სასახლიდან იძულებით გამოყვანილი დედოფალი და „ვორონცოვის ხანა“ საქართველოში

ერთი რაკურსით

13 აგვისტო 18:00, 2015 წელი
55

ჯარით გარშემორტყმულ საყვარელ დედოფალს 1803 წლის ნოემბერში საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი...

ლენინის ედანი - თავისუფლების მოედანი
ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, რომელიც ქრონოლოგიურად პირველია და ქალაქის მდგომარეობას ასახავს „ოსმალობის“ (1723-1735) წინ, ამ ტერიტორიაზე მეფის, დედოფლისა და მამასახლისის ბაღები ყოფილა...
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოედნის ძირფესვიანი რეკონსტრუქცია ტარდება და სახელიც რამდენიმეჯერ ეცვლება: 1922-1940 წლებში - „ზაკფედერაციის“;  1940-1953 წლებში - „ბერიას მოედანი“; 1953 წლიდან კი 38 წლის მანძილზე - „ლენინის მოედანი“.  
აქ 1956 წლის 21 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა ლენინის ძეგლი, რომელმაც1991 წლამდე იარსება. 2006 წლის 23 ნოემბერს მოედანზე დაიდგა სვეტზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება. 27-ტონიან, 9 მეტრი სიმაღლის ქანდაკებაზე ორი კილოგრამი ოქრო დაიხარჯა.



ციციანოვის აღმართი - ბარათაშვილის აღმართი
1904 წლის 25 დეკემბერი - თბილისში ელექტროტრამვაი ამოქმედდა. პირველი ვატმანი მიხაკა ქაცარავაა. ტრამვაით მგზავრობის საფასური კი 5-15 კაპიკს შეადგენს.
ტრამვაის ხაზების გაყვანა თბილისში ბელგიურ კომპანიას – ელექტრონულ საზოგადოება „ჰელიოსს“ დაევალა. ამ კომპანიას ოფისი მუშტაიდის ბაღში ჰქონია.
ზოგადად კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში პირველად XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩენილა. 1870 წლისთვის თბილისში „439 ორცხენიანი, 117 ერთცხენიანი ეტლი და 672 საზიდარი მოძრაობდა“.  მეეტლეები კი, ძირითადად, მალაკნები იყვნენ და მათი უმრავლესობა რიყეზე ცხოვრობდა.



ციციანოვის აღმართი, დღევანდელი ბარათაშვილის აღმართი



დიდი თეატრი ერევანსკის მოედანე -  თავისუფლების მოედანი
1844 წელი. კავკასიის მთავარმართებლად დანიშნული გენერალ-ფელდმარშალი, დიპლომატი, გრაფი მიხეილ ვორონცოვი თბილისში ჩამოდის.
საქართველოში „ვორონცოვის ხანა“ იწყება.
„ქართველ საზოგადოებას XIX საუკუნის პირველ ნახევარში  ეროვნულად გარკვეული ფიზიონომია აღარ ჰქონდა. ძველ დროში თუ იყო რაიმე კულტურის ნასახი, თითქოს წაშლილიყო... ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართული კულტურის აღორძინების ხანად“,  - წერდა ქართველი პოლიტიკური მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე (1872-1913).
მეფისნაცვალი თბილისში თეატრის მშენებლობაზე იწყებს ზრუნვას. შენობის ასაგებად „ერევანსკის მოედანზე“ არსებულ ტერიტორიას არჩევენ, რომელიც ქართველ თავადიშვილს ესტატე ციციშვილს ეკუთვნოდა. თავადს „ორ დოშად და ორი კაცის საკაბეთ“ გაუყიდია მიწის ნაკვეთი. თეატრის მშენებლობას ხელმძღვანელობს იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე ფორმდება მხატვრის, თავად გრიგოლ გაგარინის ესკიზებით. 1851 წლის 8 ნოემბერს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით.
1856 წელს თბილისში ჩამოსული ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში „კავკასია“ წერდა: „უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა…“
სამწუხაროდ, 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. 1879 წელს შენობა აღადგინეს, თუმცა აქ უკვე მხოლოდ ქარვასლა იყო.
1934 წელს გასაბჭოებული საქართველოს სათავეში მოსული ლავრენტი ბერია ქარვასლის შენობის დანგრევის ბრძანებას იძლევა.  შენობა კომუნისტებმა მიწასთან გაასწორეს და მის ადგილზე მარმარილოს ტრიბუნა ააგეს. შემდგომ ეს ტრიბუნა ლენინის ძეგლმა ჩაანაცვლა, ხოლო ამჟამად აქ წმინდა გიორგის მონუმენტი დგას.



დარეჯანის სასახლე
ეს სასახლე 1776 წელს ერეკლე II-ის მეუღლემ დარეჯან დედოფალმა ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე ააგო. დარეჯან დედოფალმა სწორედ აქ გაატარა სამშობლოში ყოფნის ბოლო წლები, ვიდრე რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, 1803 წელს პეტერბურგში გადაასახლებდნენ...
დარეჯან დედოფალს თავიდანვე არ მოსწონდა ერეკლეს რუსეთთან დაახლოება. ბევრი გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. თუმცა, 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მაინც მოეწერა ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის. ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ კი დედოფლის წინათგრძნობა ახდა და რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ.  
დედოფალი ტახტის აღდგენასა და მანიფესტის გაუქმებას აქტიურად მოითხოვდა. სამეფოს გადასარჩენად დიდებულებმა დედოფლის გარშემო მოიყარეს თავი.  ამან საგონებელში ჩააგდო რუსეთი და გადაწყვიტეს, დედოფალი დარეჯანი საჩქაროდ მოეშორებინათ საქართველოდან ...
1803 წლის ნოემბერში საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი ჯარით გარშემორტყმულ საყვარელ დედოფალს. საქართველო მისტიროდა მართლაც უკანასკნელ დედოფალს, რომელიც იძულებით ტოვებდა სასახლესა და საყვარელ სამშობლოს.  
დედოფალი გადასახლებიდან მალევე - 1807 წელს რუსეთში გარდაიცვალა.



სპორტის სასახლე ადრე და დღეს
თბილისის სპორტის სასახლე ერთ-ერთი უდიდესი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დარბაზებს შორის. მისი მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა. შენობა იმავე წელს გაიხსნა. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია.



ზემელი და მელიქ-აზარიანციახლი
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი, იმ დროის ჭეშმარიტი კაპიტალისტი, თბილისში XIX საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. მის მთავარ შემოსავლის წყაროს სომხეთში ალავერდის სპილენძის საბადოები წარმოადგენდა. მელიქ-აზარიანცს ბიზნესი თბილისშიც ჰქონდა. მას ეკუთვნოდა ქალაქის პირველი სატელეფონო ქსელი და ასევე ე.წ. „შემოსავლიანი სახლები“. ერთ-ერთი ასეთი იყო დღევანდელი რუსთაველის გამზირის 37-ში მდებარე, გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა. სახლი 1912-1915 წლებში აშენდა პეტერბურგელი არქიტექტორის – ნიკოლოზ ობოლონსკის პროექტით.  ამბობენ, რომ ამ სახლის მშენებლობის დროს მელიქ-აზარიანცს ერთადერთი ქალიშვილი დაღუპვია. დამკვეთის მწუხარება კი არქიტექტორებს შენობის ფასადზე ლენტებითა და გვირგვინებით აუსახავთ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კაპიტალისტ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცს მთელი ქონება ჩამოართვეს. გოლოვინის გამზირზე მდებარე სახლში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა განათავსეს.
თავად მელიქ-აზარიანცი კი რამდენიმე წლის შემდეგ სიღარიბეში გარდაიცვალა. ის ზემო ვერის სასაფლაოზეა დაკრძალული.