შვილის გადასარჩენად შექმნილი აბაზანა - როგორ გამოიგონეს ჯაკუზი?
14:00 ოთხ. 14 ივნისი, 2023 წელი

გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, სიტყვა ჯაკუზი ამომავალი მზის ქვეყანას არ უკავშირდება. ჯაკუზი იტალიური გვარის - Jacuzzi, Yakuzzi - არასწორი „ამერიკული“ გამოთქმაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა.
ყველაფერი 1903 წელს დაიწყო, როდესაც იტალიაში მცხოვრები ჯაკუზების ოჯახიდან შვიდი ძმა საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. ოჯახი სამშობლოში გამომგონებლობით იყო ცნობილი.
ნიჭიერმა ძმებმა საქმიანობა თვითმფრინავის პროპელერების წარმოებით დაიწყეს და კომპანია „Jacuzzi Brothers“ დააფუძნეს. 1921 წელს კომპანიის ერთ-ერთი თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოჰყვა, რასაც ერთ-ერთი ძმა შეეწირა. ტრაგედიის შემდეგ ძმებმა ავიაბიზნესიდან წასვლა გადაწყვიტეს და წყლის ტუმბოების წარმოებას მიჰყვეს ხელი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ძმების წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობა.
1943 წელს ჯაკუზების უმცროსი ძმის, კანდიდო ჯაკუზის (Candido Jacuzzi) წლინახევრის ვაჟი რევმატოიდული ართრიტით დაავადდა. ექიმებმა ბავშვს სამკურნალო მასაჟი დაუნიშნეს, რომელსაც კლინიკაში ფიზიოთერაპევტი უკეთებდა.
გარკვეული დროის შემდეგ კანდიდოს იდეა გაუჩნდა, რომ მასაჟისთვის თავისი კომპანიის მიერ სამრეწველო მიზნებისთვის შექმნილი ტუმბოები გამოეყენებინა. მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც აბაზანაში წყლისა და ჰაერის მძლავრ ჭავლს გაისროდა. ეს ჰიდრომასაჟური აბაზანის შექმნის მცდელობა იყო, რომელშიც ძმებმა უზარმაზარი საბაზრო პოტენციალი დაინახეს და მის შემდგომ განვითარებას შეუდგნენ.
ჯაკუზებმა ჰიდრომასაჟური აბაზანის საცდელი პარტია დაამზადეს, რამდენიმე დიდ მაღაზიასთან ხელშეკრულება გააფორმეს და სარეკლამო მარკეტინგზე ფიქრი დაიწყეს. ყველასთვის უცნობი პროდუქტის რეკლამირების მიზნით, ძმები პოპულარული ამერიკული შოუს გამარჯვებულებს პრიზის სახით ტუმბოიან აბაზანებს გადასცემდნენ.
მას შემდეგ, რაც ჰიდრომასაჟური აბაზანის რეკლამირებაში ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი ჩაერთო, გაყიდვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯაკუზების შექმნილი აბაზანების დამონტაჟება ფიტნესცენტრებში, ძვირად ღირებულ ვილებსა და პატარა ოფისებშიც კი დაიწყეს. ძმებს ოქროს ხანა დაუდგათ!
კანდიდო ჯაკუზის მიერ შექმნილმა მოწყობილობამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. ადამიანები აბაზანებს არა მარტო სამკურნალო მიზნებისთვის, არამედ დაღლილობის მოსახსნელად, ტონუსის ასამაღლებლად და განწყობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.
თანდათან ჯაკუზი ფუფუნების სიმბოლოდ იქცა - მდიდარ ადამიანს სახლში ჯაკუზი აუცილებლად უნდა ჰქონოდა. თუმცა, ჯაკუზების წარმატების მიუხედავად, ძმებისთვის ყველაზე მოგებიანი ტუმბოებისა და აუზებისთვის საჭირო აღჭურვილობის ბიზნესი იყო.
დღეს ჯაკუზების კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. მთავარი წარმოება ჩინეთში მდებარეობს, რომელიც დღეში 300-მდე აბაზანას აწარმოებს!
2006 წელს ჯაკუზების კომპანია Apollo Management-მა 1 მილიარდ დოლარად იყიდა.
ესეც საინტერესოა👇
10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!
გენიოსების გამოგონებები, რომლებითაც ყოველდღე ვსარგებლობთ
წყარო: bassemiers.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან