თბილისური ზემელი და გერმანელი ფარმაცევტის მარკეტინგული გათვლა პოპულარობისთვის

ერთი რაკურსით

10 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
106

რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის კუთხე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის უმნიშვნელოვანეს ადგილად მიიჩნეოდა. აქ იყო გახსნილი ცნობილი ზემელის აფთიაქი... იმხანად ზემელი იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ მისი გვარი მეტსახელადაც კი უწოდეს მაშინდელი თბილისის ბოჰემურ წრეებში მეტად მიღებულ მეარღნე დათიკოს, რომელიც 1906 წელს ნიკო ფიროსმანმა გამოსახა თავის უკვდავ ტილოზე - „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“...

ვეფხვების ქანდაკებები ზოოპარკის შესასვლელთან და გმირთა მოედანი დღეს
1930-იანი წლების დასაწყისში ზოოპარკის შესასვლელის ორივე მხარეს კვარცხლბეკზე დაიდგა ვეფხვების ქანდაკებები, რომლებიც ერთმანეთისკენ იყო მიმართული. მათი ავტორია უნიჭიერესი მოქანდაკე ივ. პატარიძე (1903-1952) - ი. ნიკოლაძის ერთ-ერთი პირველი მოწაფე თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1948 წელს ივ. პატარიძის ვეფხვების მეორე წყვილი ვაკის პარკის შესასვლელში დადგეს.
ივ. პატარიძის „ვეფხვები“ პირველი ანიმალისტური ქანდაკება იყო ქართულ ახალ ხელოვნებაში.
სამწუხაროდ, ამ მოქანდაკის ცხოვრება მძიმედ წარიმართა, თუმცა მისი მცირერიცხოვანი ნამუშევრები თავისებურ ეტაპს წარმოადგენს ქართული ქანდაკების განვითარებაში და მკაფიოდ მეტყველებს მათი ავტორის ნიჭიერებაზე.





ჩელუსკინელების ქუჩა, ახლანდელი თამარ მეფის გამზირი
1935 წელს გმირთა მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კლდოვანი ბორცვის გაჭრის შემდეგ განვითარდა ქუჩა, რომელსაც ჩელუსკინელების სახელი ეწოდა - იმ გმირების პატივსაცემად, ვინც 1934 წლის 13 თებერვალს არქტიკის ყინულებში დაღუპული ხომალდ „ჩელუსკინის“ ყველა მგზავრი გადაარჩინეს. ევაკუაციის ამ უმძიმეს ოპერაციას იმ დროს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და ეს იყო სსრკ-სთვის ერთგვარი გამოცდა.
მაშინ პრესაში ბერნარდ შოუს სიტყვებიც გავრცელდა: „ეს რა ქვეყანა ხართ! პოლარული ტრაგედია ნაციონალურ დღესასწაულად აქციეთ!“


 


ზემელი - იმავე რაკურსით ერთი საუკუნის შემდეგ
რუსთაველის გამზირისა და ვერის დაღმართის (ამჟამად მიხეილ ჯავახიშვილის ქ.) კუთხე XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის უმნიშვნელოვანეს ადგილად მიიჩნეოდა. აქ იყო გახსნილი ცნობილი ზემელის აფთიაქი, მელიქ აზარიანცის „შემოსავლიანი სახლი”...
ევგენი ზემელი აფთიაქარი და ჰომეოპათიური აფთიაქის მფლობელი გახლდათ. ცნობილია ამ გერმანელი აფთიაქარის მარკეტინგული მიგნება: ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას მათ ხმამაღლა დაეძახათ: „ზემელის აფთიაქი!“ ფაქტია, რომ ამ კრეატიულმა გათვლამ გაამართლა. იმხანად ზემელი იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ მისი გვარი მეტსახელადაც კი უწოდეს მაშინდელი თბილისის ბოჰემურ წრეებში ყველაზე მეტად ცნობილ და მიღებულ მეარღნე დათიკოს,  რომელიც ნიკო ფიროსმანმა გამოსახა 1906 წელს შესრულებულ ნახატში - „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“.
მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, თუმცა ამ ტერიტორიას დღემდე „ზემელად” მოიხსენიებენ.



 



სასტუმრო ივერიის“ დემონტაჟი და დღევანდელი სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია“
ამ ოცდაორსართულიანი სასტუმროს მშენებლობა 1967 წელს დასრულდა. „ივერია“ წარმოადგენდა სრულიად ახალი ტიპის შენობას, რომლის მსგავსი არ იცოდა ქალაქის ომამდელმა არქიტექტურამ. ეს იყო ქართველი ხუროთმოძღვრების, მხატვრების, მოქანდაკეების, ჭედური ხელოვნების ოსტატთა თანამშრომლობის ბრწყინვალე შედეგი.
21-ე საუკუნის დასაწყისში შენობა მთავრობამ კომპანია „სილკ როუდ ჯგუფს“ მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა, რამდენიმე თანამოწილესთან ერთად, სასტუმროს რეკონსტრუქცია დაიწყო და მართვის უფლება კომპანია „რადისონს“ მიჰყიდა. ახალი სასტუმრო 2009 წელს გაიხსნა. „რადისონ ბლუ ივერიაში“ 248 ოთახია, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტია.