სამსახურში ძილი შრომისმოყვარეობისა და წარმატებულობის ნიშანი ყოფილა

იცით თუ არა...

9 მარტი 15:00
85

იაპონიაში არსებობს ძილის ერთგვარი პრაქტიკა - „ინემური“, რომელიც სამუშაო პროცესით დაღლილ ადამიანებს მუშაობის დროს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ხალხის თავშეყრის სხვა ადგილებში გამოძინების საშუალებას აძლევს.

იაპონურ ენაზე „ინემური“ დასწრებასა და დაძინებას ნიშნავს. ამომავალი მზის ქვეყნის მცხოვრებლები, რომლებიც საკუთარი შრომისმოყვარეობით არიან ცნობილი, სულაც არ ფიქრობენ, რომ სამუშაო ადგილზე წაძინება სამარცხვინოა. პირიქით, მათი აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი ბევრს მუშაობს და ცოტა სძინავს. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებას ემუქრება.

„ინემურის“ დროს ძილი სოციალური ჩართულობის დემონსტრირებას უნდა ახდენდეს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ადამიანს უნდა შეეძლოს ავტობუსში ან პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისე დაძინება, რომ გარშემომყოფებს შთაბეჭდილება დარჩეთ, თითქოს მიმდინარე პროცესებში მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ „ინემურის“ დროს ადამიანი ვალდებულია, ვერტიკალურ მდგომარეობაში - ფეხზე მდგომმა ან სკამზე მჯდომმა დაიძინოს.

„ინემურის“ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალურ სტატუსს. მაგალითად, თუ ხელქვეითს ხელმძღვანელის თვალწინ ჩაეძინა, ეს მიუღებელია, მაგრამ, თუ ხელმძღვანელს ხელქვეითების წინაშე სძინავს, ამაში გასაკიცხი არაფერია.

ასე რომ, თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობთ, თამამად შეგიძლიათ, ხელქვეითების წინაშე ხვრინვა ამოუშვათ.

რამდენად ქმნიან წარმოდგენილ სურათებში აღბეჭდილი ადამიანები „მიმდინარე პროცესებში ჩართულობის შთაბეჭდილებას“, ეს ჩვენმა მკითხველმა განსაჯოს.