ზვიად შელია: „ეფექტს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები ქმნის...“

ბიზნესმენი

29 ნოემბერი 20:00, 2016 წელი
71

„ეს საქმიანობა ჩემთვის ერთგვარი „სცენის მტვერი“ აღმოჩნდა, რომელსაც თუ ერთხელ შეისუნთქავ, ცხოვრების ბოლომდე „მოიწამლები“... - აცხადებს ღონისძიებების ორგანიზების სააგენტო „სითი ივენთ გეორგიას“ დამფუძნებელი და დირექტორი ზვიად შელია.

- რას საქმიანობდით, სანამ ამ კომპანიას დააარსებდით?
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე. შემდეგ არტმენეჯერი ვიყავი ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდი. ეს სფერო ძალიან მომეწონა... არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდიოდა ეს საქმე, მაგრამ, რადგან ყველა კმაყოფილი მყავდა, ეტყობა, თავს მშვენივრად ვართმევდი. ამის შემდეგ გავხსენი საკუთარი ბარი... ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან არა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიწევდა, იქ მომუშავე პერსონალიც ჩემზე იყო დამოკიდებული... მიუხედავად იმისა, რომ ამ ბარმა დიდხანს არ იარსება, იმ პერიოდმა სერიოზული გაკვეთილი მომცა, თუ რა არის პრიორიტეტული ბიზნესში, როგორ დავგეგმო თითოეული ნიუანსი და სხვ.

- ღონისძიებების ორგანიზებით როდის დაინტერესდით?
- ზემოთჩამოთვლილი საქმიანობების პარალელურად, იმ წლებში არაერთი სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩამიტარებია და საკმაოდ დიდი წარმატებით... მოკლედ, ეს საქმიანობა ჩემთვის ერთგვარი „სცენის მტვერი“ აღმოჩნდა, რომელსაც თუ ერთხელ შეისუნთქავ, ცხოვრების ბოლომდე „მოიწამლები“...

- საკუთარი ღინისძიებების ორგანიზების სააგენტოს გახსნის იდეამდე როგორ მიხვედით?
- ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ უმუშევარი  დავრჩი და ასეთი მდგომარეობა, დაახლოებით, სამი წელი გაგრძელდა... ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რათა ჩამოვყალიბებულიყავი, რა მინდოდა და რა უნდა მეკეთებინა... იმ პერიოდში ხშირად ვმოგზაურობდი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და სხვადასხვა ღონისძიებას ვესწრებოდი... ერთხელ რუმინეთში ერთ-ერთ ფესტივალზე მოვხვდი. ღონისძიება იმდენად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რომ ორგანიზატორებს ვკითხე, ეს ყველაფერი როგორ შეძლეს... აღმოჩნდა, რომ ოფიციალური მხარე - ფესტივალის ორგანიზატორებმა, ხოლო დანარჩენი საორგანიზაციო საკითხები რომელიღაც კერძო ივენთკომპანიამ მოაგვარა. ამ ფაქტმა ბიძგი მომცა, მსგავსი ივენთკომპანია საქართველოშიც გამეხსნა. გადაწყვეტილება ძალიან „ცივ გონებაზე“ მივიღე - ერთ მშვენიერ დღეს წავედი და დავარეგისტრირე კომპანია „სითი ივენთ გეორგია“.

- რა სირთულეებს წააწყდი და როგორ შესძელი მათთან გამკლავება?
- იმ დროისთვის ქართულ ბაზარზე რამდენიმე მსგავსი კომპანია არსებობდა, თუმცა კონკურენციას ნამდვილად არ შევუშინებივარ და ვფიქრობ, ყველას თავისი ნიშა აქვს. ამ სფეროში იმდენად აქტიური ვიყავი და ამ საკითხზე იმდენად ბევრი მქონდა ნაფიქრი, რომ გაგიკვირდებათ და დღემდე იმ ინერციით მოვდივარ... მე ვფიქრობ, ეს არის იმის შედეგი, რაც მანამდე მიკეთებია... იმ წლების შრომას და გამოცდილებას ნაყოფი ახლა გამოაქვს.

- რა გამოარჩევს „სითი ივენთ გეორგიას“ მსგავსი კომპანიებისგან?
- „სითი ივენთ გეორგიას“ შეუძლია ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზება, რაშიც შედის: ლოკაციის შერჩევა, დაგეგმარება, ნახაზის შექმნა, სცენოგრაფია, მსახიობები, მუსიკოსები, ინტერიერის მოწყობა, დიზაინი, დეკორაციები, ფოტო-ვიდეომომსახურება, ტრანსფერით მომსახურება, მენიუს შერჩევა და ყველა ის წვრილმანი, რაც კარგად ორგანიზებულ, მაღალი დონის ღონისძიებას სჭირდება.
ხშირად ისეც ხდება, რომ დამკვეთი მხოლოდ კონკრეტულ პუნქტებს ირჩევს ჩვენი მომსახურებიდან და იმას გვიკვეთს. ჩვენ უზარმაზარი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ შეკვეთას.

- ყველაზე უცნაური ღონისძიება, რაც გაგიკეთებიათ?
- ეს იყო შავ-თეთრი ქორწილი, რომელიც სექტემბერში გავაკეთეთ, სხვათა შორის, ძალიან უცნაური, მაგრამ საინტერესო და ეფექტური გამოვიდა.

- საახალწლოდ რა სიახლეებია დაგეგმილი?
- საახალწლოდ დიდი ციებ-ცხელება გვაქვს. სიხლე წელს გვექნება საახალწლო სურნელი, რომელიც არის ახალი ფიშკა. უამრავი საახალწლო  ღონისძიების ორგანიზება გვაქვს დაგეგმილი. ზოგადად, ღონისძიებების ორგანიზება რთული და შრომატევადი საქმეა, მაგრამ შეიძლება, უდიდესი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩადო რაიმე დეტალში, ღონისძიების სტუმრებმა კი ეს დეტალი ვერც შეამჩნიონ. თუმცა იმ საბოლოო ეფექტს, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს საჭირო განწყობა უნდა შეუქმნას, სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალები ქმნის.