დიეტა ახალი წლის შემდეგ - 3-დღიანი „გამწმენდი თერაპია“

დიეტა

6 იანვარი 12:00
53

ახალი წლის გემრიელი დღეების შემდეგ კვების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლა რთული, მაგრამ აუცილებელია. კალორიული საკვებით დაგროვილი ცხიმების, ზედმეტი სითხისა და „საკვები ნარჩენების“ ორგანიზმიდან გამოდევნაში განტვირთვის დღეები დაგეხმარებათ. 

რა უნდა გაითვალისწინოთ განტვირთვის დღეების დროს:



- კვების რეჟიმის მკვეთრი შეცვლა ორგანიზმისთვის დიდი ტრაგედიაა. ამიტომ, განტვირთვის დღეებისთვის სასურველია, წინასწარ მოემზადოთ, თუნდაც ერთი დღით ადრე უარი თქვით ცხიმიანი კერძების, ტკბილეულისა და ცხარე საკვების მიღებაზე.


- „გამწმენდი თერაპიის“ ოპტიმალური ხანგრძლივობა 3 დღეა. თუკი მას უფრო დიდი ხნით დაიცავთ, ორგანიზმი საჭირო საკვები ნივთიერებებისა და ვიტამინების ნაკლებობას განიცდის.


- არ ისარგებლოთ ქიმიკატებითა და წამლებით, რომლებიც წონაში სწრაფად კლებას უწყობს ხელს, რადგან შესაძლოა, საწინააღმდეგო ეფექტი მიიღოთ. მსგავს საშუალებებს გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის, ვიდრე სარგებელი, რადგან მათი უმეტესობა სულაც არ არის სრულყოფილად გამოკვლეული.


- განტვირთვის დღეებში შეეცადეთ, ულუფების რაოდენობა გაანახევროთ ან ოდნავ მაინც შეამციროთ.


- მიირთვით 2 ლიტრამდე წყალი ან გაზგასული მინერალური.


განტვირთვის დღე ვაშლით - მინუს სამი კილოგრამი

ევროპელმა მიკრობიოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლის ხშირი მიღება ნაწლავებში სპეციალური სახის ბაქტერიების რაოდენობას ზრდის, რომლებიც ხელს უშლის ლპობის პროცესს და საჭმლის უკეთ გადამუშავებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ორგანიზმში ე.წ. „საკვები ნარჩენები“ არ გროვდება, რაც ჭარბი წონის დაგროვებას აფერხებს. ამერიკელმა მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ ის ქალბატონები, რომლებიც დიეტის პერიოდში სამ ვაშლს მიირთმევენ, უფრო სწრაფად იკლებენ წონაში, ვიდრე ისინი, ვისაც ვაშლი არ უყვართ.
პროფესიონალი დიეტოლოგები გვირჩევენ, დიეტისა და განტვირთვის დღეებში მივირთვათ ვაშლი, როგორც ჩვეულებრივი, ასევე, გამომცხვარი. განტვირთვის დღეებისთვის შეიძინეთ 1,5 კგ ვაშლი (არავითარ შემთხვევაში ტკბილი!) და დღის განმავლობაში ისარგებლეთ ცნობილი ფორმულით: თუკი გშიათ, ვაშლი მიირთვით, ხოლო თუკი ვაშლის ჭამა არ გსურთ, ე.ი. არ გშიათ. ხილის გარდა, დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ 1,5 ლიტრი წყალი.


განტვირთვის დღე კეფირით - მინუს 2 კილოგრამი

ეს დეტოქსისა და განტვირთვის სახეობა ერთ-ერთი პოპულარული და ძალიან ეფექტურია. ვინაიდან კეფირი თხევადი პროდუქტია, მასთან ერთად არ არის აუცილებელი დღეში 8 ჭიქა წყლის დალევა. ნახევარი ლიტრი გაზგასული მინერალური წყალიც საკმარისია. ერთადერთი მინუსი, რაც კეფირის განტვირთვის დღეს აქვს, ის არის, რომ შესაძლოა, თავი ოდნავ სუსტად იგრძნოთ. ამიტომ ამ დროს საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და შორ გზაზე გამგზავრება არ ღირს.
1-1,5 დაბალპროცენტიანი კეფირი (სასურველია 1%-იანი) მიიღეთ 5-6-ჯერ დღის განმავლობაში. გამოგივათ, დაახლოებით 2-3 საათში ერთხელ.


განტვირთვის დღე წიწიბურით

ამ შემთხვევაში მთავარია, მომზადების წესი. წიწიბურა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხარშოთ, უბრალოდ, მოამზადეთ ორთქლზე! მაგალითად, საღამოს, ერთ წილ წიწიბურას დაასხით ორი წილი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე, დატოვეთ დილამდე და დილას მიირთვით.
შეგიძლიათ, იმდენი წიწიბურა მიირთვათ, რამდენიც მოგინდებათ და რამდენიც „ჩაგეტევათ“, მაგრამ გახსოვდეთ, რომ წიწიბურა უნდა იყოს მარილის, კარაქის, რძისა და სხვა დანამატების გარეშე. სასურველია, მიიღოთ 1 თეფში წიწიბურა 2-3 საათში ერთხელ. გარდა ამისა, დღის განმავლობაში აუცილებელია 2 ლიტრი წყლის მიღება.


განტვირთვის დღე ბრინჯით


სასურველია, შეარჩიოთ ყავისფერი ბრინჯი, რომელიც უფრო სასარგებლოა. საღამოს ჩაყარეთ ქვაბში 250 გრამი ბრინჯი, გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, ისე რომ ბრინჯი ქვაბში დაიფაროს და დილამდე ასე დატოვეთ. დილას ღამის წყალი გადაუქციეთ, დაასხით ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ. მოხარშული ბრინჯი გაყავით 6 ნაწილად და მიიღეთ თანაბარი ინტერვალებით. ბრინჯს შეგიძლიათ, დაუმატოთ რამდენიმე ცალი წვრილად დაჭრილი გარგრის ჩირი და დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ 2 ლიტრი წყლის მიღება.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!