ბრიტანელ პოპშემსრულებელს თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ უმასპინძლებს.
ადამიანები ხშირად ფიქრობენ თავიანთ საოცნებო სახლზე, ზოგს სურს მყუდრო პატარა სახლი, ზოგს კი - დიდი. ისინი, სწორედ მათთვის შესაფერის გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად, დასვენების, გასტროლების დროს თუ მოგზაურობისას საცხოვრებელ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისეთი დონის მომღერლისთვის, როგორიც ჯეიმს ბლანტია, აუცილებელია, ჰქონდეს ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და მისი ვიზიტი საქართველოში ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იქნება.
ბრიტანელი მომღერალი სასტუმროს მეათე სართულზე, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერში, ე.წ. პრემიერ სუითსში იცხოვრებს, რომელიც თავისი მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით ნამდვილად გამორჩეულია. ამიტომ სასტუმროში ფიქრობენ, რომ ლეგენდარული მომღერალი აღნიშნული ნომრით კმაყოფილი დარჩება.
იმის შესახებ, როგორ მასპინძლობას გაუწევს სასტუმრო პოპვარსკვლავს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერს, ნინო ჩეჩელაშვილს ვესაუბრეთ:
- გაქვთ თუ არა ბრიტანელი პოპშემსრულებლისთვის რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება?
- გვინდა, ბრიტანელ პოპშემსრულებელს თავი დავამახსოვროთ და გადავწყვიტეთ, ვაჩუქოთ ჩვენი სასტუმროს ბრენდირებული ხალათი წარწერით: „Specially For James Blunt“. ეს სამახსოვრო სიმბოლური „სუვენირი“ მას მუდმივად გაახსენებს დაუვიწყარ ვიზიტს თბილისში, კონკრეტულად კი, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“.
- თავად ჯეიმს ბლანტს რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა ხომ არ წამოუყენებია?
- ჩვენ ორგანიზატორებს აბსოლუტურად ყველა დეტალი გამოვკითხეთ, მაგრამ ჯეიმს ბლანტი სულაც არ აღმოჩნდა პრეტენზიული სტუმარი. თუმცა, თუ მისი მხრიდან ვიზიტის დროს დამატებით იქნება რაიმე სახის ან მოთხოვნა ან სურვილი, ყოველთვის მზად ვართ, გავითვალისწინოთ ნებისმიერი წვრილმანი.
- რა ტიპის აპარტამენტს სთავაზობთ მომღერალს?
- გადავწყვიტეთ, ჯეიმს ბლანტს სასტუმროს მე-10 სართულზე მდებარე პრემიერ სუითი შევთავაზოთ, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერი. ჯამში, გვაქვს ორი პრემიერ სუითი - ე.წ. „შავი“, მეორე კი „ლურჯი ფერის“, სადაც დომინანტური ფერი სწორედ ლურჯია. რადგან ჯეიმს ბლანტის შემოქმედება უფრო ლირიკული, რომანტიკული და პოეტურია, ვფიქრობთ, ლურჯი ფერი მის შემოქმედებასთან უფრო ახლოს იქნება.
- რამდენად მოგწონთ და ხართ თუ არა მისი შემოქმედების მსმენელი?
- პირადად ჩემთვის, ჯეიმს ბლანტი პოპშემსრულებლებში გამორჩეული ფიგურაა. ჯეიმს ბლანტის ხსენების დროს პირველი, რაც მახსენდება, ესაა მისი უკვდავი ჰიტი „You`re Beautiful“ და, ასევე, „Wiseman“. ძალიან მომწონს „1973-იც“. მიმაჩნია, რომ ჯეიმს ბლანტი გემოვნებიანი მუსიკოსი და ძალიან კარგი მომღერალია, მისთვის დამახასიათებელი ხმის ტემბრით.
- გიმასპინძლიათ ასეთი დონის მომღერლისთვის?
- გვიმასპინძლია სხვადასხვა მუსიკოსისთვის, თუმცა ჯეიმს ბლანტის დონის შემსრულებელი ჯერ არ გვყოლია და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.