გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების მიჭახუნების ტრადიცია?
36 წუთის წინ
მეგობრების სუფრასთან შეკრება ჭიქების მიჭახუნებისა და ერთმანეთის დალოცვის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ბევრმა არ იცის როდის და როგორ გაჩნდა ეს ტრადიცია.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჭიქების მიჭახუნების ტრადიცია ხალხურ წარმოდგენებს უკავშირდება.
ძველად ადამიანებს ბოროტი სულების არსებობის სჯეროდათ და ეშინოდათ, რომ ჭამის ან სმის დროს ისინი გაღებულ პირში შეუძვრებოდნენ. ბოროტი სულების დასაფრთხობად, ადამიანები ნადიმობის დროს ჭიქებს ხმამაღლა აჭახუნებდნენ. ზოგიერთ აფრიკულ კულტურაში მსგავსი ჩვევა დღემდე შემორჩა — სასმლის დალევამდე პატარა ზარებს რეკავენ, თუმცა ბოროტი სულებისგან თავის დაცვა ერთადერთი ვერსია არაა..
რა შუაშია შხამი?
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ისტორიულად სარწმუნო ვერსია, რომელიც ძველ ანტიკურ ეპოქასა (საბერძნეთსა და რომს) და შუა საუკუნეებს უკავშირდება. იმ დროს პოლიტიკური ინტრიგები, შური და ღვინოში შხამის ჩასხმით მტრების მოშორება ძალიან გავრცელებული ხერხი იყო. წამლავდნენ ყველას, ვინც ვიღაცას რატომღაც არ მოსწონდა — მმართველებს, სასულიერო პირებს, მეცნიერებს..
მტრის მოწამვლის უმარტივეს გზას ნადიმის დროს, მისთვის ჭიქაში შხამის ჩაყრა წარმოადგენდა. ეს „მოდა“ წლების განმავლობაში გრძელდებოდა და შუა საუკუნეებში თავის პიკს მიაღწია. ყველაზე ხშირად შხამს ღვინოში ურევდნენ, რადგან მისი ნალექი საწამლავის გემოს შესანიშნავად ნიღბავდა.
ბოლოს და ბოლოს, ვიღაცამ გადაწყვიტა, ღვინის დალევამდე თავისი ჭიქა სტუმრების ჭიქებისთვის მთელი ძალით მიეხეთქებინა, რომ სასმლის ნაწილი სხვა ჭიქებშიც მოხვედრილიყო. ამით შხამის ჩამყრელი თავადაც რისკის ზონაში ხვდებოდა და შეიძლებოდა მოწამლულიყო. შესაბამისად, ვინც მიჭახუნებაზე უარს იტყოდა, ავტომატურად ეჭვმიტანილი და მტერი ხდებოდა.
ხუთი გრძნობა
სომელიეები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ჭიქების მიჭახუნება სმას სრულყოფილს ხდის. ჭიქების მიჭახუნება ადამიანის ხუთივე გრძნობის (მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება) ერთდროულად დასაკმაყოფილებლად გაჩნდა. ღვინის ფერი თვალს ახარებს, არომატი — ყნოსვას, გემო — რეცეპტორებს, შეხება (ხელში ჭიქის დაჭერა) — ტაქტილურ შეგრძნებებს, ხოლო ჭიქების მიჭახუნების ხმა ამ ჰარმონიას ასრულებს და პროცესს სიამოვნებას მატებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან