ეს ფოტო მისტერ და მისის ჩალიფუქსების (Chalifoux) ტრაგიკულ ბედზე გვიამბობს, რომლებიც ჩიკაგოში მდებარე საკუთარი ბინიდან გამოასახლეს.
სატვირთო მანქანის 40 წლის მძღოლმა, უფულოდ და უსამსახუროდ დარჩენილმა რეიმ და მისმა 24 წლის ცოლმა ლუსილმა შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი „გონივრული გამოსავალი“ მოძებნეს და შვილების გაყიდვით ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ფოტოზე ლუსილ ჩალიფუქსი და მისი ოთხი შვილი - 6 წლის ლანა, 5 წლის რეი, 4 წლის მილტონი და 2 წლის სიუ ელენი არიან აღბეჭდილი.
ამ ფოტომ და ჩალიფუქსების ტრაგიკულმა ისტორიამ ნიუ-იორკის, მიჩიგანის, ოჰაიოს, ვისკონსინის, პენსილვანიისა და ტეხასის გაზეთები მოიარა. სრულიად უცნობი ადამიანები ოჯახს ფულის გადარიცხვას სთავაზობდნენ, მაგრამ ცოლ-ქმარმა გადაწყვეტილება აღარ შეცვალა.
წლების შემდეგ, ჟურნალისტებმა გაყიდული ბავშვების მოძებნა და მათთან გასაუბრება შეძლეს.
„ბავშვობიდან ბევრი რამ აღარ მახსოვს და ბევრი რამ არც მინდა გავიხსენო“, - თქვა მილტონ ჩალიფუქსმა, რომელიც ჯონ და რუტ ზოეტმანებმა, დასთან რეისთან ერთად, 2000 დოლარად შეიძინეს და Demotte ფერმაში წაიყვანეს. ახალმა მშობლებმა ბავშვებს სახელები შეუცვალეს და ბევერლი და კენეტი დაარქვეს. ფერმაში ცხოვრების პირველივე დღეს ჯონ ზოეტმანმა მილტონს სასტიკად სცემა და უთხრა, რომ მას ფერმაში მონური ცხოვრება ელის.
„ვუთხარი, რომ ამისთვის მზად ვიყავი, თუმცა სიტყვა „მონის“ მნიშვნელობა კარგად არ მესმოდა. მაშინ მხოლოდ პატარა, შეშინებული ბავშვი ვიყავი“, - იხსენებს მილტონი.
ბიჭუნას ხშირად სცემდნენ, საკვებად მხოლოდ რძესა და არაქისის კარაქს აძლევდნენ და ზოგჯერ, რამდენიმე დღის მანძილზე, სარდაფში კეტავდნენ, სადაც სიმინდის საჭრელი დანით უხდებოდა სარდაფში მყოფი ვირთხების მოგერიება.
„რატომ მექცევით ასე?“- ჰკითხა ერთხელ ბიჭუნამ მოძალადე მამას. „იმიტომ, რომ შიში ადამიანს მორჩილებას ასწავლის“, - მიიღო პასუხად.
გამუდმებული ცემისგან დაღლილმა მილტონმა ერთხელ „მამისთვის“ ხელის შებრუნება გაბედა. ამ უკანასკნელმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა და ბიჭუნა ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნა.
კლინიკიდან მილტონი 17 წლის ასაკში გამოვიდა, მაგრამ ფერმაში აღარასოდეს დაბრუნებულა. შესაბამისად, დასთან კავშირი დაკარგა.
4 წლის შემდეგ, მილტონმა ბიოლოგიური დედა იპოვა, რომელსაც ამ დროისთვის ახალი ქმარი და ოთხი ახალი შვილი ჰყავდა. დედასთან გატარებული ერთი თვის შემდეგ, მილტონი მიხვდა, რომ მასთან არაფერი აკავშირებდა და ეს ქალი მისთვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. მილტონმა დედის სახლი სამუდამოდ დატოვა, მამის მოძებნა აღარ უცდია და საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა, სადაც დაოჯახდა კიდეც.
მილტონის დამ, რეი ანამ, ძმის მსგავსად, ფერმა 17 წლისა ასაკში დატოვა, როცა უცნობმა ადამიანმა გაიტაცა და გააუპატიურა. როგორც კი ზოეტმანებმა გოგონას ფეხმძიმობის შესახებ შეიტყვეს, მარტოხელა დედებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში გაამწესეს, თუმცა რეი ანამ თავშესაფარში ბავშვის დატოვებაზე უარი თქვა და რაღაც პერიოდის შემდეგ, ზოეტმანების სახლში დაბრუნდა.
სხვებთან შედარებით, ბედფორდს ბედმა გაუღიმა. ის მაკდენიელების უშვილო ოჯახმა წაიყვანა და ახალი სახელი - დევიდი დაარქვა. მაკდენიელები ბავშვს კარგად ექცეოდნენ. მასზე ზრუნავდნენ და თავს ევლებოდნენ, თუმცა აღზრდის მკაცრი მეთოდები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ბედფორდი და-ძმასთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა და ხშირად ხედავდა, როგორ სასტიკად ექცეოდნენ მათ ახალი მშობლები. ამჟამად ბედფორდი ვაშინგტონში, მანქანის მძღოლად მუშაობს.
ჩალიფუქსების უფროსი გოგონა ლანა 1998 წელს ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა.
მეორე დასთან სიუ ელენთან რეი ანამ მხოლოდ 65 წლის ასაკში შეძლო შეხვედრა. ამ დროისთვის სიუ ელენი მძიმედ იყო ავად და ლაპარაკი არ შეეძლო. ქალმა დასთან ურთიერთობა მხოლოდ წერილებით შეძლო.
რაც შეეხება დედასთან დამოკიდებულებას, შვილებმა მას არასოდეს აპატიეს. სიუმ დედას უსურვა, ჯოჯოხეთის ალში დამწვარიყო და ისეთივე ტანჯვა გაევლო, როგორიც მისი წყალობით მისმა შვილებმა გაიარეს.