რას უკავშირდება ხეზე სამჯერ დაკაკუნების ტრადიცია?
15:27 კვი. 8 ნოემბერი
ალბათ თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუკაკუნებია ხეზე, რომ უბედურება აერიდებინა. ბევრი ამას გაუცნობიერებლად აკეთებს, თან ისე, რომ არ უფიქْრდება, საიდან მოდის ეს ჩვევა და რას უკავშირდება. არადა, ჩვენს წინაპრებს ამ ქმედებაში ღრმა აზრი ჰქონდათ ჩადებული და უზენაეს ძალებს უკავშირებდნენ.
👉 უსიამოვნებისგან ასარიდებლად ხეზე კაკუნის ტრადიცია ქრისტიანობის გავრცელებამდე გაჩნდა. ადამიანები ამ ხერხს მაშინ მიმართავდნენ, როდესაც რაიმეთი დაიტრაბახებდნენ და ეშინოდათ, ამით თავი არ გაეთვალათ - ბედი „უკუღმა“ არ შეტრიალებოდათ. თავიდან ხალხი უბრალოდ ცოცხალ ხეს ეხებოდა და სჯეროდა, რომ შიგნით სული ცხოვრობს, რომელსაც ავი თვალის ან შურიანი ადამიანის ბოროტი ზრახვებისგან დაცვა შეუძლია.
👉 მოგვიანებით ხეზე კაკუნი დაიწყეს, თან ისე, რომ კაკუნის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ადამიანებს მიაჩნდათ, რომ კაკუნი ტრაბახის ხმას ახშობს, ბოროტ სულებს მისი გაგება არ შეუძლიათ და ადამიანს ვეღარაფერს დაუშავებენ. უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ცოცხალ ხეს უკაკუნებდნენ თუ ფიცარს — მთავარი კაკუნის ხმა იყო.
👉 ძველ ეგვიპტეში ფიქრობდნენ, რომ ხის მაგიური ძალა ადამიანს ბოროტი სულებისგან იცავდა. ეგვიპტველები ხის თილისმებს ატარებდნენ და ზოგჯერ ისინი ოქროზე ძვირადაც კი ფასობდა. ასევე იცავდნენ თვალის აღებისგან თავს ძველი კელტები და ვიკინგები. ევროპელი ხალხების უმრავლესობისთვის ხის ყველაზე ძვირფასი ჯიში მუხა იყო. დიდ ბრიტანეთში დღესაც არსებობს მუხაში იღბლისთვის მონეტების ჩაჭედების ტრადიცია.
ხე ქრისტიანობაში
მიუხედავად იმისა, რომ ხეზე სამჯერ დაკაკუნების ჩვევის ზუსტი წარმოშობა დადგენილი არ არის, ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრებით, ის უძველეს წარმართულ რწმენებს უკავშირდება. ამ რწმენის თანახმად, ხეებში სულები და ღვთაებები ბინადრობდნენ, მათზე დაკაკუნება კი ადამიანის დაცვასა და კეთილდღეობას ემსახურებოდა. მოგვიანებით ამ ტრადიციას ქრისტიანული განმარტებაც დაუკავშირდა: ხე ქრისტეს ჯვრის სიმბოლოდ აღიქმებოდა, ხოლო მასზე სამჯერ დაკაკუნება ზოგიერთ ინტერპრეტაციაში წმინდა სამებას — მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სულიწმინდას — უკავშირდება.
მსგავსი დამცავი დატვირთვა აქვს მარცხენა მხარეს სამჯერ გადაფურთხების ხალხურ ჩვევასაც, რომელიც სხვადასხვა კულტურაში ავი თვალისა და ბოროტი ძალების თავიდან აცილებას უკავშირდება. ზოგიერთ ტრადიციაში სამჯერ გამეორებას წმინდა სამების სიმბოლური მნიშვნელობაც ენიჭება. რაც შეეხება შეხვედრისას სამჯერ კოცნას, ეს სხვადასხვა ხალხის მისალმებისა და ურთიერთსიახლოვის გამოხატვის დამოუკიდებელი ტრადიციაა და მისი ხეზე დაკაკუნებასთან დაკავშირების ისტორიული საფუძველი დადგენილი არ არის.
***
10 ჩვევა, რომელიც საბჭოთა ეპოქის ადამიანებს შემორჩათ
გატეხილი სარკე - როგორ გაჩნდა ეს ცრურწმენა?
„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან