ვლადიმერ სტეფანიანი: „რაც დღეს გამაჩნია, ყველაფერი უდიდესი შრომისა და ფიქრის შედეგია“

ბიზნესმენი

23 თებერვალი 18:00
375

მას ბაკურიანში ყველა ვალიკად იცნობს და დღეს სასტუმროთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის - „კრისტალის“ მეპატრონეა. გვინდა, ვლადიმერ სტეფანიანის ისტორია ბავშვობიდან დავიწყოთ და მოგიყვეთ, როგორ შეიძლება ადამიანმა არაფრისგან უზარმაზარი კაპიტალი შექმნას.

- ბატონო ვლადიმერ, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დღეს წარმატებულია, ამბობს, რომ ბავშვობიდან იცოდა, რა უნდოდა. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- და-ძმებს შორის უფროსი ვიყავი, ამიტომ მათზე და, ზოგადად, ოჯახზე ზრუნვის მომენტი ბავშვობიდან გამძაფრებული მქონდა. 15 წლიდან ავიღე ოჯახზე პასუხისმგებლობა და ამის პარალელურად, „მწვერვალების“ დაპყრობაზე ოცნება... ისიც კარგად მესმოდა, რომ ეს მარტივი მისაღწევი არ იქნებოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეიძლება...


- მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი პერიოდი იყო?
- ჯერ კიდევ საბჭოთა წყობა იყო, მართლაც, ურთულესი პერიოდი... ერთი რამ ვიცოდი, რომ მხოლოდ სწავლა ჩემი მიზნის განხორციელებაში ვერ დამეხმარებოდა, არც ძლიერი ოჯახი მიმაგრებდა ზურგს... შესაძლოა, შეძლებული ოჯახიდან რომ ვყოფილიყავი, ასეთი მიზანდასახულიც არ ვყოფილიყავი... ჩემი ხასიათი და შეუპოვრობა, ალბათ, უფრო გაჭირვებისგან გამომდინარეობდა. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული ჩემი ნაბიჯი თუნდაც პატარა, მაგრამ ზუსტი და მყარი ყოფილიყო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მქონდა შემოსავალი, რომელსაც ჩემს ოჯახსაც ვახმარდი და კიდეც ვაგროვებდი...


- როგორც ვიცი, ბურანების გაქირავებით დაიწყეთ...
- ბურანის დაქირავებას ფული უნდოდა, ამიტომ რკინიგზის სადგურზე ჩამოტვირთვისას დაბნეული ქვანახშირის შეგროვებით დავიწყე, რომელიც ერთი წლის თავზე გავყიდე და იმ ფულით ბურანი დავიქირავე.


- ასეთ პატარა ასაკში გამქირავებლის ნდობის მოპოვება როგორ მოახერხეთ?
- „გრუზკურორტში“ ბურანის დასაქირავებლად მისულს გამქირავებელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მკითხა, ალბათ, მამას უნდა მიეხმაროო. მამა არაფერ შუაში იყო, მაგრამ თავი დავუქნიე და იმანაც ბურანი უყოყმანოდ მომაქირავა. მიუხედავად ასაკისა, ამ საქმეში უფროს „კოლეგებს“ არ ჩამოვრჩი და სეზონის ბოლოს გამქირავებლებმა საუკეთესო გადამხდელად მაღიარეს.


- საბერძნეთში როგორ აღმოჩნდით?
- ბაკურიანთან ახლოს ბერძნების სოფელი ციხისჯვარია. იქ ცხოვრობდა ერთი ბიჭი, ფედია, რომელსაც ერთხელ ბურანის შეკეთებაში დავეხმარე და მას შემდეგ დავმეგობრდით. 1989 წელს ფედია საბერძნეთში წავიდა და ერთ წელიწადში რომ დაბრუნდა უკან, ვთხოვე, მეც წავეყვანე. ვუთხარი, ვიზას ვიყიდი, საბერძნეთში წამოვალ და ვიმუშავებ-მეთქი. ასე აღმოვჩნდი 18 წლის ბიჭი საბერძნეთში, სადაც 6 წელი გავატარე. მიუხედავად მძიმე შრომისა, ამ პერიოდმა ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბევრი რამ ახლებურად დავინახე.


- თუმცა სოციალური ფონი საქართველოში კვლავ მძიმე იყო...
- ბაკურიანში1996 წელს დავბრუნდი, სადაც უშუქობა, გაჭირვება და ბევრი სხვა პრობლემა დამხვდა. თუმცა საბერძნეთში ცხოვრებამ, როგორც გითხარით, ბევრი რამ მასწავლა და ცხოვრება ახლებურად დამანახვა. იმ დროისთვის ბაკურიანში რამდენიმე „გესტჰაუზი“ ფუნქციონირებდა, თავისი მუდმივი კლიენტურით. გადავწყვიტე, ამ სფეროში ბედი მეც მეცადა. 1997 წელს საკუთარ სახლზე 7 ოთახი  მივამატე, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და კლიენტებს, სხვა „გესტჰაუზებთან“ შედარებით, განსხვავებული, თანამედროვე და უფრო კომფორტული მომსახურება შევთავაზე. ცოტა ხანში ჩემი სასტუმრო ბაკურიანში თითქმის ერთადერთი სასურველი დასასვენებელი ადგილი აღმოჩნდა.


- რამდენი ხანი დასჭირდა პატარა საოჯახო სასტუმროს ამხელა ბიზნესად გადაქცევას?
- ეს 7 ოთახი მეორე წელსვე გახდა 7 ოთახი და 3 სველი წერტილი, შემდეგ დავიწყეთ კიდევ რამდენიმე ოთახის დამატება... იმხელა შემოსავალი არ მქონდა, რომ ამ ყველაფერს ჩემი სახსრებით გავწვდომოდი, ამიტომ გადავწყვიტე კრედიტის აღება... მართალია, ბანკმა კრედიტზე უარი მითხრა, მაგრამ ერთ-ერთმა ჩემმა დამსვენებელმა, ჩემი შრომა და მონდომება რომ ნახა, ბიზნესის გასაფართოებლად 50 ათასი დოლარი მომცა. ეს ადამიანი დღეს ჩემი ოჯახის მეგობარია და მე თუ დღეს წარმატებული ვარ, ეს მისი დამსახურებაცაა.


- როცა ბიზნესს იწყებდით, ბაკურიანში მხოლოდ რამდენიმე „გესტჰაუზი“ იყო, შემდეგ ნელ-ნელა სასტუმროების რიცხვმა იმატა... როგორ უმკლავდებით კონკურენციას?
- ზოგადად, კონკურენციას პოზიტიურად ვუყურებ, რადგან ეს არის ერთგვარი სტიმული, მუდმივად განვითარებისთვის იბრძოლო. ზოგი დიდი ინვესტიციით შემოდის, მაგრამ მარტო ფინანსები არ კმარა... წარმატების მისაღწევად და რაც მთავარია, შესანარჩუნებლად, საჭიროა არაადამიანური შრომა... გზად ბევრი ბარიერი შემხვდა - არა მარტო კლიმატური ან სახელმწიფოებრივი, არამედ ადამიანური შური და ბოღმაც, მაგრამ მე ცალი ხელით მტრებს ვიგერიებდი, მეორე კი მუდამ საქმით მქონდა დაკავებული. ასე იყო მაშინაც, როცა წინა ხელისუფლების დროს ძმა დამიჭირეს, მაშინაც კი არ მოვწყდი ჩემს საქმიანობას... პროკურორი რომ მელაპარაკებოდა და ნახევარ მილიონს მთხოვდა, მაშინაც კი ახალ პროექტზე ვფიქრობდი... ასე რომ, რაც დღეს გამაჩნია, ყველაფერი უდიდესი შრომისა და ფიქრის შედეგია.


- ამ ეტაპზე რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს თქვენი სასტუმრო?
- ამ ეტაპზე სასტუმრო „კრისტალში“ 60 ნომერი მუშაობს. მომსახურების სტანდარტები 4 ვარსკვლავის შესაბამისია. ჩვენს სტუმრებს ემსახურება „კრისტალის“ სპაცენტრი, საცურაო აუზით, საუნებით, ფიტნესდარბაზით და სპაპროცედურებით. გვაქვს რამდენიმე ბარი, ბილიარდი, ბავშვთა ოთახები, სათამაშო მოედანი. ასევე, ჩვენს დამსვენებლებს ემსახურებათ სასტუმროს მიკროავტობუსი საბაგიროზე ასაყვანად. გვაქვს 3-ჯერადი კვება (შვედური მაგიდა), როგორც ქართული, ისე ევროპული სამზარეულოს კერძებით. მინდა, აღვნიშნო, რომ ჯანსაღი კვება ჩვენი სასტუმროს პრიორიტეტია. გვაქვს საკუთარი ფერმა და რძის გადამამუშავებელი ქარხანა. აქედან გამომდინარე, სასტუმროს ნატურალური ხორცპროდუქტებითა და რძის ნაწარმით ჩვენ თვითონ ვამარაგებთ.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- გრანდიოზული გეგმები გვაქვს... სამწუხაროდ, ბაკურიანი არ არის მდიდარი ინფრასტრუქტურის კურორტი, ამიტომ აქცენტს მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე ვაკეთებთ. ვაპირებთ ეზოს კიდევ უფრო კეთილმოწყობას. ლანდშაფტის დიზაინს  იტალიელ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ვაკეთებინებთ. გვინდა პარკის მოწყობა, საბაგიროთი, ატრაქციონებით და ა.შ.


- და მაინც, რა მიგაჩნიათ ბიზნესში წარმატების საიდუმლოდ?
- პირველ რიგში, თავდაუზოგავი შრომა, ხოლო შემდეგ - გამართლება. გამართლებაში ჩემს ოჯახსა და იმ ადამიანების გაცნობას ვგულისხმობ, ვინც ბიზნესის დასაწყისში იყო თუ დღეს, საქმის წარმართვაში გვერდში მიდგანან.