დავით ზაქარაია: „ბიზნესი რომ დავიწყე, ჯიბეში 300 დოლარამდე მედო...“

ბიზნესმენი
08.12.2016 17:00
3067

ამ ადამიანმა ერთი პატარა საოჯახო სამზარეულო საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად აქცია. „როცა საჭირო იყო, ყველიც დამიჭყლეტია და ლობიოც გამიტარებია... წარმატების მისაღწევად ნებისმიერ საქმეში საჭიროა შრომისმოყვარეობა...“ - ამბობს კომპანია „დელიკატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი დავით ზაქარაია, რომელსაც დღეს Funtime წარმოგიდგენთ.

- როგორ გაჩნდა „დელიკატოს“ შექმნის იდეა და რა იყო მანამდე?
- დავიბადე და გავიზარდე სოხუმში... შემდეგ 7 წელი მოსკოვში ვიცხოვრე. 1999 წელს საქართველოში დავბრუნდი და მას შემდეგ სხვადასხვა სახის ბიზნესს ვაწარმოებ.
„დელიკატოს“ ისტორია 2005 წელს იწყება. თავდაპირველად სპორტის სასახლესთან, ალექსიძის ქუჩაზე მცირე ფართი ვიქირავე და საოჯახო სამზარეულო გავხსენი. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში გარკვეული გამოცდილება მქონდა, დასაწყისი საკმაოდ რთული და მძიმე იყო - რამდენიმე თვე შემოსავალი ხარჯებსაც ვერ ფარავდა, მოგებაზე თითქმის ერთი წლის შემდეგ გავედით. შემდეგ გავიზარდეთ, განვვითარდით და ახლა ის პატარა საოჯახო სამზარეულო თქვენ წინაშე „დელიკატოს“ სახითაა წარმოდგენილი.

- რატომ „დელიკატო“?
- ჩემი მეუღლე იტალიური ენის სპეციალისტია. ეს სახელწოდება მისი იდეა იყო. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავისი პროფესიით მუშაობს, დღემდე აქტიურადაა ჩართული „დელიკატოს“ საქმიანობაშიც.

- საოჯახო სამზარეულოდან ქეითერინგულ მომსახურებაზე როგორ გადახვედით?
- ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი ორგანიზაციის თანამშრომლებმა, რომლებიც შესვენებაზე მოდიოდნენ ჩვენს სამზარეულოში, გამოთქვეს სურვილი, შეკვეთა მათთან მიგვეტანა. ასეც მოვიქეცით და დავამკვიდრეთ საკვები პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისი. შემდეგ სხვა მომსახურების მოთხოვნაც გაჩნდა. მაგალითად, ერთ-ერთმა კლიენტმა ქალაქგარეთ ფურშეტის მოწყობის სურვილი გამოთქვა. ამის გამოცდილება არ გვქონდა, ამიტომ ცოტა კი შევყოყმანდით, მაგრამ შემდეგ ინტერნეტით მოვიძიეთ ინფორმაცია და მრავალკაციან ფურშეტსაც წარმატებით გავართვით თავი. მოგვიანებით ფურშეტი ჩვენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად იქცა და ამ თვალსაზრისით დღეს „დელიკატო“ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კომპანიაა საქართველოში.

- ამ ეტაპზე რა შედის თქვენი კომპანიის მომსახურებაში?
- ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ფურშეტი, ლანჩი, კოფე-ბრეიკი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეკვეთებს ვიღებთ არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ბაზარზე უკვე იმდენად კარგად გვიცნობენ და გვენდობიან, რომ შეგვიძლია, ტელეფონითაც მივიღოთ შეკვეთები.

- ახლახან
საკონდიტრო ხაზიც დაამატეთ...
- დიახ, ჯერჯერობით ტესტირების რეჟიმშია, მაგრამ მალე, ალბათ, ამ ხაზს ცალკე მიმართულებას მივცემთ და შეიძლება, პარალელურად საკონდიტრო მიმართულებასაც გავუძღვეთ.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
- ბიზნესი რომ დავიწყე, ჯიბეში 300 დოლარამდე მედო, რამდენიმე თვეში ავტომობილის გაყიდვაც მომიწია... ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩემი ძალისხმევა მიზანს მიაღწევდა და, მიუხედავად რთული პერიოდებისა, არ დავნებდი. როცა საჭირო იყო, ყველიც დამიჭყლეტია და ლობიოც გამიტარებია... წარმატების მისაღწევად ნებისმიერ საქმეში საჭიროა შრომისმოყვარეობა და, რაც მთავარია, უნდა გჯეროდეს გუნდის, რომელთან ერთადაც საქმეს აკეთებ. რაც არ უნდა ძლიერი იყოს მთავარსარდალი, ბრძოლას ვერ მოიგებს, თუ გვერდში ერთგული მეომრები არ უდგანან.

- კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ?
- ზაფხულიდან მოყოლებული, რებრენდინგი გვაქვს, კერძოდ, შევცვალეთ ლოგოს დიზაინი, ფერები კი იგივე დარჩა - მოყვითალო-ფორთოხლისფერი. ახლა საიტის დამზადების პროცესში ვართ, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, განახლებულ საიტზე ნახოს „დელიკატოს“ სრული მენიუ, ფოტოგალერეა და ა.შ.
იგეგმება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები და საახალწლო ღონისძიებები.
გარდა ამისა, რეორგანიზაციის პროცესშია კაფე, რომელიც აქამდე დატვირთული არ გვქონია.  სამომავლოდ, საკონდიტროსთან ერთად, ეს კაფეც ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება და მას არა მხოლოდ შინაურული შეხვედრებისთვის გამოვიყენებთ, არამედ სწორ მიმართულებასაც მოვუძებნით და განვავითარებთ.

ავტორი: ნათია ვასაძე