დიაბეტიკების იმედი - მეტაბოლური ოპერაცია

ექიმის კონსულტაცია
12.10.2016 12:00
36984

იმ გლობალურ სამედიცინო პრობლემათაგან, რომლებიც დღეს  მსოფლიოს აწუხებს, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა შაქრიანი დიაბეტი. არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი - I ტიპი და II ტიპი. I ტიპის დიაბეტს, ძირითადად, მედიკამენტებით ან ინსულინის ინექციებით არეგულირებენ,  II ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ კი, თანამედროვე მედიცინა ქირურგიულ მეთოდს - მეტაბოლურ ოპერაციას გთავაზობთ.  მეტაბოლური ოპერაციის შესახებ მედიპოლ მგას საუნივერსიტეტო კლინიკის დოცენტი იაშარ ოზდენკაია გვესაუბრება.

რა არის შაქრიანი დიაბეტი და რა იწვევს მის ჩამოყალიბებას?
ყოველდღიური სტრესი, სწრაფი კვების სტილი და უმოძრაო ცხოვრების წესი, თანდათანობით, წონის მატებას იწვევს. ზედმეტი წონა კი, თავისთავად, სხვადასხვა ავადმყოფობის წყაროა, მათ შორის ყველაზე გავრცელებული შაქრიანი დიაბეტი, განსაკუთრებით კი მეორე ტიპის დიაბეტია. ამ დაავადებისას, მომატებული ცხიმოვანი ქსოვილის გამო, ორგანიზმის მოთხოვნილება ინსულინის მიმართ იზრდება. გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის დროს კი, სხვადასხვა დაავადებების სპექტრი იჩენს თავს. მომატებული შაქრის შემცველობა იწვევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების დაზიანებასა და სისხლის მიმოქცევის პროცესის დარღვევას, რაც, თავის მხრივ, ფეხის თითის ან ტერფის ამპუტაციის, სიბრმავის, თირკმელების დაზიანებისა და უამრავი სხვა სერიოზული პრობლემის მიზეზი ხდება. არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაბეტი - I ტიპი და II ტიპი. I ტიპის დიაბეტს, როგორც წესი, მედიკამენტებით ან ინსულინის ინექციებით არეგულირებენ,  ხოლო II ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა და ქირურგიულ მეთოდს - მეტაბოლურ ოპერაციას მიმართავენ.



მეტაბოლური ოპერაციის ისტორია
უნდა ითქვას, რომ პირველად მეტაბოლური ოპერაცია 2003 წელს, ბრაზილიელმა პროფესორმა აურეო ლუდოვიკო დე პაულამ დანერგა. ამ ოპერაციის მეთოდიკის შემუშავებამდე ბრაზილიელ პროფესორს დიდხანს მოუხდა მუშაობა - მან ჯერ კარგად შეისწავლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, შემდეგ დაყო სეგმენტებად და აღმოაჩინა მონაკვეთი, რომლის ბუნებრივი ადგილიდან გამორთვა და სხვა ადგილას ჩართვა წვრილი ნაწლავის ჰორმონ ინკრეტინის გააქტიურებას იწვევს. აურეო ლუდოვიკო დე პაულას არაერთი მიმდევარი გამოუჩნდა. აღნიშნული მეთოდიკა პირველად ინდოეთში აიტაცეს, ხოლო შემდეგ ეს  მეთოდი  აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ჩინეთში, პორტუგალიაში, ტაილანდში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებშიც დაინერგა. დღესდღეობით მეორე ტიპის დიაბეტის ოპერაციული მკურნალობის კომპლექსური მეთოდი დანერგილია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, მათ რიცხვში მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო კლინიკაც არის.


როგორ ტარდება ოპერაცია?
ოპერაცია ხუთ ეტაპად არის დაყოფილი.
პირველი ეტაპი ყველაზე მარტივია. ის მოიცავს კუჭის ვერტიკალურ რეზექციას, რომელსაც სლივ-გასტრექტომიას უწოდებენ. ოპერაციის დროს იკვეთება კუჭის ფუნდალური ნაწილი. უდიდესწილად სწორედ აქ წარმოიქმნება შიმშილის ჰორმონი გრელინი. ოპერაციის მიზანიც ამ ჰორმონის სეკრეციის დათრგუნვაა. ეტაპის დასასრულს ხდება თორმეტგოჯა ნაწლავის მობილიზაცია.
მეორე ეტაპზე იკვეთება სიმპათიკური ნერვული წნული, ანუ ხდება დესიმპათიზაცია. ამისთვის ხდება ღვიძლის არტერიის, ქვედა ღრუ ვენის გაშიშვლება, სიმპათიკური ნერვული წნულის გამოყოფა და გადაკვეთა.
მესამე ეტაპზე ნაწლავთა ინტერპოზიცია ხდება. ნაწლავის კონკრეტული სეგმენტი, რომელიც მის ილიალურ ნაწილში მდებარეობს, ამოიკვეთება და ზედა სართულში, მისთვის უჩვეულო ადგილას ჩაეკერება.
მეოთხე ეტაპზე უკვე მობილიზებული თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწილი მეზოგასტრიუმში ჩამოგვაქვს და ვაკერებთ თეძოს ნაწლავს, ანუ ვქმნით თორმეტგოჯა-თეძოს ნაწლავის ანასტომოზს. ამის კვალობაზე, საჭმლის მონელების პროცესიდან თორმეტგოჯა ნაწლავის დარჩენილი ნაწილი გამოითიშება. ამრიგად, ხდება GLP 1 ჰორმონის გააქტიურება, რაც, თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს ინსულინის გამოყენების ზრდაზე.
მეხუთე და არანაკლებ რთული ეტაპია ლაპაროსკოპულ რეჟიმში ყველა ამ ცვლილების ისე დაფიქსირება, რომ სადმე თიაქარი არ განვითარდეს.
შესაძლოა, პაციენტს ხუთივე ეტაპი არ დასჭირდეს, ამიტომ პაციენტის მონაცემები ინდივიდუალურად განიხილება და ოპერაციის ტიპიც ამის მიხედვით შეირჩევა.



მეტაბოლური ოპერაციის ტექნიკური მხარე
ტექნიკურად, ეს ოპერაცია ე.წ. დახურული, ანუ ლაპაროსკოპიული მეთოდით, da Vinci® რობოტის გამოყენებით სრულდება.
da Vinci® მსოფლიოში პირველი და ერთადერთი საოპერაციო რობოტია,  რომელიც თავდაპირველად კოსმოსში მყოფი  ასტრონავტებისთვის NASA-ში შეიქმნა. ამ გზით შესაძლებელი გახდა ასტრონავტებისთვის დისტანციური ოპერაციის ჩატარება. 2000 წელს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს (FDA) ნებართვით, ეს რობოტი კარდიოვასკულარულ ოპერაციაზე გამოიყენეს. ამჟამად, da Vinci®-ის  რობოტიზებული სისტემების დახმარებით, ძალიან მნიშვნელოვანი ლაპაროსკოპიული ოპერაციები ტარდება ზოგად ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, კოლორექტალურ ქირურგიაში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში, ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მკურნალობისას, ბარიატრიული და მეტაბოლური ოპერაციების ჩატარებისას და სხვა. რობოტის გამოყენებით, ქირურგი ე.წ. დახურულ ოპერაციას ატარებს ისე, რომ მხოლოდ პატარა ხვრელებით მიდის საოპერაციო ორგანომდე. ასეთი ოპერაცია გაცილებით კომფორტული და  იოლია, როგორც ქირურგისთვის, ისე პაციენტისთვის. da Vinci®-ის საშუალებით ჩატარებული ოპერაციები ხასიათდებიან მოქმედების მეტი თავისუფლებით, გაუმჯობესებული ფიზიკური პირობებით, სამგანზომილებიანი ხედვით, ნაკლები ნაწიბურებით, უკეთესი კოსმეტიკური შედეგით, ნაკლები სისხლის დანაკარგით და შესაბამისად, სისხლის გადასხმის ნაკლები საჭიროებით, ნაკლები გართულებებით, ნაკლები ჭრილობით, ნაკლები ტკივილითა და საერთო მდგომარეობის გაცილებით სწრაფი აღდგენით. რობოტი da Vinci®  საშუალებას იძლევა, პაციენტი ოპერაციიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ სახლში დაბრუნდეს და იმ დღესვე შხაპი მიიღოს. ამასთანავე, ოპერაციის შემდეგ რჩება ძალიან უმნიშვნელო კვალი. საბოლოოდ, მინიმუმამდეა დაყვანილი ოპერაციით გამოწვეული დისკომფორტი.

 

წინასაოპერაციო მომზადება და ოპერაციის შემდგომი რისკები
წინასაოპერაციო პერიოდში პაციენტი გადის კონსულტაციებს ენდოკრინოლოგთან, პულმონოლოგთან, კარდიოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, ფსიქიატრთან და კომფორტულ გარემოში ემზადება ოპერაციისთვის.
მეტაბოლური ოპერაცია, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, მაგრამ ეს რისკები პაციენტის არსებულ მდგომარეობაზე უარესი ნამდვილად არაა. იშვიათად (1-დან 5 % -მდე) არსებობს გაჟონვის, სისხლდენის, ნაწლავის ობსტრუქციის, შეხორცების, ნაჭრილობევის თიაქარის ან ემბოლიის რისკები, თუმცა ეს რისკები ნებისმიერ ნაწლავურ ოპერაციას ახლავს.


მეტაბოლური ოპერაციის შედეგიანობა
მსოფლიო დიაბეტოლოგთა ასოციაციას, ის პაციენტები, რომლებისთვისაც მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგოა, ავტომატურად ოპერაციის კანდიდატთა სიაში შეჰყავს. ეს მართლაც, მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან მეტაბოლურმა ოპერაციებმა,  II ტიპის დიაბეტის მკურნალობაში შედეგიანობა მრავალგზის დაამტკიცა. II ტიპის დიაბეტით დაავადებული ავადმყოფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ოპერაციაზე დროული გადაწყვეტილების მიღება. ავადმყოფობით გამოწვეული გართულებების დადგომამდე გაკეთებული ოპერაცია, პირდაპირ მოქმედებს პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. დღესდღეობით, ძალიან აქტუალურია II ტიპის დიაბეტის გაკონტროლება მეტაბოლური და ბარიატრიული (სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა) ოპერაციული მეთოდებით. ამ ოპერაციების შედეგად ხდება სხვა მეტაბოლური  დაავადებების - მაღალი ქოლესტერინის, ინსულინ რეზისტენტობის, არტერიული ჰიპერტენზიისა და მსგავსი მეტაბოლური სინდრომის ჯგუფის დაავადებების ალაგებაც. ოპერაციის შემდგომ, დიაბეტის ალაგებასთან ერთად, ხდება პაციენტის საერთო წონის კლებაც. ეს თავისთავად, ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ზეწოლის შემცირებასთან ერთად, უმჯობესდება გულის კუნთის მუშაობა, რაც, თავის მხრივ, სხვა ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებასაც იწვევს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას: Facebook 595 77 90 44 322 90 37 47 lela.chkhaidze@medipol.com.tr

ავტორი: ნათია ვასაძე