ილია წულაია - რატომ ენდობოდნენ 20 წლის ბიჭს ბიზნესპარტნიორები?

ბიზნესმენი

8 სექტემბერი 14:00, 2015 წელი
67

დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბიზნესმენია საქართველოში. პროფესიით იურისტმა ბიზნესსაქმიანობა 20 წლის ასაკში დაიწყო.

- ბატონო ილია, როცა ამ საქმეს იწყებდით, როგორ ფიქრობთ, იღბალი თქვენს მხარეზე დადგა? უმადლით რაიმე გარემოებებს იმას, რომ „არქი ჯგუფი“ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა დეველოპერულ სივრცეში?
- როცა ეს საქმე დავიწყეთ, 2006-2007 წლებში, ამ სფეროში ინვესტიციების ბუმი და განსაკუთრებით ხელსაყრელი ვითარება იყო უძრავი ქონების ბიზნესისთვის, ამან მოგვცა დამატებითი სტიმული. თუმცა, სამწუხაროდ, დაწყებიდან მალევე კრიზისის პერიოდი დაგვემთხვა. ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ახალბედა კომპანიისთვის - გამოწვევა, როგორ შევძლებდით განვითარებას.
ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 2008 წელს, მაშინ როცა ყველა გაჩერდა, უძრავი ქონების მშენებლობისკენ ავიღეთ გეზი. მაშინ ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯი გახლდათ, მაგრამ რისკმა გაამართლა. როცა ასეთ რთულ პერიოდს გადალახავ, დიდ გამოცდილებას იძენ. რაც მთავარია, გვყავს ძალიან კარგი პარტნიორები, რომლებიც ჩვენს ხედვას იზიარებენ. როცა ძალიან მძიმე ვითარებაშიც შეგიძლია საქმის კეთება და წარმატების მიღწევა, ეს იმის ინდიკატორია, რომ შენი მიდგომები სწორია.


- თავად როგორ რეაგირებთ კრიზისულ სიტუაციებში?
- ალბათ, ხასიათშიც მაქვს და ამ წლების მანძილზეც გამომიმუშავდა, რომ შემიძლია, ვიპოვო ოპტიმალური გამოსავალი ცივი გონებით. პანიკა და ემოციური გადაწყვეტილებები ჩემთვის უცხოა, რეალობას ვიღებ ისეთს, როგორიც არის. ეს არ არის ევროპა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რამე გათვალო.


- ადრეულ ასაკში მოგიწიათ ბიზნესის დაწყება...
- ფაქტობრივად, ბავშვობიდან, 20-22 წლიდან სულ მქონდა საკუთარი საქმე, პარალელურად ძალიან კარგად ვსწავლობდი. არ ვარ იმის მომხრე, რომ პრაქტიკის ხარჯზე განათლებას მოაკლო. ეს, უბრალოდ, თავის მართლების მცდელობაა ზარმაცებისთვის. შეიძლება, წარმატებას მიაღწიო აკადემიური განათლების გარეშეც, მაგრამ ეს რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაგჭირდება. ერთადერთი, დოქტორანტურასა და საქმეს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება - წარმატებით ჩავაბარე საბიუჯეტო სექტორზე, რაც საკმაოდ რთული იყო, მაგრამ თავი დავანებე ბიზნესის გამო. თუ ბიზნესი გაქვს, მთლიანად იქ უნდა იყო.


- ვის უმადლით იმას, რაც დღეს გაქვთ ცხოვრებაში?
- მადლობელი ვარ ბუნებისაც, რომ მომცა შესაძლებლობები, და საკუთარი თავისაც. თორემ მემკვიდრეობით არც ქონება მიმიღია და არც მომგებიანი ბილეთი მრგებია.


- და როგორ დაიწყო „არქი“?
- მანამდე ბევრ სამშენებლო კომპანიასთან მქონია ურთიერთობა, ვიცოდი პლუსები, მინუსები, რისკები... შევქმენით კონსალტინგ კომპანია ინვესტორებისთვის და შემდეგ მოგვეცა სტიმული, დეველოპერული კომპანია გაგვეკეთებინა.


- ჰო, მაგრამ კიდევ ერთხელ შევნიშნავ, რომ საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყეთ ბიზნესი. როგორ ფიქრობთ, რის წყალობით ახერხებდით პარტნიორების ნდობის მოპოვებას?
- როცა მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხდებოდით, ჩემს პარტნიორებს ყოველთვის ჰქონდათ იმის განცდა, რომ ჩემს რეალურ ასაკზე ათი წლით უფროსი მაინც ვიყავი. როცა ჩემს წლოვანებას იგებდნენ, გაოცებულები რჩებოდნენ. არ ვიცი, ბევრად ასაკოვნად გამოვიყურები თუ არა, მაგრამ, ალბათ, ასაკზე უფრო დიდი მნიშვნელობა გამოცდილებას ჰქონდა. ბიზნესში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ნიჭი, სწრაფი აზროვნება და პასუხისმგებლობის აღების უნარი. მე კი პასუხისმგებლობის აღებას ბავშვობიდან შევეჩვიე. ბავშვობიდან მიწევდა ფიზიკური შრომა. ბაბუაჩემს საქონლის დიდი ფერმა ჰქონდა და ზაფხულობით ვეხმარებოდი ხოლმე, თანაც გარკვეული მატერიალური დაინტერესებით. ასე რომ, პასუხისმგებლობის, შრომისა და ფულის ფასი ბავშვობიდან ვიცი.


- ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანისთვის ბიზნესის, კომერციის, მარკეტინგის სფეროში მუშაობა მარტივი არ უნდა იყოს...
- გეთანხმებით. ბავშვობიდან ტექნიკური საგნები მიყვარდა და მიმაჩნია, რომ არასწორი მიმართულებით ავირჩიე განვითარება. სჯობდა, ბიზნესის კუთხით გამეგრძელებინა სწავლა. სამაგიეროდ იურიდიული განათლება მოლაპარაკებების პროცესში ძალიან მეხმარება. დაბადებით პრაქტიკოსი მეწარმე ვარ.


- ადამიანებთან ურთიერთობისას და საქმეში ინტუიციას ეყრდნობით ხოლმე?
- ინტუიციის, შინაგანი ხმებისა და ასეთების არ მჯერა. საკუთარი გამოცდილებისა და შთაბეჭდილების მჯერა უფრო. რა თქმა უნდა, ბევრჯერ შევმცდარვარ ადამიანებში, ყველა ცდება.


- თავისუფალი დრო გრჩებათ?
- ახლა კი. ადრე აქ ვაღამებდი და ვათენებდი. ძალიან მიყვარს სპორტი, ვთამაშობდი კალათბურთს, თუმცა უფრო ფეხბურთისა და „მიუნხენის ბაიერნის“ გულშემატკივარი ვარ, ხშირად დავდივარ საფეხბურთო მატჩებზე, ლიგის ფინალებზე, სუპერთასზე.


- მეუღლე და ორი ვაჟი გყავთ. თქვენი მეუღლეც თქვენს სფეროში მუშაობს?
- არა, ჩემი მეუღლე არასამთავრობო სექტორში მუშაობს. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში ჩემი დიდი მხარდამჭერია. მის აზრს ხშირად ვიზიარებ ხოლმე. საერთოდ მკაცრი ვარ, მაგრამ არა - დიქტატორი, მკაცრ-ლიბერალი ვარ (იღიმის), თუმცა ზოგჯერ მიწევს, მომთხოვნიც ვიყო.