ლურჯ-ყვითელი თუ ყვითელ-ლურჯი? - უკრაინის სახელმწიფო დროშის ისტორია
12:00 ორშ. 28 თებერვალი, 2022 წელი
უკრაინის ეროვნული სიმბოლო, რომელსაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მილიონობოთ ადამიანი სოლიდარობის ნიშნად აფრიალებს, ყოველთვის ლურჯ-ყვითელი არ ყოფილა - მან დროისა და ადგილის მიხედვით, ფერი რამდენჯერმე შეიცვალა.
უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა პირველად 1848 წლის 25 ივნისს, ლვოვის რატუშაზე გამოიფინა, რომელიც გალიციისა და ლოდომერიის სამეფოს ნაწილი იყო.
არსებობს შეხედულება, რომ უკრაინის დროშა ლურჯ-ყვითელი კი არა, ყვითელ-ლურჯია, რომ მისი ამოტრიალება შეცდომაა, რომელმაც ქვეყანას უამრავი უბედურება მოუტანა.
უძველესი ნახატები, ფოტოები და პლაკატები ადასტურებს, რომ უკრაინაში დროშის ორივე ვარიანტი გამოიყენებოდა, თუმცა 1918 წელს ლურჯ-ყვითელი დროშა სრულიად უკრაინის ჰეტმანმა (უკრაინის მმართველმა) პავლო სკოროპადსკიმ უკრაინის ოფიციალურ სიმბოლოდ დაამტკიცა.
ფოტოზე: უკრაინელი სამხედრო, პოლიტიკური მოღვაწე,
სრულიად უკრაინის ჰეტმანი (1918 წ. აპრილი-დეკემბერი) პავლო სკოროპადსკი
წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების მიუხედავად, დროშის გარშემო დისკუსიები დღემდე გრძელდება. ევრომაიდნის რევოლუციის დროსაც კი ზოგიერთი ორგანიზაცია ყვითელ-ლურჯ დროშას აფრიალებდა, რაც მათი განმარტებით, მზესა და წყალს განასახიერებს და თუ ამოვაბრუნებთ, წყალი ციურ მნათობს ჩააქრობს.
თავის მხრივ, ლურჯ-ყვითელი დროშის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ლურჯი ფერი ცას განასახიერებს, ხოლო ყვითელი ხორბლის ყანას.
***
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო დროშა ჰერალდიკურ ტრადიციებს და ფენ შუის არ შეესაბამება.
ეს ვერსია მეცნიერთა სახლში გამოფენაზე ჩინელი მხატვრის, მაო მაოსა და პრეზიდენტი კრავჩუკის ვიზიტს უკავშირდება.
ცნობილია, რომ ჩინელმა სტუმარმა სახელმწიფოს მეთაურს დროშაზე ფერების თანმიმდევრობის შეცვლა ურჩია, რადგან ჩინური „ცვლილებების წიგნის“ მიხედვით, ჰექსაგრამა "პი" (ლურჯი-ყვითელი) კატასტროფას და ახალგაზრდა სახელმწიფოს განადგურებას მოასწავებს, ხოლო ჰექსაგრამა "ტაი" (ყვითელი-ლურჯი) კეთილდღეობას განასახიერებს.
დროშის „ამობრუნების“ მოწოდებების პასუხად, მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ასეთი მოწოდებების უსაფუძვლობასა და პროვოკაციულობაზე მიანიშნეს.
„დროშის ამობრუნების მომხრეები ამტკიცებენ, რომ დროშა არასწორად გვიჭირავს და ამიტომ ქვეყნის ცხოვრება არასწორად მიდის. ამბობენ, რომ გეტმანმა სკოროპადსკიმ ყვითელ-ლურჯი დროშა დაამტკიცა, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნიათ.
პირიქით, არსებობს საბუთი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ დროშას, რომელიც გეტმანმა 1918 წელს დაამტკიცა, ზედა ლურჯი და ყვითელი ქვედა ზოლი აქვს“ - ამბობს უკრაინელი ჰერალდიკოსი და მხატვარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან