„ტიტანიკი 2“-ის გარე და შიდა ინტერიერი ორიგინალის ზუსტი ასლი იქნება. მშენებლობისას გამოიყენებენ წითელ ხეს, დეკორატიულ მინას, მოოქროვილ დეტალებს, აბრეშუმსა და ფუფუნების ნივთებს, რაც „ტიტანიკში“ მრავლად იყო.
როგორც ამბობენ, გემის აპარატურა გაცილებით თანამედროვე იქნება: თანამგზავრული, ციფრული და რადიოლოკაციური სისტემები და ექსტრემალურ სიტუაციაში მგზავრების ევაკუაციის უახლესი სისტემა.
ვისაც ფილმი „ტიტანიკი“ უნახავს, გემზე სამაშველო ნავების რაოდენობითაც დაინტერესდება. შეგახსენებთ, რომ „ტიტანიკის“ ორიგინალი 2556 მგზავრზე და ეკიპაჟის 908 წევრზე იყო გათვლილი, ხოლო სამაშველო ნავებში ადგილი მხოლოდ 1178 ადამიანისთვის მოიძებნებოდა.
კლაივ პალმერის განმარტებით, ამჯერად, ნავებში ადგილების რაოდენობა საკმარისზე მეტია - 2345 მგზავრზე 2700 ადგილი.
ლეგენდარული გემის ასლს წყალში, სავარაუდოდ, 2018 წელს ჩაუშვებენ და ის აღმოსავლეთ ჩინეთიდან დუბაის მიმართულებით იმოძრავებს.
ამბობენ, რომ ახალი „ტიტანიკი“ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა, რომლებიც სიცოცხლისთვის გმირულად იბრძოდნენ.
კლაივის პროექტი თუ წარმატებით განხორციელდება, გამორიცხული არ არის, რომ 10 წლის შემდეგ, როცა „ტიტანიკის“ ტრაგედია სამუდამოდ ლეგენდებისა და ფილმების ისტორიის კატეგორიაში გადავა, ოკეანეში რამდენიმე ასეთმა ხომალდმა იცუროს.
თქვენ ისურვებდით ოკეანეში „ტიტანიკით“ გასეირნებას?