მსოფლიოს საიდუმლო ორგანიზაციები

იცით თუ არა...

17 ივლისი 15:00
682

საიდუმლო ორგანიზაციები და კლუბები, რომელთა შექმნის ისტორია საუკუნეების წინათ დაიწყო, ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებისა და ვარაუდების კასკადს იწვევს...

რადიკალებისა და ფარული რევოლუციონერების საიდუმლო საზოგადოება „თექვსმეტი“ რუსეთში შეიქმნა. 1838-1840 წლებში ამ ჯგუფის წევრები სანკტ-პეტერბურგის ახალგაზრდა არისტოკრატები და ცნობილი ადამიანები იყვნენ. მათ შორის, მიხეილ ლერმონტოვი, პეტრე ვალუევი, ძმები დოლგორუკოვები და ა.შ. ახალგაზრდები ფილოსოფოს ჩადეევის იდეებით საზრდოობდნენ, რომელიც რუსეთის სულიერ სტაგნაციაზე საუბრობდა და ამის გამო კანონგარეშედ ცხადდებოდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საზოგადოება აღმოაჩინა, მისი წევრების უმეტესობა, ლერმონტოვის მსგავსად, კავკასიაში გაიქცა.





საიდუმლო ორგანიზაცია „შავი სამმართველო“ 1879 წელს პეტერბურგში შეიქმნა. მისი წევრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ პოლიტიკას და აქცენტს ეკონომიკურ საკითხებზე აკეთებდნენ. მათი ძირითადი იდეა იყო რუსული თემი, რომელშიც სოციალისტური განვითარების წყაროებს ხედავდნენ.


დეკაბრისტების საიდუმლო ორგანიზაცია „კეთილდღეობის კავშირი“, რომელშიც 200 წევრი შედიოდა, 1818 წელს ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა საზოგადოების ზნეობრივ აღზრდას, განათლებას და ყმა გლეხების მდგომარეობის შემსუბუქებას. თუმცა ფარული მიზნებიც ჰქონდა: მეფის დამხობა, ბატონყმობის გაუქმება და საკუთარი პოლიტიკური წყობის დამყარება. „კეთილდღეობის კავშირი“ 1921 წელს დაიშალა.


ევროპის საიდუმლო ორგანიზაცია „ილუმინატები“ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, კინემატოგრაფისა და ლიტერატურის წყალობით გახდა ცნობილი. ამჟამად, ბევრი ამ ორდენს მითიურად მიიჩნევს, თუმცა ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს გერმანიაში ასეთი საზოგადოება ნამდვილად არსებობდა. ამ საზოგადოების წევრები რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ, მათ მიაწერენ საფრანგეთისა და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციების გაჩაღებას. ასევე, არსებობს ვარაუდები, რომ აშშ სწორედ ილუმინატებმა შექმნეს. სხვადასხვა დროს, ორდენის წევრებად ასახელებდნენ გოეთეს, ჩერჩილს, ბუშების ოჯახს და მრავალ ცნობილ პერსონას.
ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, საიდუმლო ორგანიზაციამ არსებობა მალე შეწყვიტა. თუმცა, ამბობენ, რომ ისინი, უბრალოდ, თვალს მიეფარნენ და მსოფლიოს დღემდე მართავენ.





აღმოსავლეთის ტამპლიერების ორდენი მე-20 საუკუნეში ბრიტანელმა ოკულტისტმა, პოეტმა, მწერალმა ალისტერ კროულიმ შექმნა. მისი ორდენის წევრები ცნობიერების შეცვლისა და არსებობის სხვა განზომილებაში გადასვლისთვის ფართოდ იყენებდნენ ეზოთერიკულ პრაქტიკას. ორგანიზაციის დამფუძნებლის კროულის პოპულარობის ზრდასთან ერთად, აღმოსავლელი ტამპლიერების ორდენი მთელ მსოფლიოში უამრავ მიმდევარს იძენდა. შედეგად, ორგანიზაცია თითქმის აღარ იყო საიდუმლო, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლა გახლდათ ახალი წევრების მისაზიდად. „აღმოსავლეთის ტამპლიერების“ ორდენი დღემდე განაგრძობს თავის რიტუალებში აკრძალული სატანისტური პრაქტიკის გამოყენებას.






„ბილდერბერგის კლუბის“ შემქმნელის დასახელება საკმაოდ რთულია, თუმცა ამ საიდუმლო ორგანიზაციის წევრები ყველასთვის ცნობილი ადამიანები არიან. მოარული ხმების თანახმად, კლუბში შედიან ესპანეთისა და ნიდერლანდების სამეფო ოჯახების წევრები, ევროპელი და ამერიკელი მაგნატები და მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების წარმომადგენლები. საიდუმლო, ელიტურ კლუბში მოხვედრა მხოლოდ მოსაწვევის მიღების შემდეგ არის შესაძლებელი და ეს პრაქტიკა 1954 წლიდან მოყოლებული არსებობს. კლუბის თავდაპირველი მიზანი ევროპაში ამერიკული კულტურის შეტანასთან ბრძოლა გახლდათ, თუმცა თანდათანობით, რადიკალური იდეები მშვიდობიანმა შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ვერსიით ასე ჩანს. ვინაიდან კლუბი მკაცრად კონფიდენციალურია, მისი წევრების შეკრებები გაძლიერებული დაცვის თანხლებით იმართება. შეხვედრებზე გამუდმებით საუბრობენ ბილდერბერგელთა წინააღმდეგ მსოფლიო შეთქმულებაზე. ზოგჯერ ამ კლუბს მსოფლიო მთავრობის სახელითაც მოიხსენიებენ.






„ტულეს კლუბი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ოკულტური საზოგადოებაა. ლეგენდის თანახმად, ტულე ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს მდებარე მითიური მხარეა, სადაც არიული რასის სათავეები მდებარეობს. არსებობს ვერსიები, რომ  „ტულეს კლუბის“ წევრები იყვნენ რუდოლფ ჰესი, არტურ როზენბერგი და ადოლფ ჰიტლერი. საზოგადოება პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა. კლუბის იდეები, კერძოდ, არიული რასის უპირატესობა სრულ თანხვედრაშია მესამე რაიხის იდეებთან. დროთა განმავლობაში ამ საზოგადოების საფუძველზე გერმანელ მუშათა პარტია შეიქმნა. მოგვიანებით, მუშათა პარტია ნაციონალ-სოციალისტურ პარტიად გარდაიქმნა, რომელმაც, თავის მხრივ, ფაშიზმი შვა.






„მასონთა ლოჟა“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიდუმლო ორგანიზაციაა. სხვადასხვა ვერსიებით, ამ ლოჟის წევრები იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, ბენჟამინ ფრანკლინი, მარკ ტვენი, ჰენრი ფორდი და მრავალი სხვა ცნობილი და გავლენიანი ადამიანი.
ოფიციალური ინფორმაციით, მასონთა ლოჟა 1717 წელს დაფუძნდა, თუმცა არსებობს არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომ ის მე-14 საუკუნეშიც არსებობდა. დღეისთვის მსოფლიოში მასონთა ლოჟას 5 მილიონი წევრი ჰყავს. მასონებს მსოფლიო შეთქმულებაში ადანაშაულებენ. განსაკუთრებით შეურიგებელია მასონთა მიმართ რელიგია და ეკლესია.
ისევე, როგორც სხვა საიდუმლო ორგანიზაციებში, მასონურ ლოჟაში გაწევრიანება მოწვევისა და სპეციალური რიტუალის ჩატარების შემდეგ შეიძლება.