***
ჩემი აზრით, ბავშვობა თაფლივითაა, სულ ცოტა რომ გაურიო მთელ ცხოვრებას დაატკბობს. ჩემი ბავშვობაც თაფლივით იყო და მისით დღემდე ვაზავებ ხოლმე უფერულ, სევდიან და ხშირად ტკივილიან დღეებს.
დავიბადე და გავიზარდე სენაკში, გურულ-მეგრულ ოჯახში. ბავშვობის წლები ჩემს წარმოსახვაში დედ-მამასთან და უსაყვარლეს ბებიასთან ასოცირდება. ისინი თავისუფლად მზრდიდნენ, ყოველთვის მაძლევდნენ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალებას. შენიშვნებზე კორექტულად - ხან საკუთარი, ხანაც სხვისი მაგალითებით მიმითითებდნენ და მეც ყოველთვის სწორი დასკვნები გამომქონდა.
***
დედაჩემი მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო. დაწყებით კლასებში სულ თვითონ მამეცადინებდა. მისი წყალობით, წერა-კითხვა და ანგარიში სკოლაში შესვლამდე ვიცოდი... ძალიან კარგად წერდა... კალიგრაფიაც ლამაზი ჰქონდა და წერას მეც ხატვასავით მასწავლიდა. დღემდე ლამაზი კალიგრაფიით მიყვარს წერა... თითოეული სიტყვის მოქარგვა უდიდესი ნეტარებაა...
მამაჩემი სპეციალობით ინჟინერი იყო. თავის დროზე ფეხბურთსაც თამაშობდა. დედაჩემი ცოლად რომ შეირთო თამაშს თავი დაანება, მაგრამ ბოლომდე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი დარჩა. მამა ცდილობდა, ჩემთვის სპორტი შეეყვარებინა - ფეხბურთზე, ტანვარჯიშზე, კალათბურთზე დავყავდი... მართალია, სპორტსმენი ვერ გავხდი, მაგრამ სპორტულ წრეებზე სიარულმა ბრძოლისუნარიან ადამიანად ჩამომაყალიბა.
მადლიერი ვარ დედაჩემის, რომ მუსიკალური სკოლა ბოლომდე დამამთავრებინა. ეს ძალიან დამეხმარა მუსიკალური და არა მარტო მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში... მუსიკა მარტო ის არ არის, რასაც კომპოზიტორები წერენ - მუსიკა ხეების შრიალია, მდინარის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკი და ა.შ.
სიმღერაში უნიჭიერესი პედაგოგი მყავდა - პანტელეიმონ ბოჯგუა. სენაკის პიონერთა სასახლეში ვოკალური ანსამბლი „მთიები“ ჩამოვაყალიბეთ. თანმედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც ვსარულებდით და ხალხურ სიმღერებსაც. 1998 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საეთაშორისო დღეს, ჩვენი ანსამბლის შესახებ „პირველ არხზე“ გადაცემაც ჩაწერეს.
ქართულ ცეკვას პედაგოგი მელსი გრიგოლია მასწავლიდა. ძალიან ნაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მთიულურში სოლო პარტიას ვასრულებდი. ძალიან მიყვარდა ეს ვაჟკაცური ცეკვა, ესტონეთსა და პეტერბურგშიც ვიყავით გასტროლებზე.
ქართულს, ჟიული შარტავას დედა - ფენია მასწავლებელი მასწავლიდა, რომელსაც იმდენად მოსწონდა ჩემი დაწერილი თავისუფალი თემები, რომ უფროსკლასელებთან სამაგალითოდ მიჰქონდა... ეს ფაქტი მახალისებდა და სტიმულს მაძლევდა... ერთხელ, გალაკტიონზე თემა დავწერე და ფენია მასწავლებელმა მთხოვა, კლასში ხმამაღლა წამეკითხა. კითხვის დროს, უნებურად, გული ამიჩუყდა... ჩემი ემოციების შემრცხვა და ის იყო, კითხვა უნდა შემეწყვიტა, რომ მოვიხედე და დავინახე, როგორ ტიროდა ჩემთან ერთად ჩემი მასწავლებელი. მაშინ მივხვდი, რომ გულჩვილობა ნაკლი არ ყოფილა და დღემდე ასე ვფიქრობ: რაც გულიდან არ მოდის ყველაფერი ფუჭია და განწირულია დაკარგვისთვის...
***
ჯულია ბებია თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. ფოსტაში, წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის განყოფილებაში მუშაობდა, სადაც სკოლის შემდეგ ხშირად ვაკითხავდი. მისი სამსახური ჩემთვის ერთგვარი ბიბლიოთეკა იყო - ვკითხულობდი წიგნებს, გაზეთებს... წერილებთან ურთიერთობის დროს, საფოსტო მაკების შეგროვების ინტერესიც გამიჩნდა და ბებოს დახმარებით, დიდი და სერიოზული კოლექცია მქონდა.
ბებოც სენაკში, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა და ჩვენთან ყოველდღე სტუმრად მოდიოდა. ჩემი სახლის აივნიდან ჭოგრიტით ვაკვირდებოდი, როდის გადმოაბიჯებდა თავისი ჭიშკარის ზღურბლს. იმდენად მიყვარდა, რომ როცა გავთხოვდი, საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიყვანე. შალვა ამბობდა, ყველაზე ძვირფასი რაც ბელას მზითვში მოჰყვა, ეს მისი ბებოაო. ჯულია ბებო 89 წლის ასაკში, ჩვენს სახლში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, იმას დარდობდა - შენ რა გეშველება უჩემოდო. მის გარეშე ცხოვრება მართლაც ძალიან გამიჭირდა.
***
როდის სრულდება ბავშვობა?.. ალბათ მშობლების გარდაცვალების შემდეგ...
მამაჩემი 18 წლის წინათ გარდაიცვალა და მაშინ პირველად ჩამიწყდა გულში ძლიერი ძაფი... ერთი წლის წინ დედაც დავასაფლავე... მათმა გარდაცვალებამ თითქოს საბოლოოდ გადაჭრა ის უხილავი ძაფი, რომელიც ბავშვობასთან, მშობლებთან, სილაღესთან და უდარდელობასთან გვაკავშირებს.