როგორ გამდიდრდა ჯიუტი პენსიონერი ანუ პოლკოვნიკ KFC-ის ამბავი
15:45
გგონიათ, რომ 65 წლის ასაკში ცხოვრება მთავრდება? KFC-ის შემქმნელის ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს. 65 წლის ჰარლანდ სანდერსს ჯიბეში პენსია - 105 დოლარი ედო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ცხოვრების წყნარი დასასრულისთვის მომზადებულიყო, ცხო ვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გგადაწყვიტა. მან ზურგი აქცია წარუმატებლობებით სავსე წარსულს, სადაც პროფესიებს ხელთათმანებივით იცვლიდა, და ახალი ცხოვრება დაიწყო.
ჩვენ გიამბობთ როგორ იქცა ერთი ჯიუტი მოხუცი ჯერ მსოფლიო ფასტ ფუდის სიმბოლოდ, შემდეგ კი მის მთავარ მტრად?
***
ჰარლანდ სანდერსი 1890 წელს, ინდიანას შტატის პატარა პროვინციულ ქალაქ ჰენრივილთან ახლოს, ფერმაში დაიბადა. როდესაც ჰარლანდი 6 წლის გახდა, მამა გარდაეცვალა. ოჯახს ფინანსურად უჭირდა, ამიტომ დედა იძულებული გახდა, კონსერვების ქარხანაში დაეწყო მუშაობა, ბიჭი კი სახლში რჩებოდა და უმცროს და-ძმებს უვლიდა. 10 წლის ჰარლანდი იძულებული გახდა სკოლისთვის თავი დაენებებინა და ფერმაში მუშაობა დაეწყო.
მალე ბიჭუნას დედა მეორედ გათხოვდა. მამინაცვალმა გერები პირველივე დღიდან შეიძულა. ცოლის შვილებს ის უმცირესი დანაშაულისთვისაც კი სცემდა, ჭამას უკრძალავდა და ამცირებდა. ჰარლანდი მალევე მიხვდა, რომ საკუთარ სახლში მისი ადგილი აღარ იყო. 12 წლის ასაკში მან სახლი მიატოვა და სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა. 1930 წელს ის კენტუკის შტატში დამკვიდრდა, სადაც ქათმისა და ლორის შეწვაზე მუშაობდა.
***
18 წლის სანდერსმა ცოლი შეირთო, 29 წლის ასაკში კი უკვე სამი შვილი ჰყავდა.
დაქორწინების შემდეგ (1909 წლიდან) ის აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა სარკინიგზო კომპანიაში — იყო მატარებლის ცეცხლფარეში (fireman), რომელიც ორთქლმავლის ღუმელში ნახშირს ყრიდა. ეს იყო უკიდურესად მძიმე ფიზიკური შრომა.
ამ პერიოდში სამართლის სწავლა დაიწყო დაუსწრებლად, ჩიკაგოს La Salle Extension University-ში. ანდერსი მთელი დღე მატარებელზე მუშაობდა, ხოლო ღამეების განმავლობაში, დაღლილი, ფოსტით მიღებულ იურიდიულ წიგნებსა და მასალებს სწავლობდა. მან წარმატებით დაასრულა ეს კურსი, მიიღო ლიცენზია და რამდენიმე წელი იურისტადაც კი იმუშავა არკანზასის სასამართლოებში, სანამ კლიენტთან პირდაპირ სასამართლო დარბაზში ჩხუბის გამო მის იურიდიულ კარიერას წერტილი არ დაესმებოდა.
სანდერსი რკინიგზას დაუბრუნდა, მის ცოლს კი მოთმინების ფიალა აევსო, ჰარლანდს გაეყარა და ბავშვებიც თან წაიყვანა. ამ დროს მომავალი მილიონერი უბრალოდ გატეხილი კი არა, სრულიად განადგურებული იყო: უსახლკარო, უოჯახო, უმუშევარი და ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე.
ჰარლანდი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა და სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თუმცა გეგმის შეუსრულებლობის გამო სამსახურიდან მალე გაათავისუფლეს.

ჰარლანდ სანდერსი, 24 წლის ასაკში
ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა საბორნე კომპანია დააფუძნა. ბიზნესი წარმატებული გამოდგა. ჰარლანდმა გადაწყვიტა, მთელი მოგება ელექტრონათურების მწარმოებელ ფირმაში ჩაედო, მაგრამ კონკურენციას ვერ გაუძლო და გაკოტრდა. უფულოდ დარჩენილი სანდერსი სამუშაოდ საბურავების ქარხანაში მოეწყო, თუმცა იღბალმა არც აქ გაუღიმა — საწარმო დაიხურა და სანდერსი კვლავ შემოსავლის გარეშე დარჩა.
