„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახე“

ბიზნესმენი

20 ოქტომბერი 10:00, 2015 წელი
71

სამშენებლო კომპანია „როდოსი“ ქართულ-ბრიტანული კომპანიაა. ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ როინიშვილი ამბობს, დამფუძნებლებს საკმაოდ შთამბეჭდავი ბექგრაუნდი აქვთ...

ნიკოლოზ როინიშვილი, კომპანია „როდოსის“ გენერალური დირექტორი:
- კომპანია „როდოსმა“ საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრიბა. დამფუძნებლებს დიდი ბექგრაუნდი აქვთ, მანამდე ყველა ცნობილ კომპანიაში მუშაობდა. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული ინვესტიციით და, აქედან გამომდინარე, დასრულების პრობლემა არასდროს ემუქრება. სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ გაყიდვებზე არ ვართ დამოკიდებულები. ბევრი კომპანია ირწმუნება, რომ თბო და ენერგოეფექტურ კორპუსებს აშენებს, რომლებიც რეალურად მხოლოდ გარედან „იფუთება“. ჩვენ ვიყენებთ ევროპულ ტექნოლოგიებს და მოწვეული გვყავს დასავლელი სპეციალისტები.


- თქვენ როგორ მოხვდით კომპანიაში?
- პროფესიით ფინანსისტი ვარ, თუმცა სამშენებლო სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ დამფუძნებლები დამიკავშირდნენ და ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. ამ გუნდთან დიდი ხნის განმავლობაში ვთანამშრომლობდი. მერე ჩვენი გზები დროებით გაიყარა, მე „ლიბერთი კაპიტალში“ გადავედი სამუშაოდ.


- არ ჰქონდათ ბრიტანელ პარტნიორებს გარკვეული შიში და ყოყმანი ქართულ ბაზარზე შემოსვლისას?
- ყველა ტიპის ბიზნესი რისკებთან არის დაკავშირებული, მთავარია, რაღაცები სწორად გათვალო და აწონ-დაწონო. ეს ცოტა სპეციფიკური ბიზნესია. ერთადერთი შეიძლება, პროექტი დათქმულ ვადაში ვერ განხორციელდეს, თორემ დასრულების პრობლემა, როგორც გითხარით, მას არ ექნება. ჩვენ მანამდე ორი დიდი პროექტი განვახორციელეთ, ამჟამად ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქ.N72-ში. ასევე, გვაქვს სამშენებლო მასალების საწარმოები. ქართული ბაზარი არ არის სტაბილური, ხარისხის დაცვაც არ არის მარტივი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ხარისხის მაღალი თამასა გვეჭიროს, რადგანაც ამ მხრივ მომხმარებელიც უკვე საკმაოდ გაზრდილია. თუ ადრე, პირობითად რომ ვთქვათ, საკმარისი იყო, შენობა გარედან მოგეწესრიგებინა, ჰქონოდა ნორმალური ჭერი, იატაკი და კარ-ფანჯარა, ახლა ყველაფერს კითხულობენ - სავენტილაციო სისტემებს, თბოიზოლაციას, უსაფრთხოების სისტემებს... მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მომხმარებელი საკმაოდ პრეტენზიული და გაცნობიერებული მომხმარებელია. თუმცა ზევითაც აღვნიშნე, რომ ხარისხის შენარჩუნება არ არის იოლი ამოცანა, წარმოიდგინეთ, ამის გამო ჩვენ ჯერჯერობით მოგების მარჟაზე ვამბობთ უარს! ჩვენი რეპუტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი რყევები, განსაკუთრებით ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო, მუდმივად იცვლება სამშენებლო და სარემონტო მასალების ფასი, მუშახელიც ძვირდება... ძირითადად, თბილისში მოთხოვნა მაინც გარეუბნების პატარა ბინებზეა, რეალობიდან გამომდინარე. ამიტომ გეგმაში გვაქვს, განვახორციელოთ პროექტები გარეუბნებში, ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც ორი მეზობელი კორპუსის აივნებიდან ერთმანეთს ხელს არ ჩამოართმევს (იცინის). და რაც მთავარია, ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახეზე ზრუნვა. კუსტარულად აშენებული კორპუსებით ქალაქის დამახინჯება ძალიან დიდი პრობლემაა.


- თქვენზეც ვისაუბროთ, როგორი იყო თქვენი ბექგრაუნდი ამ კომპანიაში მოსვლამდე?
- საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი წარმოებაში, ახლა მეტროში ფერადი ვაგონები რომ დადის, ხომ იცით? ადრე ნაცრისფერი დადიოდა (იცინის). აი, სწორედ იქ ვმუშაობდი. ისე, ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი, 35-ე საფეხბურთო სკოლა მაქვს დამთავრებული, მაგრამ არასოდეს მიფიქრია პროფესიონალ ფეხბურთელობაზე. პროფესიული სპორტი ცოტა სხვა რამაა, სარისკო. შეიძლება, ერთხელ ფეხი გადაგიბრუნდეს და მორჩა, დამთავრდა შენი კარიერა! ამიტომ გავხდი პროფესიით ფინანსისტი.


- მას მერე ფეხბურთი მეგობრებთანაც აღარ გითამაშიათ?
- არა, არასოდეს. არ დაიჯერებთ და ფეხბურთის გულშემატკივარიც კი არ ვარ, არც ფავორიტი კლუბი მყავს და ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ!  ვუყურებ მარტო იმას, რაც ბიზნესისთვის მჭირდება. დანარჩენი თავისუფალი დრო მირჩევნია, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გავატარო.


- და რამდენად ახერხებთ ამას?
- ყოველთვის, როცა მცალია, აუცილებლად მეგობრებთან ერთად ვარ! მეგობრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრები მუდმივად აპროტესტებენ იმას, რომ მათთან ბევრ დროს ვერ ვატარებ, მაგრამ ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, მთელ გუნდს ასეთ დაძაბულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.


- საკმაოდ ლოიალური უფროსი ჩანხართ...
- ამბობენ (ეღიმება). ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, როგორ მუშაობს თანამშრომელი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათთან მეგობრული დამოკიდებულება. ადამიანს სამსახურში მისვლა უნდა უხაროდეს. ყოველთვის მაინტერესებს, ჩემს თანამშრომლებს რა უჭირთ, როგორ არიან, ან რას ფიქრობენ. მკაცრი ნამდვილად არ ვარ. არც სამსახურში, არც გარეთ...


- რა პრინციპით არჩევთ კადრებს, ხშირად შემცდარხართ ადამიანებში?
- მთავარია საქმის ცოდნა და შრომისმოყვარეობა. ადამიანის შეფასებაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ შევმცდარვარ. ვერც წარმომიდგენია, თუ ვინმეს შეუძლია, თქვას, რომ ადამიანს ერთი შეხედვით ცნობს და არასოდეს ცდება.