კეილინ ბოუენ-რაიტის ვაჟმა კრისტოფერმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი საავადმყოფოებში გაატარა და ამ დროს სრულიად ჯანმრთელი იყო!
ოპერაციების გაუთავებელი ციკლი ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო და 2015 წლამდე გრძელდებოდა, სანამ ჰიუსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა არ შენიშნეს, რომ ქალი მედიცინის მომსახურებით ბოროტად სარგებლობდა.
თავდაპირველად, კეილინმა დაასკვნა, რომ კრისტოფერს რძეზე ალერგია ჰქონდა და რვა წლის მანძილზე, შვილს ხან ერთ, ხან მეორე კლინიკაში გამოკვლევებს უტარებდა.
კრისტოფერის მამა ცდილობდა, ოჯახში შექმნილ პრობლემებზე ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო. სამჯერ სასამართლოც შედგა, თუმცა მოსამართლეები დედას მეტად ენდობოდნენ. კროუფორდს მეურვეობაზე უარს იმ მოტივით ეუბნებოდნენ, რომ კრისტოფერის ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.
„ჩემი არავის სჯეროდა, სანამ ძალიან არ დაგვიანდა“, - განაცხადა ბიჭუნას მამამ.
ამასობაში, კეილინი შვილისთვის ახალ-ახალ დიაგნოზებს თხზავდა. საბოლოოდ, გამოაცხადა, რომ მის შვილს კიბო სჭირდა და ბავშვის მკურნალობისთვის თანხის შეგროვება დაიწყო...
როგორც იქნა, გამომძიებლებს დედის ქცევა საეჭვოდ ეჩვენათ და ვითარების შესამოწმებლად, კრისტოფერის სახლში მივიდნენ. კრისტოფერი მათ ლოგინში, ჟანგბადის ნიღბით აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომელმაც 13 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, სრულიად ჯანმრთელია.
„კრისტოფერი სამჯერ კინაღამ მოკვდა ოპერაციების შემდგომი ინფექციებისგან. ვერასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს, რომ ამდენის გადატანა მოუწია და საშინლად მძულს დედამისი“, - აღიარა კროუფორდმა.
კეილინ ბოუენი ბავშვისთვის ზიანის მიყენების ბრალდებით დააპატიმრეს. ქალმა აღიარა, რომ წლების მანძილზე ექიმებს ატყუებდა, რამაც უამრავი სამედიცინო ჩარევა გამოიწვია.
ამჟამად კეილინ ბოუენ-რაიტი ციხეშია, ხოლო კრისტოფერი სოციალური ზრუნვის დაწესებულებაში იზრდება.