***
ჰარლანდი უკვე 40 წელს იყო გადაცილებული, როდესაც მოულოდნელად, ავტოგასამართი სადგურის მმართველის პოზიცია შესთავაზეს. თითქოს, ბოლოს და ბოლოს, ბედმა გაუღიმა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ქვეყანას „დიდი დეპრესია“ დაატყდა თავს და შემოსავალი თითქმის ნულამდე დაეცა. სანდერსი მორიგ გამოწვევას არ დანებდა და ბენზინგასამართ სადგურთან პატარა სასადილო გახსნა. სასადილოში მხოლოდ ის კერძები ჰქონდათ, რისი მომზადებაც სწრაფად შეიძლებოდა, სანამ კლიენტი მანქანას საწვავით ავსებდა. მენიუში ქათამი საერთოდ არ ჰქონდათ, რადგან მის მომზადებას ბევრი დრო სჭირდებოდა.

სწორედ ამ პერიოდში ამერიკაში სწრაფსახარში ქვაბები ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა მათში მხოლოდ ბოსტნეულს ამზადებდნენ. სანდერსმა გადაწყვიტა, ექსპერიმენტის სახით, ქვაბში ქათამი მოემზადებინა — შეარჩია წნევა და დრო, გაფილტრა ცხიმი, შეურია სხვადასხვა სანელებელს და შექმნა საიდუმლო ფორმულა, რომელმაც მთელ მსოფლიოში სახელი გაუთქვა. სანდერსის რეცეპტით მომზადებული ქათამი მალე ადგილობრივების საყვარელ კერძად იქცა.
წარმატებით ფრთაშესხმულმა მეწარმემ მალე საკუთარი რესტორანი გახსნა. მისი საფირმო ქათმის დაგემოვნება ყველას უნდოდა და რიგები არ წყდებოდა. სანდერსი ზეიმობდა — აი, ნანატრი, დამსახურებული აღიარებაც!
ამ დროს სანდერსს კენტუკის გუბერნატორი დაუკავშირდა და შტატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიანიჭა.
მორიგი დარტყმა
ჰარლანდ სანდერსმა რესტორნის გვერდით სასტუმრო ააშენა, თუმცა, ბედი კიდევ ერთ დარტყმას უმზადებდა — მისი სასტუმროც და რესტორანიც ხანძარმა ფერფლად აქცია და ყველაფრის თავიდან აშენება მოუხდა. ამას მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა, ბოლოს კი ბიზნესს წერტილი ახალმა ავტომაგისტრალმა დაუსვა, რომელმაც მანქანების ნაკადი სანდერსის რესტორნიდან სხვა მიმართულებით გადაიყვანა.
65 წლის ასაკში ბიზნესმენი ძველი მანქანის, 105-დოლარიანი სახელმწიფო და 11 სანელებლით შეზავებული ქათმის რეცეპტის ამარა დარჩა.
სხვა მის ადგილზე დანებდებოდა, სანდერსი კი თავის დანჯღრეულ „ფორდში“ ჩაჯდა და ქვეყნის გარშემო იმოგზაურა. პენსიონერი რესტორნების მფლობელებს გარიგებას სთავაზობდა — ისინი მის ქათამს მოამზადებდნენ, თავად კი ყოველი გაყიდვიდან პროცენტს მიიღებდა. ჰარლანდს კარს ცხვირწინ უჯახუნებდნენ. მას უარი ათასჯერ მაინც უთხრეს..
ჯიუტი მოხუცი მილიარდერს შოულობს
მას დასცინოდნენ და გიჟად თვლიდნენ, ის კი თავისი ძველი მანქანის უკანა სავარძელზე იძინებდა, ბენზინგასამართ სადგურებზე ბანაობდა და სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
ბოლოს და ბოლოს, მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ერთმა რესტორატორმა გარისკა - პირველი პარტნიორი, რომელმაც რეცეპტი იყიდა, იყო პიტ ჰარმანი იუტას შტატიდან. ეს გარიგება ჯერ კიდევ 1952 წელს შედგა.
რამდენიმე წელიწადში ფრენჩაიზმა მთელი მსოფლიო დაიპყრო.
