ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მონტალჩინი: ისწავლეთ ცხოვრება საკვების გარეშე
18:25 შაბ. 20 ივლისი
„საჭმლის მოსანელებლად თეთრ ღვინოს ვსვამ, დაბალი წნევის დროს - წითელი ღვინოს, მაღალი წნევის დროს - კონიაკს, ყელის ტკივილის დროს - არაყს. წყალს როდის ვსვამ? - ასეთი დაავადება არასდროს მქონია,“ - ნამდვილად თქვა თუ არა ეს სიტყვები რიტა ლევი-მონტალჩინმა, არავინ იცის, მაგრამ ისინი ზედმიწევნით ასახავს ამ საოცარი ქალის - იტალიელი ნეირობიოლოგისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ხანგრძლივ ცხოვრებას.
რიტა ლევი-მონტალჩინი (Rita Levi-Montalcini) 1909 წელს ტურინში, მათემატიკოსისა და მხატვრის ოჯახში დაიბადა.
ოჯახში, მის გარდა, ტყუპი და და უფროსი ძმა იზრდებოდნენ. სახლში ცხოვრების პატრიარქალური წესი იყო - ყველა საკითხს მამა წყვეტდა.
მშობლებმა შვილებს საუკეთესო განათლება მისცეს. რიტას წიგნების კითხვა უყვარდა და მწერლობაზე ოცნებობდა, მაგრამ როდესაც მისი საყვარელი ძიძა კიბოთი გარდაიცვალა, გადაწყვიტა, თავი მედიცინისთვის მიეძღვნა. ამ დროიდან გოგონამ მთელი ყურადღება ბიოლოგიის, მათემატიკის, ბერძნულისა და ლათინური ენის სწავლაზე გადაიტანა.
***
მშობლებმა რიტა ტურინის უნივერსიტეტში, ჰისტოლოგიის შესასწავლად (ცოცხალი ორგანიზმების ქსოვილების აგებულება და განვითარება) განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე გაგზავნეს.
რიტა უნივერსიტეტში ბრწყინვალედ სწავლობდა. მისი დამრიგებელი მოგვარე და ცნობილი ჰისტოლოგი ჯუზეპე ლევი გახლდათ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რიტამ მასთან ცოდნის გაღრმავება გააგრძელა, მაგრამ 1938 წელს იტალიაში ებრაელებს სწავლება და კვლევის ჩატარება აუკრძალეს. ჯუზეპე ლევი უნივერსიტეტიდან გაუშვეს და რიტაც წამოვიდა.
ახალგაზრდა ქალი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ფლორენციის მიყრუებულ სოფელში გადავიდა და კუსტარული ლაბორატორია პირდაპირ საძინებელში მოიწყო.
რიტამ სირთულეებს აზროვნების მოტივაციად მიიჩნევდა. მან თანდათან ისწავლა ჩვეულებრივი, სამკერვალო ნემსებით მასალის გაკვეთა, ხოლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ადგილობრივ ფერმერებს კვერცხებს სთხოვდა.
„მუსოლინის მადლობა ეკუთვნის, რომ დაბალი რასის წარმომადგენლად გამომაცხადა. ნაცისტები ვერ წარმოიდგენდნენ იმხელა სამსახური გამიწიეს. ჩემს საძინებელში უფრო მეტს ვაკეთებდი, ვიდრე უნივერსიტეტის ლაბორატორიაში,“ - სიცილით იხსენებდა რიტა.
***
1947 წელს რიტა სენტ-ლუისის უნივერსიტეტმა მიიწვია, სადაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იმუშავა, პროფესორი გახდა და კიბოსა და ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში უამრავი აღმოჩენა გააკეთა.
1986 წელს 77 წლის რიტა ლევი სახლში წიგნს კითხულობდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა და შეატყობინეს, რომ მიენიჭა მედიცინასა და ფიზიოლოგიაში ნობელის პრემია ზრდის ფაქტორების აღმოჩენისთვის.
რიტა რელიგიური არასოდეს ყოფილა, თუმცა ის პირველი ქალია, რომელიც რომის პაპის მეცნიერებათა აკადემიაში ჩაირიცხა.
რიტა არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და არაფერია ცნობილი მისი სასიყვარულო ისტორიების შესახებ - ქალმა მთელი სიცოცხლე მეცნიერებას მიუძღვნა!
თუმცა ასკეტურად არასოდეს უცხოვრია - უყვარდა თეატრი, სახლში წვეულებებს მართავდა, სადაც გემრიელ კერძებს და სასმელებს მიირთმევდნენ და დილამდე მეცნიერებაზე კამათობდნენ. რიტა ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ცხოვრება შვილების გარეშეც სავსეა ადამიანური ურთიერთობებით, საქმითა და გატაცებებით.
ის ყოველთვის ზრუნავდა საკუთარ თავზე, უყვარდა შოპინგი და დახვეწილი სამოსი. ხშირად ამბობდა, რომ სიბერე მაშინ მოდის, როდესაც ქალი ტანსაცმლის მიმართ ინტერესს კარგავს.
რიტამ 100 წლის იუბილე სამეცნიერო სემინარებში მონაწილეობით აღნიშნა. ქალი ამ დროს უკვე მხედველობისა და სმენის გაუარესებას უჩიოდა, თუმცა მისი ინტელექტი, იუმორის გრძნობა და ცხოვრების სიყვარული იგივე დარჩა.
”მე 100 წლის ვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით უკეთ ვაზროვნებ, ვიდრე ოცი წლის ასაკში. ოცი წლისები ხომ ისეთი სულელები ვართ...“ – განაცხადა იუბილარმა.
***
თავისი დღეგრძელობის საიდუმლო კი რიტამ ასე ახსნა: „მთელი საიდუმლო შრომაა! ყოველ დილას ლაბორატორიაში მივდივარ და ვმუშაობ, საღამოს კი შემიძლია ცოტაოდენი წვნიანი ვჭამო ან ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი დავლიო, მაგრამ საჭმელი და ძილი დიდად არ მაინტერესებს. თუ გინდათ 100 წლამდე იცოცხლოთ, დილის 5 საათზე გაიღვიძეთ, დღეში ერთხელ ჭამეთ და აიძულეთ თქვენი ტვინი, რომ იმუშაოს. ყველაზე მთავარია ისწავლოთ ცხოვრება საკვების, ქმრის და სინანულის გარეშე. სწორედ ამაზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობა,“ - ამბობდა ქალი.
რიტა ბევრ ფიქრს, რთული ლიტერატურის კითხვას და დღეში, სულ მცირე, 20 წუთის განმავლობაში უცხო ენის შესწავლას მიეჩვია, თუმცა დილის ვარჯიშები და სხვა ჯანსაღი ჩვევები ვერ გამოიმუშავა.
104 წლის მეცნიერმა, რომელმაც მთელი ცხოვრება საკვების, ქმრის და სინანულის გარეშე გაატარა, 2012 წლის 30 დეკემბერს უბრალოდ დაიძინა და აღარ გაუღვიძია.
ის იყო ქალი, რომელსაც მეცნიერული საქმიანობა მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ შეუწყვეტია.
ესეც დაგაინტერესებთ:
მარგარეტ ჰამილტონი - გოგონა, რომლის უშეცდომო კოდმა კაცები მთვარეზე დასვა
(რადიო)აქტიური: მარია კიურის სკანდალური პირადი ცხოვრება
პირველი ექიმი ქალი, რომელიც მსოფლიოს 46 წელი ატყუებდა!
10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან