თბილისური შენობები - თხუთმეტი საუკუნე ერთი ქალაქის ქუჩებში

ერთი რაკურსით

25 ივნისი 18:00, 2015 წელი
161

ზოგიერთი მათგანი არაერთხელ დანგრეულა და ისევ აღდგენილა, ზოგს შეუცვლია დანიშნულება,  სახელწოდება თუ პატრონი, მაგრამ ისინი დღემდე დგანან და  ჩვენამდე მოაქვთ დედაქალაქის წარსული.  

 

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. აგებულია 1904-1910 წლებში.
ფასადის მდიდრული ჩუქურთმა ნეოფიტე აგლაძეს ეკუთვნის. 1947 წელს ქაშვეთის ტაძარი ლადო გუდიაშვილმა მოხატა.



სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი.
გადმოცემით ერთ-ერთი იმ ტაძართაგანია, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო  V ს-ის II ნახევარში. მშენებლობა გრძელდებოდა ტახტის მემკვიდრის დაჩისა (499-514) და ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის (514-599) დროსაც.
სიონი არაერთხელ დაანგრიეს: 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალედინმა; 1386 წელს  თემურლენგმა; 1556 წელს ირანის შაჰმა თამაზ I-მა (შაჰ თამაზმა);  1616 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა (შაჰ აბასმა); 1795 წელს ირანის გამგებელმა აღა მაჰმად ხანმა.  
და არაერთხელ აღადგინეს: მეფე დავით IV აღმაშენებელმა;  მეფე ალექსანდრე I-მა; მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა; საქართველოს მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა (ციციშვილი).


 
„დიდების ტაძარი“ -  შენობა 1888-1892 წლებში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვითა აიგო. თავდაპირველად სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის იყო განკუთვნილი.   
ამჟამად -  ეროვნული გალერეა, იგივე ცისფერი გალერეა.



გოლოვინის პროსპექტი. მეფისნაცვალის სასახლე.
ამჟამად - რუსთაველის გამზირი. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.



მადათოვის ქუჩა. ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარი ძველად ორ განშტოებას ქმნიდა. მათ შორის მდებარეობდა კუნძული, რომელიც  XIX საუკუნეში გენერალმა ვ. მადათოვმა შეიძინა. სწორედ მისი გვარის სახელობის იყო კუნძულიც და ქუჩაც.
ამჟამად - გიორგი ათონელის ქუჩა.  



სასტუმრო „ლონდონი“. გიორგი ათონელის ქუჩა.
სასტუმრო ააშენეს ძმებმა ზუბალაშვილებმა. სასტუმრო 1875 წელს გაიხსნა და ერთ-ერთი პირველი შენობა იყო, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს. პირველი მსოფლიო ომის დროს მეცენატმა ძმებმა შენობა ლაზარეთს დაუთმეს, მაგრამ ომის დასრულების შემდგე სასტუმროს ფუნქციონირება აღარ გაუგრძელებია.




ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა, აშენდა 1910 წელს მიხეილ ოჰანჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით.     
ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი.  
ლ. გუდიაშვილის ქუჩა N7.  



აბანოთუბანი.
ბოტანიკური ბაღის ქუჩის დასაწყისი.



ბეთლემის ქუჩა. საცხოვრებელი სახლის აივანი.



გოლოვინის პროსპექტის დასაწყისი -  სახელი უწოდეს 1840-იანი წლებიდან  კავკასიის მთავარმართებლის ევგენი გოლოვინის პატივსაცემად.
ამჟამად რუსთაველის გამზირის #1 - შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.



მუხრანის ხიდი
- აშენდა უკრაინელი არქიტექტორის ევგენი პატონის პროექტით და 1911 წელს  გაიხსნა.  ხიდის აგებამდე ამ ადგილზე ავლაბარ-ჩუღურეთისა და მუხრანთუბნის დამაკავშირებელი ტრანსპორტი - ბორანი მოძრაობდა.

ამჟამად - ბარათაშვილის ხიდი,  რომელიც  1965 წელს გაიხსნა. პროექტის ავტორია არქიტექტორი შ. ყავლაშვილი.