დიმიტრი ტვილდიანი: „ჩვენი უნივერსიტეტიდან 140 ექიმი დღეს ამერიკის წამყვან კლინიკებში მუშაობს“

ბიზნესმენი

8 დეკემბერი 10:00, 2015 წელი
94

ექიმი - ამქვეყნად ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც 24-საათიან შრომას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას მოითხოვს. ამის პარალელურად ბევრი ქართველი მედიკოსი პოზიტიური, იუმორით სავსე და შემოქმედებითი ადამიანია. სწორედ ასეთია ჩვენი დღევანდელი სტუმარი - დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრის დამფუძნებელი დიმიტრი ტვილდიანი.


- კლინიკის დაფუძნებამდე ხანგრძლივი და რთული გზა გავიარეთ. 1988 წელს ამერიკაში აღმოვჩნდი და მივხვდი, რომ ქართველ ექიმებს შეეძლოთ, იქ საექიმო-საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. საბჭოთა მედიცინა დასავლურთან შედარებით ძალიან იყო ჩამორჩენილი, ქართული მედიცინა დღესაც საბჭოთა მედიცინის ნარჩენებია. ჩემი ალმა მატერი თსსუ-ა, მამაჩემიც თავის დროზე იქ მუშაობდა და ამერიკიდან ჩამოსულმა რომ შევთავაზე, იქნებ გარკვეული ცვლილებები და რეფორმები განგვეხორციელებინა-მეთქი, დაფიქრდა და მითხრა: ჯობია, ახალი უნივერსიტეტი დავაფუძნოთო.
საქართველოში ჩამოსულს სურვილი გამიჩნდა, ქართველი ექიმების გარკვეული ჯგუფი გადასამზადებლად და სასწავლებლად ამერიკაში გამეგზავნა. შევქმენი სპეციალური ფონდი, ძალიან დამეხმარა სამინისტრო და ამერიკის ქართული დიასპორა. 300 მსურველი იყო და მხოლოდ 6-მა შეძლო ამ გამოცდის ჩაბარება. მაშინ მივხვდით, რომ თვისობრივად სხვა რაღაცის გაკეთება იყო საჭირო. ამიტომ დავაარსეთ სამედიცინო ინსტიტუტი „აიეტი“, რომელსაც შემდეგ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი ეწოდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან 140 ექიმი დღეს ამერიკის წამყვან კლინიკებში მუშაობს.
თუმცა დიდი სურვილი გვაქვს, კვალიფიციური ექიმები საქართველოში დავაბრუნოთ და სათანადო პირობები შევუქმნათ. მანამდე კი ისინი, ინტერნეტისა და ტელემედიცინის საშუალებით, ჩართულები არიან კლინიკის საქმიანობაში, ასევე, ე.წ. „ონლაინკლინიკაში“, რაც ამერიკაში მოღვაწე მაღალი დონის მედიკოსებისგან ონლაინ უფასო კონსულტაციას გულისხმობს.


- ალბათ, სხვა პროფესიის არჩევაზე დიდხანს არც გიფიქრიათ...
- არა, ნამდვილად. ოჯახში, ფაქტობრივად, ყველა ექიმი მყავდა - მამა, დედა, ბებია. მამაჩემის ბევრი მადლიერი პაციენტი მახსოვს... კომპოზიტორი ვალერიან ცაგარეიშვილი ძალიან მექაჩებოდა კონსერვატორიაში საფორტეპიანო განხრით, თუმცა ჩემგან პიანისტი არ გამოვიდა. მუსიკოსობაზე არასოდეს მიფიქრია. 


- და ახლა უკრავთ ან მღერით?
- კი, სუფრასთან (ეღიმება).


- ექიმის პროფესია საკმაოდ რთულია - უძილო ღამეები, სხვა ადამიანების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა კოლოსალურ ენერგიასა და ნერვებს მოითხოვს. თქვენ პირადად რა დაგაკლდათ განსაკუთრებით?
- ახალგაზრდობის წლებში ძალიან ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა. წავედი მოსკოვში და დისერტაციაზე ორი წელი მუხლჩაუხრელად ვიმუშავე. მინდოდა, თვითონ გამეკვალა ჩემი გზა და ვინმეს არ ეთქვა, მამამისი დაეხმარაო. ექიმი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, კითხულობდეს, ყველაფრის საქმის კურსში იყოს. მედიცინა არ არის ის სფერო, სადაც ერთხელ რამეს ისწავლი და მორჩა, ფეხს ფეხზე გადაიდებ. მე მყავს ძალიან კარგი ექიმი მეგობრები, რომლებიც მუდმივად ითვისებენ სიახლეებს, იციან, რა ხდება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში, ამასთან ერთად, კიდეც ქეიფობენ, სვამენ და დროსაც ატარებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ძილის ხარჯზე ხდება, მათ, ფაქტობრივად, არ სძინავთ.


- თქვენ გცალიათ საქეიფოდ და გასართობად?
- რაც სამკურნალო სფეროს ჩამოვშორდი და მენეჯმენტში გადავედი, უფრო ხშირად და ეს ჩემს კომპლექციასაც დაეტყო (იცინის).


- თქვენთან თანამშრომლები მკაცრ შერჩევას გადიან?
- ჯოხი და მათრახი არ მაქვს, როგორც ხედავთ. ხმის აწევაც არ მჭირდება ხოლმე, კარგი თანამშრომლები მყავს.


- ამერიკაში მოხვედრამდე იცოდით ინგლისური?
- დიახ, ბითლზის ჩანაწერებიდან ვისწავლე. საშინელი ხარისხის ჩანაწერები იყო, ათასჯერ გადაწერილი. პრინციპში, სისტემაც ასეთივე საშინელი იყო. ხშირად მიოცნებია ამერიკაში წასვლაზე და როცა საელჩოდან დადებითი პასუხი მივიღე, გაოცებული დავრჩი. ამერიკაში წასვლაზე რას ვიფიქრებდი, როცა ბულგარეთში არ გვიშვებდნენ. ბათუმში რომ ჩავდიოდით, მარცხნივ გახედვის გვეშინოდა, უშიშროება შარს მოგვდებდა, თურქეთს რატომ ათვალიერებთო. ერთხელ მახინჯაურში კოცონი დავანთეთ და სამხედროებმა ორ საათს გვაყურყუტეს დაკითხვაზე, რა გინდოდათ, სიგნალს ვის აძლევდითო.


- თქვენი შვილებიც მედიკოსები არიან?
- შუათანაა მომავალი ექიმი. უფროსი იურიდიულზე სწავლობს. უმცროსი სკოლის მოსწავლეა. ჩემი ოჯახი ამერიკაში ცხოვრობს და მეც ხან იქ ვარ, ხან - საქართველოში. თუმცა შუათანა შვილს არ უნდოდა ამერიკაში ყოფნა და საქართველოში დაბრუნდა.