თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილი შეეძინა - დნმ-ის ტესტმა ღალატი გამორიცხა და მეცნიერებს თავსატეხი გაუჩინა
19:17 პარ. 10 მაისი
2008 წელს ეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი „კანი“. ფილმის მთავარი გმირი ფერადკანიანი ქალი სანდრა ლეინგია (Sandra Laing) და ეს ერთადერთი ფილმი არაა, რომელიც სანდრას ცხოვრებაზე გადაიღეს (მთავარ ფოტოზე კადრი ფილმიდან „კანი“).
საქმე ის გახლავთ, რომ სანდრას თეთრკანიანი მშობლები ჰყავდა. როცა ფერადკანიანი გოგონა დაინახა, წყვილი თვალებს არ უჯერებდა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად გოგონას კანი გაუღიავდებოდა, მაგრამ შეცდნენ...
მალე უჩვეულო შემთხვევით მეცნიერები დაინტერესდნენ. დნმ-ის ტესტმა თეთრკანიანი მამაკაცის მამობა დაადასტურა ანუ ცოლს მისთვის არ უღალატია.
ახალშობილი "სიურპრიზით"
1955 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პიტ რეტიფში მოხდა შემთხვევა, რომელმაც არა მარტო უბრალო ადამიანების, მეცნიერების ყურადღებაც მიიქცია.
ქალაქის ერთ-ერთ სამშობიაროში თეთრკანიანმა ქალმა, სუზანმა თეთრკანიანი ქმრისგან ფერადკანიანი გოგონა, სანდრა გააჩინა. გაკვირვებული მშობლები ამბობდნენ, რომ ფერადკანიანი წინაპარი ან ნათესავი არასოდეს ჰყოლიათ.
ეს უჩვეულო შემთხვევა აპარტეიდის ანუ რასობრივი დისკრიმინაციის დროს მოხდა, როდესაც თეთრკანიანის ურთიერთობა ფერადკანიანთან სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა.
ბავშვის დედამ გამოაცხადა, რომ ერთგული მეუღლე და ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერია, ამიტომ ქმრისთვის არ უღალატია.
იმ დროს თანამედროვე დნმ-ის ტესტები არ კეთდებოდა, მაგრამ სისხლის ტესტმა დაადგინა, რომ ბავშვის მამა, ძალიან მაღალი ალბათობით, სწორედ სუზანის ქმარია.
ცხოვრება უფლებების გარეშე
სანდრა რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო თვალშისაცემი ხდებოდა ნეგროიდული რასისთვის დამახასიათებელი ნაკვთები.
თეთრკანიანმა მშობლებმა შვილი თეთრკანიანი ბავშვების სკოლაში მიიყვანეს, რადგან თავად ევროპელები იყვნენ. სკოლაში გოგონას საშინელი ჩაგვრისა და დამცირების ატანა უწევდა. მოსწავლეები სანდრას გამუდმებით დასცინოდნენ, თუმცა ყველაზე უარესი წინ ელოდა.
ფოტოზე: სანდრა მშობლებთან ერთად
სანდრა 10 წლის იყო, როდესაც სხვა ბავშვების მშობლებმა პოლიციაში დაასმინეს და სკოლიდან გაარიცხინეს. სკოლაში სამართალდამცველები მივიდნენ და ფერადკანიანი გოგონა შენობიდან დამნაშავესავით გაიყვანეს. ის სკოლიდან სხვა ბავშვების მშობლების თხოვნით გარიცხეს. სანდრას მშობლები იძულებული გახდნენ, შვილი საეკლესიო სკოლაში შეეყვანათ.
ერთ-ერთ ინტერვიუში სანდრამ აღიარა, რომ მაშინ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა, რადგან მასთან ურთიერთობას ყველა თეთრკანიანი ბავშვი გაურბოდა. სანდრას მშობლების მცდელობით, თეთრკანიანების ფერადკანიანი შვილის ამბავმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამდე მიაღწია და 1966 წელს გოგონა თეთრკანიანად ოფიციალურად აღიარეს.
ამის მიუხედავად, სანდრას მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება არ შეცვლილა.
გატეხილი ბედი
სანდრას რამდენიმე ფერადკანიანი მეგობარი ჰყავდა, თუმცა თავს მაინც ყველასგან გარიყულად გრძნობდა. გარდა ამისა, მისი მშობლები გამუდმებით ჩხუბობდნენ და განქორწინების ზღვარზე იყვნენ. გოგონამ ამ მდგომარეობას ვერ გაუძლო და 15 წლის ასაკში, ფერადკანიან მეგობართან ერთად, სახლიდან გაიქცა.
მშობლებმა, ძებნის ნაცვლად, შვილთან ურთიერთობაზე უარი თქვეს, რადგან ის ნეგროიდული რასის წარმომადგენელთან მეგობრობდა.
გარკვეული დროის შემდეგ დედამ სანდრასთან ურთიერთობა აღადგინა, მაგრამ ფარულად - მამა სიკვდილამდე პრინციპების ერთგული დარჩა.
მალე სანდრას მშობლები საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ და შვილთან კავშირი საბოლოოდ გაწყდა. სანდრას ორი შვილი შეეძინა. კანონის თანახმად, თეთრკანიან ქალს ფერადკანიანი ბავშვების გზრდის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ ქალმა ყველა სახელმწიფო უწყება მოიარა, რათა ახლა უკვე, თეთრკანიანის ნაცვლად, იურიდიულად ფერადკანიანად ეღიარებინათ.
მძიმე ვითარებამ ოჯახში არსებულ ატმოსფეროზე იმოქმედა და მეუღლეები დაშორდნენ. სანდრა ისევ მარტო დარჩა - ბავშვები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იზრდებოდნენ.
გარკვეული დროის შემდეგ სანდრა მეორედ დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა, თუმცა გამუდმებით უფროსი შვილების სახლში დაბრუნებას ცდილობდა.
ფოტოზე: სანდრა ლეინგი შვილებთან ერთად
80-იან წლებში ქალმა მშობლების ადგილსამყოფელი დაადგინა - მამა იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, სიუზანმა კი ქალიშვილთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.
2000-იან წლებში სანდრას დედა მოხუცებულთა თავშესაფარში აღმოჩნდა, სადაც სანდრამ იპოვა. დედა-შვილმა ერთმანეთს ყველა წყენა აპატია და ურთიერთობა აღადგინა.
ფოტოზე: სანდრა ლეინგი დედასთან, სიუზანთან ერთად
სიუზანი 2001 წელს გარდაიცვალა. სანდრამ კი სამხრეთ აფრიკის მთავრობისგან საჩუქრად ბინა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს სანდრას გენეალოგია და ნეგროიდული რასის წარმომადგენელი ვერ აღმოაჩინეს. ამიტომ ფერადკანიანი გოგონას დაბადების ამბავი დღემდე საიდუმლოებით მოცულია.
ფოტოზე: სანდრა ლეინგი და „კანის“ რეჟისორი ენტონი ფაბიანი ფილმის პრემიერაზე
ესეც დაგაინტერესებთ:
ქალი, რომელიც დნმ-ით საკუთარი შვილების დედა არ აღმოჩნდა
როგორ ცხოვრობს დედა, რომელმაც 44 შვილი გააჩინა
აშშ-ში გინეკოლოგმა, მოტყუებთ, 50 ქალი დააორსულა - ახლა მას შვილები უჩივიან
სიახლეები ამავე კატეგორიიდან