66 წლის ასაკში, ერთმა ძალიან ჯიუტმა მოხუცმა ნულიდან სუპერწარმატებული ბიზნესმოდელი შექმნა. კომპანია KFC სწრაფი კვების სიმბოლოდ, ხოლო თეთრ კოსტიუმსა და ბაფთაში გამოწყობილი ბაბუა მის მთავარ სახედ იქცა.

მალე ბიზნესმენის ცხოვრებაში ვინმე ჯონ ბრაუნი გამოჩნდა. ბრაუნმა გადაწყვიტა კომპანია შეესყიდა და ეჩვენებინა, მარკეტინგის საშუალებით რისი მიღწევა შეიძლებოდა. ბრაუნმა სანდერსს უზარმაზარი თანხა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ მის რეცეპტს არასდროს შეცვლიდნენ და პოლკოვნიკი კომპანიის სახედ და მთავარ მრჩევლად დარჩებოდა.
სანდერსმა კომპანია 74 წლის ასაკში გაყიდა და მილიონერი გახდა, თუმცა საქმეს არ ჩამოშორებია, პირიქით უფრო მეტი მონდომებით დაიწყო მუშაობა. სანდერსი სიამოვნებით მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებში, ჩართული იყო KFC-ის ცხოვრებაში და პრომო-ტურნეების ფარგლებში მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა.
***
1971 წელს ჯონ ბრაუნმა KFC დიდ კვების კონგლომერატს მიჰყიდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო ყველაფრის ნგრევა..
ახალმა ხელმძღვანელებმა, პირველ რიგში, სოუსის (ე.წ. „გრეივის“) რეცეპტი შეცვალეს. სანდერსის რეცეპტი მართლაც რთული და პრეტენზიული იყო და სიზუსტეს ითხოვდა, მაგრამ გემო განუმეორებელი ჰქონდა. ახალმა ხელმძღვანელებმა ორიგინალური რეცეპტი სანაგვეზე მოისროლეს და ის უფრო იაფი და მარტივად მოსამზადებელი სოუსით ჩაანაცვლეს. გათვლამ გაამართლა და ფული მდინარესავით წამოვიდა.
სანდერსი კი ამ დროს ხარისხის კონტროლის მიზნით რესტორნების შემოწმებას აგრძელებდა. როდესაც მან ახალი სოუსი გასინჯა, შეძრწუნდა და ახალ გემოს კატასტროფა უწოდა. სანდერსს პრესასთან არ დაუმალავს თავისი აზრი ქათმის შესახებ, რომელსაც ახლა KFC-ში ყიდდნენ.
***
KFC-ის ახალმა ხელმძღვანელობამ სანდერსს სასამართლოში უჩივლა. პოლკოვნიკმა პროცესი მოიგო, თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. ჰარლანდ სანდერსი უკვე 88 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, საკუთარი რესტორანი გაეხსნა და ქათამი ისევ ორიგინალური რეცეპტით მოემზადებინა. KFC-ის ახალ ხელმძღვანელობას არ მოეწონა, რომ მათივე „სიმბოლო“ კონკურენტად მოევლინა და ისევ სასამართლოს მიმართა.
სასამართლო დავები ხანგრძლივი და დამქანცველი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ: KFC-მ პოლკოვნიკს დიდი კომპენსაცია გადაუხადა და მოითხოვა, რომ სანდერსს რესტორნის სახელწოდებაში სიტყვა „პოლკოვნიკი“ არ გამოეყენებინა. მან დაწესებულებას ცოლის პატივსაცემად „კლაუდია სანდერსის რესტორანი“ (Claudia Sanders Dinner House) დაარქვა.
კლაუდია ლედინგტონი (Claudia Leddington) ჰარლანდ სანდერსი მეორე ცოლი იყო და შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ჰქონდა KFC-ის იმპერიაში.

„კლაუდია სანდერსის რესტორანი“ დღესაც მუშაობს ქალაქ შელბივილში (Shelbyville, კენტუკის შტატი) და ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ ქათამი პოლკოვნიკ სანდერსის ნამდვილი, ორიგინალური რეცეპტით მიირთვათ.
ჰარლანდ სანდერსი 90 წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაიცვალა, მაგრამ მსოფლიოს დღესაც ახსოვს როგორც ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა — წარმატება ასაკის კი არა, იმ თავდაჯერებულობის დამსახურებაა, როცა მზად ხარ, მოისმინო ათასობით უარი, მაგრამ ზუსტად იცოდე, რომ ერთხელაც გაიგონებ სანატრელ „კის“.
***
იცით, რომ Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ შექმნა
ასე იწყებოდა მათი საქმე - მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პირველი ოფისები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან