აღნიშნული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ 90 ეგვიპტური მუმიიდან ნაწილი თურქი იყო, ნაწილი - სამხრეთ ევროპელი, ხოლო ნაწილი იმ ადგილებში ცხოვრობდა, სადაც ახლა ისრაელი, იორდანია, სირია, ლიბანი და საქართველო მდებარეობს. მანამდე ანალოგიური გამოკვლევები ციურიხში მდებარე iGENEA-ს გენეოლოგიური ცენტრის მკვლევარებმა ჩაატარეს. მათ მხოლოდ ერთი მუმიის გენეტიკური მასალა შეისწავლეს, თუმცა ეს მუმია თავად ტუტანჰამონს ეკუთვნოდა.
გენეტიკური მასალა ფარაონის მარცხენა ფეხიდან და მხრიდან აიღეს. iGENEA-ს სპეციალისტებმა ფარაონის გენები თანამედროვე ევროპელების გენებს შეადარეს და მათ შორის ნათესაური კავშირები აღმოაჩინეს.
მეტიც, როგორც ირკვევა, ევროპელი მამაკაცების ნახევარი ნამდვილი „ტუტანჰამონია“, ზოგიერთ ქვეყანაში კი (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში) მამაკაცთა 70% ფარაონის მსგავსი გენეტიკის მატარებელია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტუტანჰამონის R1b1a2, რომელიც ევროპელ მამაკაცებში ძალიან გავრცელებულია, თანამედროვე ეგვიპტელებში იშვიათად, შემთხვევათა მხოლოდ 1%-ში გვხვდება.
„მართლაც საინტერესო ფაქტია, რომ ტუტანჰამონი გენეტიკურად ევროპელი აღმოჩნდა. ჩემი ვარაუდით, ეგვიპტელი მეფეებისა და ევროპელების საერთო წინაპრები კავკასიაში, დაახლოებით, 9500 წლის წინათ ცხოვრობდნენ. დაახლოებით, 7 000 წლის წინათ მათი პირდაპირი შთამომავლები ევროპაში დასახლდნენ. ზოგიერთებმა კი ეგვიპტემდე ჩასვლა და ამ ქვეყნის მმართველად გახდომა მოახერხა. გამოდის, რომ ტუტანჰამონის წინაპრებიც და თავად ფარაონიც კავკასიელები არიან,“ - ამბობს iGENEA-ს ცენტრის დირექტორი რომან შოლცი.
დაბოლოს, ტიუბინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) პლეოგენეტიკოსმა იოჰან კრაუზემ ჟურნალ Nature Communications-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 151-დან 3 მუმიის გენომის მთლიანად აღდგენა შეძლო. ეგვიპტის ცხელი და ნოტიო კლიმატისა და ბალზამირებისთვის საჭირო ქიმიური ნივთიერებების მიუხედავად, მათი დნმ მშვენივრად არის შენახული და ჩვენს დრომდე დაუზიანებლად მოაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ შორეულ პერსპექტივაში, კლონირების გზით, მუმიების მკვდრეთით აღდგენაც შესაძლებელია.