თბილისი: ევროპელთათვის აღმოსავლეთი, აზიელთათვის – დასავლეთი

ერთი რაკურსით

2 ივლისი 18:00, 2015 წელი
91

მარჯანიშვილის მოედანს ძველი თბილისელები კიროჩნაიას უწოდებდნენ, ეს სახელი გერმანული წარმომავლობისაა; ღვინის აღმართი კი ადრინდელი სირაჯხანაა - სახელწოდება სპარსულიდან; კლასიციზმის უადრესი ნიმუშები თბილისის არქიტექტურაში და ხიდი, რომლის ძირშიც ქრისტეს სჯულისთვის არაბ აბოს თავი მოჰკვეთეს.

ყოფილი ციციანოვის აღმართი. ამჟამად - ბარათაშვილის აღმართი.
ახლანდელი ბარათაშვილის აღმართზე გზის გაჭრის იდეა ფარსადან ციციშვილს (ციციანოვი) უკუთვნის. მანვე საკუთარი ხარჯებით გაიყვანა გზა, რასაც თბილისის საზოგადოება დიდი კმაყოფილებით შეხვდა. ფარსადან ციციშვილი იყო ბიძაშვილისშვილი 1802–1806 წლებში საქართველოს მთავარმართებელ პავლე ციციანოვისა.
ამ სახელით იცნობდა ამ აღმართს ხალხი XX საუკუნის 60-იან წლებამდე.



კირხა, გერმანული ტაძარი. ამჟამად - მარჯანიშვილის მოედანი
ამჟამინდელი აღმაშენებლის მოედნისა და მარჯანიშვილის ქუჩის კუთხეში XIX საუკუნეში იდგა წმინდა პეტრეს და წმინდა პავლეს სახელობის ლუთერანული ეკლესია – კირხა, რომელიც 1897 წელს თბილისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ლეოპოლდ ბილფელდის პროექტით აშენდა. ეს ეკლესია, სამწუხაროდ, მხოლოდ ძველ ფოტოებზეა შემორჩენილი. სწორედ კირხას უკავშირდება მარჯანიშვილის ქუჩის მეფისდროინდელი სახელწოდება – კიროჩნაია. ამ სახელით მარჯანიშვილის ქუჩას ძველი თბილისელები დღემდე მოიხსენიებენ.



რიყე. ღვინის აღმართი
XIX საუკუნეში რიყეზე იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები - მკალავები, ხარაზები, ჭონები, მღებავები.
ღვინის აღმართს ადრე სირაჯხანას ეძახდნენ (სპარს.სირაჯ - ღვინო, ხანა - სახლი).  აქ განლაგებული დუქნები და სარდაფები კახეთიდან ურმებით ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა



მეტეხის ხიდთან მდგარი მეჩეთი და  დღევანდელი  მეიდანი
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდთან 1930-იან წლამდე არსებობდა მეჩეთი, რომელიც თბილისის განაშენიანებას შეეწირა.



მეიდანი და ნარიყალას ნაწილი
დღევანდელ მეიდანზე შემოდიოდნენ სავაჭრო ქარავნები აღმოსავლეთიდან. დღევანდელი მეტეხის ციხესთან მტკვარი ყველაზე იოლად გადასალახი იყო და აქ არსებული ხიდის გავლით ქარავნები დასავლეთისაკენ მიემართებოდნენ.


 


სიონის სამრეკლო და სიონის ქუჩა
შპილით დავირგვინებული მაღალი სამსართულიანი შენობა სიონის ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას. ის აშენებულია 1812 წელს და თბილისის არქიტექტურაში კლასიციზმის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშს წარმოადგენს.



მეჩეთი და მეტეხის ხიდი
ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე.
ტრადიციული რწმენით, მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად ნიშნავს „არემარეს სასახლის ირგვლივ“.
მეტეხის ხიდი საუკუნეების მანძილზე არაერთხელ იყო შეკეთებული და არსებითად რეკონსტრუირებულიც, მაგრამ ხიდის ადგილი მუდმივად უცვლელი რჩებოდა. რკინაბეტონის ხიდი 1951 წელს აიგო.  ამისთვის კლდის ერთი ნაწილი ააფეთქეს, რამაც თბილისის მფარველად მიჩნეული წმინდანის - აბო თბილელლის ნიში იმსხვერპლა.