის მშობლები ერთმანეთს დიდი სკანდალის შემდეგ დაშორდნენ, როდესაც ქალმა ქმარი შინამოსამსახურის საწოლში იპოვა. ამ დროს ოდრი 6 წლის იყო.
გასული საუკუნის 30-იან წლებში მსახიობის ორივე მშობელი პოლიტიკაში ჩაერთო. ისინი ებრაელებს ებრძოდნენ და ნაცისტურ შეკრებებს აქტიურად ესწრებოდნენ. ელა ბრიტანელი ფაშისტების კავშირის მხარდამჭერიც იყო, თუმცა არნემის ოკუპაციის შემდეგ თავის შეხედულებებზე უარი თქვა და წინააღმდეგობის მორაობაში ჩაერთო. ყოფილი ცოლისგან განსხვავებით, ჯოზეფი სიცოცხლის ბოლომდე ძველ პოზიციაზე დარჩა.
39 კილო
მშობლების განქორწინების შემდეგ ოდრი, დედასთან ერთად, გერმანელების მიერ ოკუპირებულ არნემში ცხოვრობდა. ნაცისტების მდგომარეობა რომ გაუარესდა, ჰოლანდიელებსაც გაუჭირდათ. ომის ბოლოს, 1944 წელს ოდრის ბალახის, ჭინჭრისა და ტიტების ბოლქვების ჭამა უწევდა, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო. 1945 წელს ოდრი მხოლოდ 39 კგ იწონიდა.
ოდრი ბევრს ეწეოდა
ჰეპბერნმა სიგარეტის მოწევა მოზარდობის ასაკიდან დაიწყო. ის სიცოცხლის ბოლომდე დღეში ორ ან სამ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინის მავნებლობის შესახებ შესანიშნავად იცოდა. „უცოდველი არ ვარ“ - ამბობდა მსახიობი.
ოდრის რთული პირადი ცხოვრება ჰქონდა
ოდრის პირველი სიყვარული ჯეიმს ჰანსონი იყო. ლამაზმანმა საპატარძლო კაბა შეარჩია, საქმროსთან ერთად, ქორწინების თარიღი დანიშნა და ... გადაიფიქრა. ოდრის თქმით, მიხვდა, რომ ქორწინება დიდხანს არ გასტანდა, რადგან მათი კარიერა ოჯახურ ცხოვრებასთან შეუთავსებელია. „როდესაც გათხოვებას გადავწყვეტ, მსურს რომ ჩემი ქორწინება ნამდვილი იყოს“ - განაცხადა მსახიობმა.
ოდრის რომანი დაოჯახებულ უილიამ ჰოლდენთან „საბრინას“ გადაღებების დროს დაიწყო. ოდრის იმედი ჰქონდა, უილიამთან იქორწინებდა, ნამდვილი ოჯახი და ბევრი შვილი ეყოლებოდა, მაგრამ ყველაფერი დასრულდა, როცა გაიგო, რომ მისმა რჩეულმა ვაზექტომია გაიკეთა (თელსგამომტანი სადინრის ამოკვეთა. იყენებენ როგორც ადამიანის სტერილიზაციის საშუალებას).
მოგვიანებით, სპექტაკლზე „Ondine“ მუშაობისას, ოდრიმ პირველი მეუღლე მელ ფერერი გაიცნო. ფერერისთვის ეს უკვე მეოთხე ქორწინება იყო. წყვილმა ერთად 14 წელი იცხოვრა და ერთი შვილი შეეძინა.
განქორწინების შემდეგ ოდრი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ მსახიობს იტალიელ ფსიქიატრ ანდრეა დოტისთან მკურნალობაც კი დასჭირდა. სწორედ ფსიქიატრი გახდა ოდრის მეორე მეუღლე, რომელთანაც მეორე ვაჟი, ლუკა შეეძინა. წყვილი ერთმანეთს 13 წლის შემდეგ, ორმხრივი ღალატის გამო დაშორდა.
ოდრის მეტი ქორწინება არ ჰქონია, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა მსახიობ რობერტ ვალდერთან, რომელთანაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სიკვდილამდე ცხოვრობდა.
კარიერა მიატოვა ქველმოქმედებისთვის
1967 წელს მეხუთე და საბოლოო ოსკარის შემდეგ ოდრი ჰეპბერნი პენსიაზე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს რამდენჯერმე დაუბრუნდა, ოდრიმ მტკიცედ გადაწყვიტა, მსახიობობა ჰუმანიტარულ მისიებში მუშაობით ჩაენაცვლებინა. 1988 წელს ის გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩად დაინიშნა.
მილიონების უმშვენიერესმა კერპმა სიცოცხლის ბოლო წლები სომალში, ეთიოპიასა და ბანგლადეშში, ღარიბი ადამიანების გარემოცვაში გაატარა. ოდრი ხშირად აღნიშნავდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერო მას და ნიდერლანდებში მცხოვრებ სხვა ბავშვებს გადარჩენაში დაეხმარა და სურდა, თავისი მოღვაწეობით ორგანიზაციისთვის მადლობა გადაეხდა.
მოგზაურობა სომალიში და კენიაში, რომელიც 1992 წლის 19-დან 24 სექტემბრამდე გაგრძელდა, მსახიობისთვის უკანასკნელი გახდა. მოგზაურობის დროს ოდრის მუცლის ტკივილი დაეწყო. აფრიკელმა ექიმებმა დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს და მოგზაურობის შეწყვეტა შესთავაზეს, რაზეც ოდრიმ უარი თქვა.
კიბო
ოქტომბერში მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს. ოპერაციის შემდეგ ექიმებს მსახიობის განკურნების იმედი ჰქონდათ, მაგრამ შედეგებმა მოლოდინი არ გაამართლა.
ოდრი ჰეპბერნმა უკანასკნელი შობა შვილებთან ერთად გაატარა და ამ დღეებს თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დრო უწოდა.
მსახიობი 1993 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოდრის შვილები - ძმა ძმის წინააღმდეგ
ოდრის გარდაცვალების შემდეგ, 2015 წელს მისმა ორმა ვაჟმა - ლუკა დოტიმ და შონ ფერერმა დედის ქონების გამო სასამართლო დავა დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ დაედგინათ, ვინ არის დედის ტანსაცმლის, სამკაულების, სცენარებისა და ჯილდოების მფლობელი.
მოსამართლის მცდელობა, დავა მორიგებით დაესრულებინა, უშედეგო აღმოჩნდა. 2017 წელს ლუკამ და შონმა სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან