ეკა მამალაძე: „ცხოვრება შემთხვევითობაა“

ბავშვობის ფოტოები

23 ნოემბერი 18:00, 2015 წელი
99

დიდ სცენასა და მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, „დედაჩემსაც არასდროს ჰქონია სურვილი, რომ მე სცენაზე გამოვსულიყავი“... - ეკა მამალაძე FunTime-თან თავის ბავშვობას იხსენებს...  

ბავშვობაში ვოცნებობდი... საერთოდ, რომანტიკული ბავშვი არ ვყოფილვარ, არც მომღერლობაზე მიოცნებია. მიუხედავად იმისა, რომ ვმღეროდი, რატომღაც დედაჩემს არასდროს ჰქონია სურვილი, რომ მე სცენაზე გამოვსულიყავი. ნანიზეც ასე იყო. ასე რომ, ცხოვრება შემთხვევითობაა. გგონია, ასე არ უნდა იყოს, ამ დროს კი ზუსტად ასე ხდება. პროფესიონალური მუსიკალური განათლება კი ჩვენს ოჯახში აუცილებელი იყო. ნანის უნდა დაემთავრებინა კონსერვატორია და ჩემზეც ასე იყო. კონსერვატორიაში ჩავაბარე და პერსპექტივა ის იყო, რომ მასწავლებელი გავხდებოდი. ბებიაჩემისგან სულ მესმოდა, რომ პედაგოგობა ძალიან კარგი პროფესიაა, ამაზე იყო აქცენტები.


პირველი გამოსვლა სცენაზე... 5 ან 6 წლის ვიყავი. კაბაც მახსოვს - ნანის მორჩენილი ნაჭრისგან შემიკერეს, ყვითელი ფერის შიფონი იყო, ვერცხლისფერი ბრჭყვიალებით. არაჩვეულებრივი სილამაზის კაბა იყო. მარიკა კვალიაშვილმა სპეციალურად ჩემთვის შექმნა საახალწლო სიმღერა და ის ვიმღერე ტელევიზიაში. ეს ჩემი პირველი სიმღერა იყო.


ბავშვობიდან „მოვიპარავდი“... წამოვიღებდი იმ სილაღესა და სიმშვიდეს, რომელიც ბავშვობაში გაქვს, როცა დაცული ხარ მშობლების მხრიდან.


მეგობრებთან ერთად... ძალიან კარგი სამეგობრო მყავდა, ვერთობოდით ისე, როგორც იმ დროს იყო შესაძლებელი... ქალაქგარეთ დავდიოდით, ოღონდ ბებიაჩემის (დედის დედის) მუდმივი კონტროლის ქვეშ. უნდა სცოდნოდა, ვისთან მივდივარ, სად მივდივარ. ბებიას ცაბუ ერქვა და ასეც ვეძახდი. ოჯახში ყველას სახელებით მივმართავდი. საერთოდ, ლაღად ვიზრდებოდი. ჩემთან ოჯახში ვიკრიბებოდით. ჩვენი სახლი სულ ღია იყო. ბებიაჩემს ერჩივნა, სახლში ვყოფილიყავი და სცოდნოდა, ვისთან ერთად ვარ. ამის გამო ბევრი რამ საკუთარ თავზე აიღო, რაც სტუმრის მიღებას ეხება. 


ჩემი საყვარელი თამაში იყო... დიდი ეზო არ გვქონდა და გარეთაც ხშირად არ გავდიოდი. სახლობანას ვთამაშობდი ხოლმე. მერე ძალიან ადრე გავთხოვდი, ბავშვიც აკვანში შემეძინა... (იცინის).


ბავშვობის სიყვარული... 4-5 წლის ასაკში შეყვარებული ვიყავი გია ჭირაქაძეზე. დედაჩემის უკან ვიმალებოდი, რომ გიას არ დავენახე, როგორ ვგიჟდებოდი მასზე (იცინის). მართლაც ძალიან კარგი ტიპი იყო, „რეროში“ მღეროდა, კონფერანსიე იყო, თან ცეკვავდა. მოკლედ, ძალიან მომწონდა...  


 


ეკა და ნანი საახალწლო საღამოზე



5 წლის ეკა (ჟელეზნოვოდსკში)





ფოტოგრაფი ნინი მანდარია