ურთიერთობა

აბრაამ ლინკოლნი — წერილი შვილის მასწავლებელს

fun time

19:00 ხუთ. 30 აპრილი

აბრაამ ლინკოლნი

14
დაკოპირებულია

1855 წელს აშშ-ის მე-16 პრეზიდენტმა, აბრაამ ლინკოლნმა დაწერა წერილი, რომლის ადრესატი სავარაუდოდ, მისი 5 წლის ვაჟის, უილიამის მასწავლებელი იყო. პრეზიდენტის წერილში ბავშვზე ზრუნვა და მამობრივი სიყვარული იგრძნობა. აბრაამ ლინკოლნი მასწავლებელს პატივისცემით მიმართავს და თხოვს, რომ მის შვილს ცხოვრების გზაზე ღირსეულად გაუძღვეს.

„ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს, რომ ამ გზაზე ღირსეულად გაუძღვეთ. ყოველი თავგადასავალი თავის თავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა რომ შევძლოთ, საჭიროა რწმენა, სიყვარული და მხნეობა გვქონდეს.

ძვირფასო მასწავლებელო,

...მესმის, მას მოუწევს იმის გაცნობიერება, რომ ყველა ადამიანი სამართლიანი და გულწრფელი არ არის, მაგრამ ასწავლეთ ისიც, რომ ყოველ ნაძირალაზე - ერთი გმირი, ხოლო ყოველ ეგოისტ პოლიტიკოსზე ერთი თავდადებული ლიდერი მოიძებნება.

ასწავლეთ მას, რომ სადაც იარსებებს მტერი, იქ მეგობარიც გამოჩნდება. ვიცი, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, რომ შრომით მოპოვებული ერთი დოლარი ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე ხუთი ნაპოვნი. ასწავლეთ მას ღირსეულად წაგება და გამარჯვებით ტკბობა.

თუ შეძლებთ, მოარიდეთ მას შური და ხმადაბალი სიცილის საიდუმლო ასწავლეთ. მიეცით საშუალება შეიცნოს, რომ მჩაგვრელებსა და ტრაბახებზე გამარჯვება ყველაზე ადვილია და თუ შეძლებთ, წიგნებით დააინტერესეთ..

მიეცით მას თავისუფალი დრო, რომ ცაში მფრინავ ჩიტებზე, მზის სხივებში გახვეულ ფუტკრებზე და მწვანე ფერდობებზე გაზრდილ ყვავილებზე დაფიქრდეს.

ასწავლეთ, რომ ბევრად უფრო საპატიოა მარცხი, ვიდრე თაღლითობა... ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა მაშინაც კი, როცა ეუბნებიან, რომ ცდება... ასწავლეთ, რომ დამთმობ ადამიანებთან დამთმობი იყოს და ხისტებთან ხისტი.

ეცადეთ, მისცეთ ჩემს შვილს ძალა, რომ არ გაჰყვეს ბრბოს, როდესაც ყველა გამარჯვებულის მხარეს გადადის... ასწავლეთ მოუსმინოს ყველა ადამიანს, თუმცა ასევე ასწავლეთ, რომ ყველაფერი, რასაც მოისმენს, ჭეშმარიტების თვალსაზრისით განიხილოს და მხოლოდ საუკეთესო ამოარჩიოს.

თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ მას სევდის დროს სიცილი... ასწავლეთ, რომ ცრემლები სამარცხვინო არაა. ასწავლეთ ცინიკოსების დაცინვა და პირფერებისგან თავის დაცვა.

ასწავლეთ, როგორ გაყიდოს თავისი ტვინი და კუნთების ძალა უმაღლეს ფასად, მაგრამ არასოდეს ივაჭროს საკუთარი გულითა და სულით.

ასწავლეთ, არ მოუსმინოს მყვირალა ბრბოს, არამედ წამოდგეს და იბრძოლოს, თუკი ფიქრობს, რომ მართალია.

მოეპყარით მას ფრთხილად მაგრამ ზედმეტი სინაზის გარეშე, რადგან მაღალი ხარისხის ლითონი მხოლოდ ცეცხლში იწრთობა. მიეცით საშუალება სიმამაცე გამოიჩინოს და იყოს შეუწყნარებელი (ყოველივე ცუდის მიმართ)... მიეცით საშუალება იყოს მომთმენი, რათა მამაცი გახდეს.

ასწავლეთ მას, რომ ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა, რადგან მაშინ კაცობრიობის მიმართ რწმენაც ექნება.

ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ სცადეთ... ჩემი ვაჟი ხომ ასეთი კარგია!“

აბრაამ ლინკოლნი, 1855 წ.

***

პრეზიდენტის 4 ვაჟიდან სამი, მათ შორის უილიამი, რომელიც მამას გამორჩეულად უყვარდა, ტიფითა და ტუბერკულოზით გარდაიცვალა. სიკვდილს მხოლოდ ლინკოლნის უფროსი ვაჟი, რობერტი გადაურჩა, რომელმაც 82 წლამდე იცოცხლა და პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს