თბილისი ლეონიდ ბრეჟნევიდან „სამსუნგამდე“, ანუ 80-იანი წლები დედაქალაქში

ერთი რაკურსით

17 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
95

„დაფრინავს და ყველას კოცნის“ - გახსოვთ ასეთი გამოცანა-ანეკდოტი 80-იანი წლების თბილისში?! პასუხი კი ყველამ ვიცოდით - ეს იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი - საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური 1964-1982 წლებში...

ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორია
ფილარმონიასთან, „კიროვის პარკის“ (დღევანდელი ვერის პარკი) შესასვლელთან ბრეჟნევის უზარმაზარი პორტრეტი 80-იან წლებში ყველა თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს ემახსოვრება. სსრკ-ს მაშინდელი ლიდერი სრულიად საქართველოს მიმართავდა, რომ „პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა“.
ბრეჟნევი თბილისში 1981 წლის მაისის მიწურულის ჩამოვიდა, მაშინ საბჭოთა საქართველო თავისი დაარსების 60 წლისთავს ზეიმობდა. ნახევარი თუ არა, მესამედი მსოფლიოს წინამძღოლის ვიზიტი ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო - თბილისის ცენტრალური ქუჩებიც ახლად მოასფალტდა, შენობები შეპირკეთდა, ძველი თბილისიც ახალი საღებავებით გაფერადდა. არც დიდი სტუმარი დარჩენილა ვალში: საქართველოს  მორიგი გარდამავალი წითელი დროშა გადასცა, ხოლო მისი კომპარტიის ლიდერს ედუარდ შევარდნაძეს - სოციალისტური შრომის გმირობის ოქროს ვარსკვლავი.



თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა. შენობას 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა (არქიტექტორები - მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე), თუმცა შენობის აღმოსავლური სტილი შენარჩუნდა



შოთა რუსთაველის მოედანი
მეცნიერებათა აკადემია
მოედანზე რუსთაველის ქანდაკება 1942 წელს დაიდგა (ავტორი - მოქანდაკე კ. მერაბიშვილი).
სწორედ ამ ადგილას მდებარეობდა XIX საუკუნის მიწურულს გერმანელი ზემელის აფთიაქი, რომელიც XX საუკუნის ბოლოს რეკონსტრუქციისას დაანგრიეს.
სხვათა შორის, გასული საუკუნის განმავლობაში აქ იდგა ქუჩის საათი, რომელიც თბილისელთათვის პაემნების საყვარელი ადგილი იყო.


 


რუსთაველის პროსპექტი
სასტუმრო „თბილისი“ XX საუკუნის 80-იან წლებში და სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ დღეს.



სასტუმრო ივერია“, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია
70-80-იანი წლების თბილისში, ალბათ, ბევრს ახსოვს სასტუმრო „ივერიის“ რესტორნის ფასადზე თეთრი ფერის ქვის რელიეფური ფრიზი (სიგრძე 25 მ.), რომელიც იმხანად ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენდა.  
ეს მონუმენტური რელიეფი 1967 წელს შექმნა უნიჭიერესმა მოქანდაკემ, საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა გულდა კალაძემ, რომელიც, სამწუხაროდ, სრულიად ახალგაზრდა - 42 წლისა გარდაიცვალა და მხოლოდ 17 სკულპტურული კომპოზიციის შექმნა მოასწრო.
„ივერიის“ ფრიზი წარმოადგენდა სამი, ერთმანეთისგან წარწერებით  გამოყოფილი, სტილიზებური ნახატით შემდგარ კომპოზიციას, სადაც  უხვად იყო გამოყენებული დეკორი - ძირითადად,  ყვავილებისა და ვაზის ხვეულების სახით.
დღეს ეს მონუმენტური რელიეფი ჩამოხსნილია.