როგორ დასრულდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ ჩატარებული ექსპერიმენტი?

იცით თუ არა...

12 მარტი 15:00
150

ამერიკელმა ფიზიკოსმა რობერტ ვუდმა, რომელიც მძაფრი შეგრძნებებისადმი ლტოლვით იყო ცნობილი, ერთხელ სარისკო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა...

ვუდმა მოინდომა, საკუთარ თავზე გამოეცადა ნარკოტიკული საშუალების მიღებით გამოწვეული ეფექტი და მისი თანამდევი ყველა შედეგი.
ფიზიკოსმა დიდი წვალებით იშოვა ოპიუმი, სახლში განმარტოვდა და თავდავიწყებას მიეცა.
როცა რეალობას დაუბრუნდა, მეცნიერმა გააცნობიერა, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ რაღაც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მეცნიერული იდეა მოუვიდა თავში, მაგრამ კონკრეტულად რა, აღარ ახსოვდა.
იმის იმედით, რომ ბრწყინვალე აღმოჩენას გაიხსენებდა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ფიზიკოსმა სარისკო ექსპერიმენტის გამეორება გადაწყვიტა.
მართლაც, როგორც კი ოპიუმის მოქმედება დაიწყო, ფიზიკოსის ტვინმა დაკარგული იდეა ისევ გაიხსენა.
სანამ ცნობიერებას საბოლოოდ დაკარგავდა, ვუდმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა ძალების კონცენტრირება, იდეა ქაღალდის ნაგლეჯზე გადაიტანა და გაითიშა.
რაოდენ დიდი იყო მეცნიერის გაოცება, როცა გონზე მოსვლის შემდეგ, მის ფეხებთან დავარდნილი ქაღალდი აიღო და ამოიკითხა: „ბანანი დიდია, მაგრამ მისი ქერქი - უფრო დიდი“.