შემთხვევა, რომელზეც კანადური გამოცემა NATIONAL POST წერს, 2013 წლის 7 მაისს მოხდა.
სასწრაფო დახმარების ექიმებისა და პოლიციელების წინ გაძვალტყავებული მოზარდის სხეული ესვენა, რომელიც მთლიანად წყლულებით იყო დაფარული. ალექსანდრე მხოლოდ 17 კილოგრამს იწონიდა.
მოგვიანებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დიაბეტით დაავადებული მოზარდი სეფსისით გარდაიცვალა, რაც გამუდმებული შიმშილითა და მოუვლელობით იყო გამოწვეული.
„მოზარდი ძალიან გამხდარი იყო. ფაქტობრივად, ძვლებზე გადაკრული ტყავი ვიხილეთ. მის სხეულზე ყველა ნეკნის დათვლა შეიძლებოდა. სხეული ღია წყლულებით ჰქონდა დაფარული“, - განაცხადა სასამართლოზე სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელმა შონა მიტჩელმა.
2017 წლის 27 თებერვალს ქალაქ კალგარის სასამართლომ ცოლ-ქმარ რადიტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
პროცესის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ალექსანდრეს პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი სამი წლის ასაკში დაუსვეს, როცა ოჯახი ჯერ კიდევ კოლუმბიაში ცხოვრობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები არასოდეს ჰქონია, ალექსანდრეს მკურნალობის თანხებს მთლიანად სოციალური პაკეტი უზრუნველყოფდა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ შვილისთვის ემკურნალათ, ემილი და როდიკა ეკლესიაში სისტემატურად დადიოდნენ, ლოცულობდნენ და ბავშვის გამოჯანმრთელებას ღმერთს სთხოვდნენ.
როცა დიაბეტით დაავადებულმა ბავშვმა სუნთქვა შეწყვიტა, მისი მშობლები სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად, ეკლესიაში სალოცავად წავიდნენ, - წერს კანადური გამოცემა NATIONAL POST.