ურთიერთობა

როგორ ცხოვრობს დედა, რომელმაც 44 შვილი გააჩინა

fun time

12:00 ორშ. 10 ივლისი, 2023 წელი

როგორ ცხოვრობს დედა,
რომელმაც 44 შვილი გააჩინა

14
დაკოპირებულია

უგანდაში მცხოვრებმა 42 წლის მარიამ ნაბატანზიმ (Mariam Nabatanzi) 44 შვილი გააჩინა და გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მრავალშვილიანი დედაა. ქალი ხელმოკლედ ცხოვრობს და ოცნებობს, რომ ოდესმე მის შვილებს საკუთარი ოთახები და საწოლები ექნებათ.

აფრიკელი კონკია და 40 წლის „პრინცი“

მარიამი 1980 წლის 25 დეკემბერს დაიბადა. დედა გოგონას გაჩენიდან ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მამას დიდხანს არ უდარდია - ახალი ცოლი მოიყვანა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

შემდეგ როგორც ზღაპრებშია - დედინაცვალმა მარიამის სახლში პირველი ქორწინებიდან დარჩენილი შვილები გადმოიყვანა და გოგონა შეიძულა.

როგორც კი მარიამი 12 წლის გახდა, დედინაცვალმა 40 წლის მამაკაცს მიათხოვა. ქორწილის შემდეგ 12 წლის ფერადკანიან კონკიას საოჯახო საქმეების კეთებასთან ერთად, ქმრის უფროსი შვილების მოვლაც მოუწია.

ასაკით უფროსი ქმარი მარიამს გამუდმებით სცემდა და ამისთვის მიზეზის ძებნა არ სჭირდებოდა. უგანდელ ქალებს თითქმის არაფრის უფლება არ აქვთ, ამიტომ მარიამს სხვანაირი ცხოვრება ვერც წარმოედგინა.

იშვიათი გენეტიკური თვისება

13 წლის ასაკში მარიამს ტყუპები შეეძინა, ორი წლის შემდეგ კი ერთდროულად სამი ტყუპის დედა გახდა, წელიწადისა და შვიდი თვის შემდეგ გოგონას ერთდროულად ოთხი ტყუპი ეყოლა. 16 წლის ასაკში მარიამი უკვე ცხრა შვილის დედა იყო და გამრავლებას აგრძელებდა.

მარიამის თქმით, ტყუპების გაჩენისკენ მიდრეკილება მემკვიდრეობით მამისგან გადაეცა - მამაკაცს სხვადასხვა ქალისგან 45 შვილი ჰყავდა და ზოგმა მისგან ოთხი ან ხუთი ტყუპიც კი გააჩინა.

18 შვილის გაჩენის შემდეგ მარიამმა შეჩერება გადაწყვიტა, მაგრამ ადგილობრივი ექიმის თქმით, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ექიმმა ქალი დაარწმუნა, რომ მშობიარობის შეწყვეტა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

ამ ფოტოს გადაღებისას მარიამ ნაბატანზის უკვე 38 შვილი ჰყავდა

მოგვიანებით უგანდის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჩარლზ კიგუნდუმ განმარტა, რომ მარიამს იშვიათი გენეტიკური თვისება - ჰიპეროვულაცია აქვს, როდესაც ქალს, ერთის ნაცვლად, ორი ან მეტი კვერცხუჯრედი უყალიბდება და ყველა ეს კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება, რაც ასევე იშვიათია.

ექიმ კიგუნდუს მიაჩნია, რომ პირველი ექიმი, რომელმაც მარიამს მშობიარობის გაგრძელება ურჩია, შეცდა - მას ჰიპეროვულაცია ჰიპერსტიმულაციაში აერია.

ჩასახვის საწინააღმდეგო უშედეგო მცდელობები

როგორც მარიამი აღიარებს, 25-ე შვილის გაჩენის შემდეგ, 23 წლის ძალიან დაღლილმა ქალმა ექიმს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების დანიშვნა თხოვა. ექიმი დათანხმდა, თუმცა, მარიამს აბებმა არ უშველა და მაინც დაორსულდა.

ამის შემდეგ ქალმა სპირალი ჩაიდგა, თუმცა ორგანიზმმა უცხო სხეული არ მიიღო და მარიამი კომაში ჩავარდა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ქალი ბედს შეეგუა და მშობიარობა გააგრძელა.

სანამ მარიამი შვილებს აჩენდა და ზრდიდა, მისი ქმარი სხვა ქალბატონებთან ერთობოდა და ბავშვების აღზრდაში არ მონაწილეობდა. ის ცოლთან მხოლოდ მშობიარობის წინ რეკავდა, რომ მომავალი შვილებისთვის სახელები დაერქმია.

8 წლის წინათ, როდესაც მარიამს 42-ე შვილი შეეძინა, მრავალშვილიანი მამა ოჯახიდან საბოლოოდ წავიდა. ამ დღეს მარიამი მსოფლიოში ყველაზე მრავალშვილიანი მარტოხელა დედა გახდა. სხვათა შორის, როცა ქმარმა მიატოვა, მარიამი ისევ ორსულად იყო.

მოგვიანებით ქმარმა გაყიდა სახლი, რომელშიც მარიამი და მისი შვილები ცხოვრობდნენ. მარტოხელა დედა იძულებული გახდა საცხოვრებლად ბებიასთან გადასულიყო.

44-ე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამმა საშვილოსნოს მილები გადაუკეტეს.

მარიამის 44 შვილიდან 6 გარდაიცვალა, 38 ცოცხალია. მათ შორის უმცროსი ექვსი წლისაა, უფროსი კი - 28 წლისა.

რას ნანობს მრავალშვილიანი დედა?

რა თქმა უნდა, მრავალშვილიან დედას ძალიან უჭირს. მის ზოგ შვილს იატაკზე დაძინება უწევს, რადგან სახლში საკმარისი რაოდენობის ლოგინი არ დგას. ამასთან, მარიამის ზოგი შვილი უკვე დაქორწინდა და დედის სახლში შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ფოტოზე: მარიამ ნაბატანზი შვილიშვილთან ერთად

შვილების გამოსაკვებ ფულს მარიამი კერვით და პარიკმახერობით შოულობს. გარდა ამისა, ქალი მცენარეულ წამლებს ამზადებს და საპატარძლო მაკიაჟს აკეთებს.

მარიამს ყველა შვილი უყვარს. ის არ ნანობს, რომ ამდენ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა, მაგრამ ნანობს, რომ განათლების მიღება ვერ მოახერხა.

„ვეცდები, შვილებს მაინც მივცე განათლება, რადგან თავად ოცნება არ ამისრულდა. ასე რომ, ისწავლეთ და საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ - ურჩევს მარიამი მომავალ დედებს.


***

უგანდელი მარიამის ამბავი მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ისტორია უფრო მრავალშვილიან დედებსაც იცნობს:

7 ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში

ეს კი მსოფლიოს ყველაზე მრავალშვილიანი მამაა:

52 წლის პაკისტანელ მამაკაცს მე-60 შვილი შეეძინა

წყარო: nationalpost.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად