ფენოვანი ლობიანი
10:00 შაბ. 17 დეკემბერი, 2022 წელი
ფენოვან ცომში გამომცხვარ ლობიანს სულ სხვა გემო აქვს. თუ თქვენს ასე ფიქრობთ, გიზიარებთ გამოცდილი კულინარის რეცეპტს.
საჭირო პროდუქტი:
- ფენოვანი ცომი - 1 კგ. ფქვილით მომზადებული
- მოხარშული ლობიო - 0.5 კგ;
- ცხიმი (კარაქი, ზეთი) - 200 გრ;
- წითელი წიწაკა - ნახევარი ჩაის კოვზი;
- მარილი - გემოვნებით;
ფენოვანი ცომის მომზადება
ფენოვანი ცომის მოსამზადებლად საჭიროა
- პურის ფქვილი - 1 კგ;
- წყალი - 750 გრ;
- მარგარინი - 500 გრ;
- მარილი - ნახევარი ჩაის კოვზი;
- ზეთი - მეოთხედი ჭიქა;
- არაყი ან სპირტი - მეოთხედი ჭიქა;
- ლიმონმჟავა - მეოთხედი ჩაის კოვზი.
ცივ წყალს დაამატეთ მარილი, ზეთი, სპირტი (ან არაყი) და ლიმონმჟავა. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაამატეთ იმდენი ფქვილი, რომ საშუალოზე მაგარი ცომი გამოვიდეს.
ცომი და მარგარინი გაყავით ორ ნაწილად. ცომის თითო ნახევარს დაადეთ მარგარინის თითო ნახევარი, გადაკეცეთ კონვერტივით და გააბრტყელეთ.
კონვერტივით გადაკეცვა-გაბრტყელების პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ და შემდეგ ცომი 20 წუთით შედეთ მაცივარში.
მაცივრიდან გამოღებული ცომი ისევ გააბრტყელეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.
ფენოვანი ცომი მზად არის.
ლობიანის შიგთავსი
მოხარშულ ლობიოს გადაუწურეთ წყალი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ კარაქი (ან ზეთი), წითელი წიწაკა, მარილი და ოდნავ გაათხელეთ თავისივე წვენით.
ფენოვანი ლობიანის გამოცხობა
გულსართი ადაანაწილეთ ფენოვანი ცომის ნაჭრებში, მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა, შედეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე.
შენიშვნა:
სასურველია, ფენოვანი ცომი ყოველთვის ერთი და იმავე მიმართულებით გააბრტყელოთ;
ლობიოს შეგიძლიათ, წვრილად დაჭრილი, მოთუშული ხახვი დაუმატოთ.
ერთი კილოგრამი ლობიოსგან, დაახლოებით, 10-12 ცალი მართკუთხედი ფორმის ფენოვანი ლობიანი გამოცხვება და სულ 7 ლარი დაგეხარჯებათ.
თუ გსურთ, რომ ლობიანი კარგად დაიბრაწოს, ღუმელში შედგმამდე, უკვე გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფუნჯით წყალი გადაუსვით.
გემრიელად მიირთვით!