„კულას“ დირექტორი: „პროდუქტი, რომელიც პირადად მე არ მომწონს, ბაზარზე არ გავა“

ბიზნესმენი

15 დეკემბერი 10:00, 2015 წელი
10

კამპანია „აწარმოე საქართველოში“ დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება. ქართული ნაწარმი წარმატებით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. ერთ-ერთი მათგანია კომპანია „კულა“, რომელიც მომხმარებელს 250-მდე სახეობის, ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ უგემრიელეს კონსერვსა და საწებელს სთავაზობს. 


ვანო გოგლიძე, „კულას“ დამფუძნებელი: 
- კომპანია „კულა“ დღეისთვის 250-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს - საწებლებს, ნატურალურ წვენებს, ტყემლებს, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს, მწნილებს, სამარხვო სადილებს, როგორც მინის ქილით, ასევე მუყაოთი. იწარმოება, აგრეთვე, კერძო დაკვეთებიც. ჩვენი საწარმო ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ქართულ, ნატურალურ ნედლეულზე, არ ვიყენებთ არანაირ კონსერვანტსა და საღებავს. მივიჩნევთ პრემიუმ და საშუალო სეგმენტის კომპანიად და, შემიძლია ვთქვა, ამ სეგმენტში ლიდერები ვართ.


- როდის დაფუძნდა „კულა“?
- დავფუძნდით 2009 წელს, ომის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, საწარმო გორში მდებარეობს და რადგან იმ დროისთვის იმ ტერიტორიაზე რუსული ჯარის ნაწილები იდგა, გაძარცული იყო. მოკლედ, დავიწყეთ საწარმოს შენება, გადაიარაღება, რეკონსტრუქცია. პირველად ნატურალური წვენებით გამოვედით ბაზარზე. რა თქმა უნდა, სარისკო იყო, მაგრამ ბიზნესის დაწყება ყოველთვის შეიცავს რისკს, მით უმეტეს, როცა ეკონომიკური კრიზისია მსოფლიოშიც და შენს ქვეყანაშიც და შენ იწყებ პრემიალური კლასის პროდუქტით... შემდეგ ნელ-ნელა დავამატეთ სხვადასხვა სახეობა და დღეს ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება - დსთ-ს სივრცეში ყველგან, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადაში, კუბაში, ისრაელში, ასევე, აზიაში. პოსტსაბჭოთა სივრცეში უფრო ადვილი იყო, იციან ჩვენი ტყემალი და საკონსერვო პროდუქცია, ევროკავშირში კი ბიოპროდუქტებზე გავაკეთეთ აქცენტი. შაქრის მიღებას ერიდებიან, ამიტომ შევიტანეთ უშაქრო წვენები და მურაბები. ეს არის ჩვენი „ნოუ ჰაუ“, ვხარშავთ ვაშლის სიროფში და არ ვამატებთ შაქარს. 


- საქართველოში რომელი პროდუქტია ყველაზე პოპულარული?
- გაგიკვირდებათ და ტყემალი, მიუხედავად იმისა, რომ სახლში ყველა ამზადებს! ჩემს მეგობრებს ძალიან უყვართ „კულას“ პროდუქტები, სიდედრებთან აღარ უწევთ წასვლა კონსერვების გამო (იცინის). საკმაოდ რთული წარმოებაა, ზოგჯერ ნედლეულიც მცირეა, თუმცა ძალიან კონკურენტუნარიანი. უმეტესობა ეკოლოგიურად სუფთა ზონებში იზრდება და განსხვავებული საგემოვნო თვისებებიც აქვს.


- რატომ გადაწყვიტეთ საკონსერვო წარმოების გორში დაფუძნება?
- იმიტომ, რომ ეს არის აგრარული მეურნეობის უდიდესი ცენტრი, აქ იყო საკონსერვო წარმოების ტრადიცია, იყვნენ კადრები... ამიტომ გადაწყდა ამ ყველაფრის გორში გაკეთება.


- თქვენ რომელი ნაწარმი გიყვართ ყველაზე მეტად?
- კაკლის მურაბა. სხვათა შორის, ქართული კაკლის მურაბა საბჭოთა კავშირის დროს ყოველ წელს პირადად ინგლისის დედოფალს ეგზავნებოდა. აგრეთვე, კომპოტებიც... ანალოგიური ტიპის კომპოტებს საქართველოში არავინ აწარმოებს. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ ხარისხის მიმართ! თვითონ ვაწარმოებ ყველაფრის დეგუსტაციას და თუ რამე არ მომეწონა, ბაზარზე გასაყიდად არ გავა.


- მეუღლე შინ აკეთებს კონსერვებს?
- არა, აღარ უწევს, თუ რამე ახალი არ მოიგონა (იცინის).


- რისკიანი და აზარტული ადამიანი ხართ?
- კი, რისკიანი ვარ. რომ არ ვიყო, ამხელა საქმეს არ შევეჭიდებოდი. უბრალოდ, უნდა გათვალო რაღაცები. არ მაქვს უფლება, რომ მოვეშვა ან დავნებდე. ჩემ უკან 350 ადამიანი დგას და კიდევ ჩემი ოჯახი.